ქულების მაქსიმუმით და მშრალი კარით - „კვარტალი“ ლიდერია!
ქულების მაქსიმუმით და მშრალი კარით - „კვარტალი“ ლიდერია!
27.04.2024
ავტორი: სფფ / თამარ ჯიშკარიანი


შვიდი ტურის შემდეგ, შვიდი მოგებული შეხვედრა, 37 გატანილი გოლი და არც ერთი მიღებული საკუთარ კარში - ეს არის „კვარტალის" მაჩვენებული, რომლითაც თბილისურმა კლუბმა, ქალთა ლიგის 2024 წლის რეგულარული ჩემპიონატის პირველი წრე დახურა. აღსანიშნავია, რომ შვიდიდან ექვს შეხვედრაში, „კვარტალის" კარს, გუნდში წელს გადმობარგებული თათია გაბუნია იცავდა.


გათამაშების ლიდერმა, მე-7 ტურის შეხვედრა ფოთის სფფ-ს საფეხბურთო ცენტრში ჩაატარა ხობის „კოლხეთის" წინააღმდეგ და დიდი ანგარიშით, 0-14 მოიგო. დღევანდელ მატჩში,  პოკერი ნათია დანელიამ შეასრულა. პირველი წრის დასრულების შემდეგ, გასული სეზონის ტრიუმფატორ დანელიას უკვე 10 გოლი აქვს გატანილი, თუმცა, ბომბარდირთა დავაში ჯერ-ჯერობით მეორე ადგილზეა. „კოლხეთის" წინააღმდეგ კი, დღეს, საერთო ჯამში, 9 ფეხბურთელმა გაიტანა, მათ შორის 11-მეტრიანით, „კვარტალის" მეკარემ თათია გაბუნიამ. თბილისელთაგან დუბლი ანასტასია ბოლქვაძემ და ლიზი კანიამ გაიტანეს, თითო გოლი - მეგი ეჯიბიამ, ნინო პასიკაშვილმა, მარიამ ცისკარიშვილმა და მაია დანგაძემ.


პირველი ტურის ყველა, შვიდივე მატჩი აქვს გამართული თბილისის „ნიკე-ლუსოსაც", რომელიც 15 ქულით მეორე ადგილზეა. სფფ-ს გლდანის საფეხბურთო ცენტრში, „ნორჩი დინამოსა" და „ნიკე-ლუსოს" დაპირისპირება, რომელიც სფფ-ს YouTube არხზე გადაიცემოდა, ნიკელთა გამარჯვებით, 0-4 დასრულდა. ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს, 43-ე წუთზე, ლესლი რამირესმა გახსნა, რომელმაც 69-ე წუთზე დუბლიც გაიფორმა. სხვათა შორის, ქალთა ლიგაში ბომბარდირთა სიას სათავეში, 13 გატანილი გოლით, სწორედ, რამირესი უდგას. შეხვედრის ბოლო ათწუთეულში გოლების გატანა ანა-მარია ბეჟამ (82') და ნინო ბუხრიკიძემ (90') მოახერხეს.


სატურნირო ცხრილის მესამე საფეხურზე, 15 ქულით ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „ლანჩხუთია". თუმცა, გურულებს ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. მე-7 ტურში, ქუთაისში, სფფ-ს საფეხბურთო ცენტრში გურულებს, „მართვემ" უმასპინძლა და 0-7 დამარცხდა. ანგარიში 26-ე წუთზე ირინა ხაბურზანიამ გახსნა, რომელმაც საბოლოოდ დუბლიც გაიფორმა 76-ე წუთზე. დუბლი შეასრულა ეთერ სულაშვილმაც (37', 39'), თითო გოლი ჰანა მარი რასელმა (53'), კელი ნიკოლ გიდესმა (78') და ნინო გუჯაბიძემ (85') გაიტანეს.


ამ ტურის კიდევ ერთი შეხვედრა ბათუმის საფეხბურთო ცენტრში გაიმართა. „ბათუმმა", ქალთა ლიგის დებიუტანტს, „ელიტას" უმასპინძლა და 2-0 გაიმარჯვა. ამ შეხვედრაში ანგარიში გამოცდილმა თამარ სალუქვაძემ გახსნა. გამარჯვების გოლი კი, ეკატერინა მალიშევამ გაიტანა.


11 მაისს,  ქალთა ლიგის მეორე წრე დაიწყება და მე-8 ტურის თამაშები გაიმართება. თუმცა, მანამდე 1 მაისს, მე-6 ტურის გამოტოვებული შეხვედრა გაიმართება „ლანჩხუთსა" და „ნორჩ დინამოს" შორის გაიმართება. ამ შეხვედრას სფფ-ს YouTube არხი შემოგთავაზებთ.