LE ROI GEORGES! - მიქაუტაძეს ვერ აჩერებენ
LE ROI GEORGES! - მიქაუტაძეს ვერ აჩერებენ
21.04.2024
ავტორი: მარიამ მესხი

საფრანგეთის ლიგა 1-ის 30-ე ტურში ჟორჟ მიქაუტაძის „მეცი" კონკურენტ „ლე ავრს" სტუმრად დაუპირისპირდა და უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა. მატჩის ერთადერთი და გამარჯვების მომტანი გოლი კი, სწორედ, ქართველმა ფორვარდმა გაიტანა. მიქაუტაძემ ლიგა 1-ში ზედიზედ მესამე შეხვედრაში, საერთო ჯამში კი ათი გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მეშვიდე ადგილზეა. გარდა გატანილი გოლისა, მიქაუტაძე მთელი თამაშის განმავლობაში ძალიან პროდუქტიული იყო და დუბლის გაფორმებაც შეეძლო. თუმცა, „ლე ავრი" ძელმა იხსნა. აღსანიშნავია, რომ ლიგა 1-ში ქართველი ფეხბურთელებიდან ყველაზე მეტი, 12 გოლი გია გურულის ანგარიშზეა, მიქაუტაძე კი, ამ რეკორდის მოხსნასთან ძალიან ახლოსაა. „მეცი" ამ გამარჯვებითა და სამი ქულით სატურნირო ცხრილში გასავარდნი ზონიდან ამოვიდა და 29 ქულით მეთხუთმეტე ადგილს იკავებს. 28 აპრილს, 31-ე ტურში ჟორჟ მიქაუტაძის კლუბი მეოთხეადგილოსან „ლილს" უმასპინძლებს.


გიორგი ქვილითაიასა და ლაშა დვალის „აპოელი", კვლავაც საჩემპიონო ბრძოლაშია და კვიპროსის ჩემპიონატის 34-ე ტურში „არის ლიმასოლს" უმასპინძლა. ქართველი ფეხბურთელების კლუბმა მნიშვნელოვანი მატჩი ანგარიშით 2-0 მოიგო. ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა გიორგი ქვილითაიამ, რომელსაც ასევე დუბლის გაფორმება შეეძლო, თუმცა, ქართველმა ფორვარდმა პენალტი ვერ გამოიყენა. „აპოელი" 34-ე ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში 72 ქულით პირველ ადგილზეა და „ლარნაკას" 1 ქულით უსწრებს. მომდევნო ტურში ქართველი ფეხბურთელების გუნდი 28 აპრილს, სტუმრად, „ომნიას" დაუპირისპირდება.


სლოვაკეთის ჩემპიონი „სლოვანი"  სტუმრად მეორეადგილოსან „ტრნავას" დაუპირისპირდა. ჯაბა კანკავასა და გურამ კაშიას გუნდმა მორიგი თამაში ანგარიშით 1-2 მოიგო. გურამ კაშიამ მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა, ჯაბა კანკავა კი მატჩის განაცხადში არ ყოფილა. მომდევნო ტურში ვლადიმირ ვაისის გუნდი 28 აპრილს, „სტრედას" დაუპირისპირდება.


ფოტო credit: rmcsport