ბრინჯაო ტრადიციულად და ორი ვერცხლი ზაგრებიდან...
ბრინჯაო ტრადიციულად და ორი ვერცხლი ზაგრებიდან...
27.04.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ზაგრების ტატამზე კი, ინდივიდუალური ასპარეზობის ბოლო დღეს, ქართველებმა დარჩენილი ხუთიდან, ძალები ოთხ წონით კატეგორიაში გამოვიდნენ. +78 კგ წონით კატეგორიაში, სასტარტო შეხვედრა სოფო სომხიშვილმა მოიგო. ქართველმა მეტოქეს ჯერ ვაზარი აუღო, საბოლოოდ კი, იპონით გაიმარჯვა. თუმცა, მომდევნო დაპირისპირება სამი შიდოს გამო ფრანგ ჯულია ტოლოფუასთან წააგო. მოგვიანებით ფრანგმა --- მოიგო.
 

მართალია ბრინჯაო, მაგრამ ამ დღეს ევროპის ჩემპიონატზე გათამაშებული მედლების კომპლექტებიდან პირველი -90კგ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაურმა მოეგო. ბექაურმა, რომელმაც ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და პირველი ორი დაპირისპირებაც მოიგო. ლაშამ ჯერ, უნგრელი, შემდეგ ბელგიელი გამოთიშა ასპარეზობას. ბადის მოსაგებ შეხვედრაში კი, აზერბაიჯანის წარმომადგენელ ელჯან ჰაჯიევს დაუპირისპირდა. სწორედ, იმ ჯუდოკას, რომელსაც ქართველმა, თბილისის გრან სლემის ფინალში სძლია. აღსანიშნავია, რომ ლაშას, მარცხი, მომენტალური უყურადღებობა დაუჯდა და მეტოქის ილეთი გაეპარა. უკვე, რეპეშაჟში, ჩვენებურმა ფრანგი ლორის ტასიერი დაამარცხა, ბრინჯაოსთვის კი, აზერბაიჯანის კიდევ ერთ წარმომადგენელს მურად ფატიევს მოუგო. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა ფატიევის ვაზარით დაიწყო. თუმცა, ამის შემდეგ ბექაურმა, მეტოქეს ორი იპონით , რომლიდანაც პირველი გაუუქმეს, უპასუხა. აქვე, გეტყვით, რომ წონა ჰაჯიევმა მოიგო.


ქართულ გუნდს დღეს, ორი წონა გაორებული ჰქონდა. აქედან ერთი, სწორედ -90კგ იყო. აქ, ჩვენი მეორე წარმომადგენელი კი, გიორგი ჯაბნიაშვილი იყო, რომელმაც ასპარეზობა პირველი წრიდან დაწყო და საკმაოდ კარგადაც იასპარეზა, ჯერ რუმინელს მოიგო ორი ვაზარით, შემდეგ კი, მასპინძელი ხორვატი გამოთიშა ასპარეზობას იპონით. თუმცა, შემდეგ, 20 წლის ქართველი, მურად ფატიევთან დამარცხდა და მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა.


ერთი აკორდის აღებასავით გაიარა -100 კგ წონით კატეგორიაში ფინალამდე გზა ილია  სულამანიძემ, რომელმაც რაღა დასამალია და 2024 წელს ცოტა არ იყოს, ქართველ ქომაგს მოანატრა თავი. ქართველმა წელს, IJF-ის მსოფლიო ტურის მხოლოდ ერთ შეჯიბრში, თებერვალში ბაქოს გრან სლემზე იასპარეზა და გაიმარჯვა კიდეც. ამჯერად კი, სულამანიძემ ევროპის ჩემპიონატზე სცადა ბედი. ბადეში, რომელიც მეორე წრიდან დაიწყო, თავდაპირველად ბელგიელი თომა ნიკიფოროვი დაამარცხა, შემდეგ,  უნგრელ  ვეგს მოუგო და 1/2 ფინალში, მასპინძელ ზლატკო კუმრიჩს სძლია. ფინალში ქართველი ნეიტრალური ქვეყნის სახელით მოასპარეზე მატვეი კანიკოვსკის  შეხვდა, დაპირისპირების დასრულებამდე 43 წამით ადრე ვაზარი გაუშვა და მხოლოდ, ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.


იპონით, იპონზე მოიგო ბადეში შეხვედრები +100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გურამ თუშიშვილმა, რომელსაც 1/2 ფინალში, ნეიტრალური გუნდის სახელით მოასპარეზე, ამასთან, საკმაოდ ჭირვეული და უხერხული მეტოქე ტამირლან ბაშაევი შეხვდა. ალბათ, რომ არა წილისყრა, ზაგრებული ევროპის ჩემპიონატის ბოლო ოქროს მედალიც, შესაძლოა ამ წყვილს შორის გათამაშებულიყო, თუმცა, „თუში", ბაშაევი, 1/2 ფინალიდან ჩამოიშორა, ფინალში კი, არანაკლებ სახიფათო, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს ინალ ტასოევთან დაარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.


ამავე წონაში, საწყის ეტაპზევე გამოეთიშა ასპარეზობას საბა ინანეიშვილი. საერთო ჯამში კი, ინდივიდუალურ ასპარეზობებში, საქართველომ 2 ოქროს, 2 ვერცხლის  და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართულმა გუნდმა ამ მაჩვენებლით, საერთო გუნდური პირვლი ადგილი დაიკავა.


აქვე შეგახსენებთ, რომ ხვალ, ევროპის ჩემპიონატზე შერეული გუნდური შეჯიბრია. მედლებისთვის ბრძოლაში ჩვენები მეორე წრიდან ჩაებმებიან.


ფოტო: © EJU / Carlos Ferreira, Gabi Juan