როცა ბრძოლაში აგებ, ტრიბუნაც მადლობას გიხდის...
როცა ბრძოლაში აგებ, ტრიბუნაც მადლობას გიხდის...
12.07.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს თელავში, სტარტი აიღო 19-წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატმა, რომელშიც ევროპის საუკეთესო ცხრა გუნდთან ერთად, საქართველოს გოგონათა ნაკრებიც მონაწილეობს. თელავის სპორტის სასახლეში პირველი ეტაპის თამაშებს, საერთო ჯამში ოთხ შეხვედრას, ჩვენი გუნდი, ერთსა და იმავე დროს, 16:30 ჩაატარებს (იხილეთ ბმული), ასე რომ საქომაგოდ თადარიგის აღება თავისუფლად შეგიძლიათ.  


დღეს კი, გახსნით შეხვედრას საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი დაესწრო. საქართველოს ნაკრები იტალიის 19-წლამდე გუნდს დაუპირისპირდა. ჰიმნების ომახიანად შესრულების შემდეგ, რომელმაც რაღა დაგიმალოთ და „დრაივი" წამოიღო, ანგარიში იტალიელებმა გახსნეს, თუმცა, ჩვენებმაც ტოლი არ დაუდეს და მალე ორი ბურთით, დაწინაურდნენ კიდეც. რეალურად, იმ შეცდომების და ალბათ, უფრო სასტარტო მღელვარების ფონზე, რომელიც ორივე გუნდს ემჩნეოდა, თუ არ ჩავთვლით, მეორე ტაიმის ერთ მონაკვეთს, რომელშიც იტალიელებმა 6 ბურთით გაქცევა მოახერხეს, მატჩმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა. გარდამტეხი კი, ჩვენი აზრით, პირველი ტაიმის ბოლო წუთები იყო, რომლის დროსაც, ჩამორჩენამ სამი ბურთი შეადგინა, პირველი ტაიმი 15-12 წავაგეთ.


მეორე ტაიმში იტალიელებმა სწორედ, ამ სამ-ბურთიანი სხვაობის ხარჯზე მოახერხეს ფონს გასვლა და საბოლოოდ, მხოლოდ ორი ბურთით 24-22 გაიმარჯვეს. ჩვენი აზრით, დღეს ქართულ გუნდში, ყველაზე მეტი მადლობა მეკარეს, ნატალი საბაშვილს ეკუთვნის, რომელსაც საერთო ჯამში, 7 „სეივი" დაუგროვდა. ჩვენი გუნდის მეორე მეკარის, ანანო გაწერელიას კი მხოლოდ 1.  იტალიელებმა, ქართველთა გუნდის კარში სულ 32-ჯერ დაარტყეს. ალბათ, აქვე უნდა აღვნიშნოთ, იტალიელთა მეკარის თავდადებაც, რომელსაც ჩვენმა ხელბურთელმა გოგონებმა 34-ჯერ დაურტყეს და მარგერიტა დანტიმ 13-ჯერ იხსნა კარი გოლისგან.


რადგან სიტყვამ „მადლობა" მოიტანა, ჩვენ კი, აქცენტი მეკარეზე გავაკეთეთ, არასწორი იქნებოდა იმის უთქმელობა, რომ ზოგადად, დღევანდელ თამაშში, საქართველოს გოგონათა 19-წლამდე ნაკრებმა შესაშური ბრძოლისუნარიანობა და ხასიათი გამოავლინა. ნეტა, სხვა სპორტის სახეობებშიც ამ ასაკში, ყველა ასე იყოს მონდომებული. ამიტომ, ბრძოლისთვის, მადლობა მთელს გუნდს ეკუთვნის - იმედია, ხელბურთელი გოგონები, ამ „მადლობასაც" თავის ადგილს მიუჩენენ და უკვე ხვალ, უფრო შემართებულები გამოვლენ მოედანზე.


დღევანდელ შეხვედრაში კი, ჩვენი გუნდიდან გოლები 6 ხელბურთელმა გაიტანა: თეკლა ძამუნაშვილი (#13 / 8 გოლი), მარიამ ლაფერაძე (#7 / 5 გოლი), მარიამ ოდიკაძე (#10 / 3 გოლი), ლიზი ქაჯაია (#47 / 3 გოლი), გვანცა რურუა (#11 / 2 გოლი) და ანა კოვზირიძე (#31 / 1 გოლი).    


მატჩის შემდეგ, ნატალი ფასლერი იტალიის ნაკრებიდან, რომელმაც 6 გოლი გაგვიტანა, საუკეთესოდ დასახელდა სტუმართა გუნდიდან, ჩვენგან კი, საუკეთესო, თეკლა ძამუნაშვილი გახდა. სხვათა შორის, თეკლამ ამ შეხვედრაში ორივე გუნდის შემადგენლობიდან ყველაზე მეტი, 8 გოლი გაიტანა. ჩემპიონატის პირველი საასპარეზო დღის შემდეგ, თეკლა ბომბარდირთა შორისაა და იმ 6 სპორტსმენთან ერთად, ვისაც 8 გოლი აქვს გატანილი, ამ დავაში მეორე ადგილს იყოფს, სლოვაკი ნინა ლეტკოვას შემდეგ, რომელმაც ტურნირის დაწყების დღეს, 9 გოლი გაიტანა.


დღეს, თელავის სპორტის სასახლეში საერთო ჯამში 5 შეხვედრა გაიმართა:


დიდი ბრიტანეთი - უკრაინა 28-32

ბელგია - სლოვაკეთი 28-34

ისრაელი - ლუქსემბურგი 21-33

იტალია - საქართველო 24-22

კოსოვო - ბულგარეთი 31-21


ხვალ, თელავის სპორტის სასახლეში თამაშები კვლავ 10:30 საათიდან განახლდება (იხილეთ ბმული), საქართველოს ნაკრები კი, 16:30 საათზე ბელგიას დაუპირისპირდება.



ფოტო: ხელბურთის ფედერაცია