
საქართველოს 4 სტადიონი, 2023 წელს, უეფა-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. საქართველო, რუმინეთთან ერთად, ამ ტურნირის ერთ ერთი მასპინძელი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, აღნიშნულ ტურნირზე ავტომატურად იასპარეზებს.
„ნამდვილად სასიხარულო ინფორმაცია მივიღეთ დღეს უეფა-დან, 2023 წელს საქართველო რუმინეთთან ერთად 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ისევე როგორც რუმინეთის ახალგაზრდული ნაკრები, ჩვენი გუნდი ავტომატურად მიიღებს ფინალურ ეტაპზე მონაწილეობას. ტურნირის მასპინძლობა პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მოხდება საქართველოში ფეხბურთის უფრო მეტად პოპულარიზაცია და ხელშეწყობა. ჩვენი ახალგაზრდებისთვის კი ეს იქნება უდიდესი გამოცდილება, რასაც სამომავლოდ გამოიყენებენ ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ", - ამბობს ლევან კობიაშვილი, სფფ-ს პრეზიდენტი.
ის, რომ უეფას-ს 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანა საქართველო იქნება, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 3 დეკემბერს გამართულ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე გადაწყვიტა.
16 ევროპული ნაკრები ოთხ ჯგუფში გადანაწილდება. თითოეული ქვეყანა ორ-ორ ჯგუფს უმასპინძლებს. ჩემპიონატის დებულების თანახმად, ორივე მასპინძელი ქვეყანა - საქართველო და რუმინეთი ფინალურ ეტაპზე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე ითამაშებს. საქართველოში თამაშები 4 სტადიონზე, ბათუმში, ფოთში და თბილისის 2 სტადიონზე, („დინამო არენაზე" და „მიხეილ მესხის სახელობის" სტადიონზე გაიმართება. საქართველო, ჯგუფური ეტაპის მატჩებთან ერთად, 1/4-ფინალური ეტაპის ორ და ერთ 1/2-ფინალურ მატჩსაც უმასპინძლებს. ევრო 2023-ი რუმინეთში გაიხსნება, ხოლო ფინალური მატჩი ბათუმის სტადიონზე ჩატარდება.
„მსგავსი მასშტაბის ტურნირი ჩვენ ქვეყანაში ჯერ არ ჩატარებულა... ეს არის კიდევ ერთხელ დასტური ჩვენი და უეფა-ს წარმატებული თანამშრომლობისა და მხარდაჭერის ჩვენი და ზოგადად ქართული ფეხბურთის მიმართ", - ამბობს ლევან კობიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 2020 წელს საქართველოში 19-წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი უნდა გამართულიყო, თუმცა, კორონა ვირუსის პანდემიის გამო, აღნიშნული ტურნირი გაუქმდა. რამდენიმე წლის წინ, საქართველოს ვაჟთა შორის ევროპის 19-წლამდეთა ჩემპიონატსაც უმასპინძლა, თუმცა, ახალგაზრდული ნაკრებების ფინალური ტურნირის მსგავსი, დამოუკიდებელ საქართველოში არ ჩატარებულა.
აქვე გეტყვით, რომ 1985 წელს, როდესაც სსრკ-ში ფიფა-ს ახალგაზრდული ჩემპიონატი ჩატარდა, საქართველოს და თბილისს პატივი ერგო, ემასპინძლა როგორც ჯგუფური, ასევე ფლეი-ოფის მატჩისთვისაც.
ფოტო: dfb.de





ჩვენ








