საქართველოს თასი „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსმა“ მოიგო
საქართველოს თასი „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსმა“ მოიგო
08.05.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალში საქართველოს თასის 2025 წლის გამარჯვებული გამოავლინეს. ფინალში, საქართველოში ფუტსალის ყველაზე ტიტულოვანი, გამოცდილი და რეალურად ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებით დაბალანსებული „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი", „დინამო თბილისს" დაუპირისპირდა, რომელმაც, ფუტსალში, განსხვავებით დიდი ფეხბურთისგან და კლუბის ზურგს უკან არსებული ისტორიიდან ფეხი მხოლოდ, რამდენიმე წელია აიდგა და ძლიერთა შორისაც მიმდინა სეზონში ამობარგდა.


ბუნებრივია, ეჭვიც არავის შეჰპარვია, რომ ამ წყვილში, ფავორიტი „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი" იქნებოდა, თუმცა, დინამოელებმა იბრძოლეს, განსაკუთრებით პირველ ტაიმში და რამდენჯერმე ჩვენი ნაკრების და ნიუვიჟენელების მეკარეს თორნიკე ბუკიასაც მოუხდა საქმეში ჩაბმა. ამას გარდა, „დინამო თბილისის" ფეხბურთელებს, მთელ რიგ მომენტებში გამოცდილება აკლდათ და ბურთმაც, რამდენჯერმე მილიმეტრებში ჩაუარა მეტოქის კარს. ეს ყველაფერი კი, ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსის" დომინაციის ფონზე ხდებოდა.


შეხვედრაში პირველი გოლი კი, 13'39'' წუთზე გამოცდილმა ვახტანგ კეკელიამ გაიტანა. მალევე, 15'24'' წუთზე იტალო ბსილიომ ანგარიში ორამდე გაზარდა და „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსმაც" პირველი ტაიმი 2-0 მოიგო. აი, მეორეში კი, საქმეში მართალია საკლუბო ფორმაში, მაგრამ ის, გუნდი ვიხილეთ, რომელიც საქართველოს ღირსებას ევროპის ფუტსალის ჩემპიონატზე იცავდა. მეორე ტაიმის სტარტზევე 20'19'' და 20'40'' იტალომ კიდევ ორი გოლი გაიტანა და ჰეთ-თრიქი ჩაიწერა აქტივში. 26'55'' და 34'43'' კი, დუბლი ვახტან ჯვარაშვილმა გაიფორმა. თითო გოლი დავით ხეჩიკაშვილმა (37'00'') და ლაშა კურტანიძემ (37'55'') გაიტანეს. ერთადერთი, პრესტიჟის გოლი, დინამოელთაგან 27'10 წუთზე, ლაშა-გიორგი ობოლაძემ გაიტანა. „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსმა" კი, 8-1 გაიმარჯვა და საქართველოს თასის მფლობელი გახდა.


გამარჯვებულებს მედლები და პრიზი, საქართველოს ფუტსალი ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან ცქიტიშვილმა გადასცა.



აქვე გაგაცნობთ გუნდების შემადგენლობები:


„ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი" - სასტარტო: თორნიკე ბუკია (#12), ვილიან სოუზა (#6), ირაკლი თოდუა (#9), იტალო ბსილიო (#27), რონინიო (#77); სათადარიგო სკამი: ბექა ტყემალაძე (#1), შოთა თოფურია  c  (#7), ვახტანგ კეკელია (#8), ვახტანგ ჯვარაშვილი (#10), დავით ხეჩიკაშვილი (#11),  ლაშა კურტანიძე (#20),ნიკოლოზ გაბრიჩიძე (#21).



„დინამო თბილის" - სასტარტო: ლუკა ხარშილაძე (#22), თეიმურაზ ექიზაშვილი (#3), ლაშა-გიორგი ობოლაძე  c  (#7), კახაბერ მაისაია (#9), ბექა ონიანი (#33); სათადარიგო სკამი: საბა ჯომიდავა (#18), ალექსანდრე ცირეკიძე (#6), ლაშა კაკაჩია (#8), დავით ხუბუტია (#10), გიგა ლაგაზაშვილი (#11), კახა მაღლაკელიძე (#12), ბექა მაისაია (#77), მიშო მალაციძე (#88).