
თითქმის ორთვიანი შესვენების შემდეგ 13 სექტემბერს, ქალა ლიგის საჩემპიონო მარათონი განახლდა. შეგახსენებთ, რომ საჩემპიონო რბოლაში ოთხი კლუბი - „ნიკე-ლუსო", „ლანჩხუთი", „კვარტალი" და „ელიტა" ზედა ჯგუფში ასპარეზობენ. გუნდებს კი, გათამაშების ამ ეტაპზე ურთიერთშეხვედრების მაჩვენებლები აქვთ გადმოყოლილი. ამრიგად, ზედა ჯგუფის პირველ ტურამდე, ოთხეულს „ნიკე-ლუსო" ედგა სათავეში, რომელიც „ლანჩხუთს" 3 ქულით უსწრებდა. მოცემულობა არც პირველი ტურის შემდეგ შეიცვალა, ვინაიდან, ორივე გუნდმა შეხვედრები მოიგო.
„ნიკე-ლუსო" თბილისში, სფფ-ის დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრში „ელიტას" დაუპირისპირდა და 3-0 გაიმარჯვა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ თბილისურ დერბიში პირველი ტაიმი საკმაოდ საინტერესო გამოვიდა და ორივე გუნდს, ანგარიშის გახსნის საშუალება ჰქონდა. „ელიტას" რიგებიდან, ნათია ჯოჯუას გამოვარჩევდით, რომელსაც რეალურად პირველს შეეძლო ანგარიშის გახსნა 27-ე წუთზე და საკუთარ გუნდში ლიდერიც იყო. 35-ე წუთზე უკვე მასპინძელთა ბრაზილიელი ლეგიონერის გაბრიელ და სილვა სანტოსს ჰქონდა გოლის გატანის შესაძლებლობა, თუმცა, „ელიტას" კარი, რომელსაც ამ ტაიმში ეკა თაბაგარი ყურადღებით იცავდა, ხარიხამ იხსნა. მეორე ტაიმში კი, სტანდარტულის შემდეგ, 48-ე წუთზე თეონა ბაქრაძემ გახსნა და მასპინძლები დააწინაურა. 58-ე წუთზე ბაქრაძის „მაკრატელას" შემდეგ, რომელსაც ბევრი კაცი ფეხბურთელიც მოაწერდა ხელს, „ნიკე-ლუსო" ორი ბურთით იგებდა. შესაბამისად, თამაშმაც ხასიათი შეიცვალა და მეორე ტაიმი მასპინძელთა სრული უპირატესობით ჩატარდა. 64-ე წუთზე ბაქრაძემ ჰეთ-თრიქი გაიფორმა.
2025 წლის სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე ბაქრაძეს 32 გოლი დაუგროვდა და ორი გოლით უსწრებს „ლანჩხუთის" ფეხბურთელს ეთერ სულაშვილს, რომელმაც ბაქრაძის მსგავსად, განახლებულ ჩემპიონატში ჰეთ-თრიქი შეასრულა.
გვიმბალაურის სფფ-ის საფეხბურთო ცენტრში „ლანჩხუთმა" „კვარტალს" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით, 6-0 გაიმარჯვა. ამ შეხვედრაში, ანგარიში სწრაფი გოლით, მე-8 წუთზე ანასტასია ბოლქვაძის გოლით გაიხსნა. 27-ე წუთზე, სტუმრების ავტოგოლის წყალობით, გურულების გუნდმა პირველი ტაიმი ორბურთიანი უპირატესობით მოიგო. მეორე ტაიმის დასაწყისში კი, ეთერ სულაშვილმა (47', 52' 80') ანგარიში სამამდე გაზარდა და საბოლოოდ, სამი გოლიც გაიფორმა. ლანჩხუთელთაგან, კიდევ ერთი გოლი გუნდის ლეგიონერმა ჩისომ ონიევუენიმ (68') გაიტანა.
ქვედა ჯგუფი
ქვედა ჯგუფში კი, ამ დღეს, მეორე ტურის მატჩები გაიმართა. მორიგი შეხვედრა მოიგო და ჯგუფს ლიდერობს „ბათუმი", რომელმაც ლეონიძის საფეხბურთო ცენტრში „სამეგრელოს" უმასპინძლა და 4-0 გაიმარჯვა. ანგარიში სწრაფი გოლით, მე-6 წუთზე თათია შაინიძემ გახსნა. ნათია თავართქილაძის (29') გოლის შემდეგ, აჭარულმა გუნდმა პირველი ტაიმი 2-0 მოიგო. მასპინძლები მეორე ტაიმშიც ფლობდნენ უპირატესობას და ერთ-ერთი მომენტში, სტუმრებს კიდევ ერთი შეცდომა დააშვებინეს, 64-ე წუთზე „სამეგრელოს" ავტოგოლის შემდეგ, ანგარიში კიდევ გაიზარდა. წერტილი კი, ამ შეხვედრაში, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ნინო აბულაძის გატანილმა 11-მეტრიანმა დაუსვა.
ქალთა ლიგაში კიდევ ერთი ჰეთ-თრიქი, ამბროლაურში, აგრანო ვაჩაძის სტადიონზე კესო მეტონიძემ შეასრულა, რომელსაც თავის მხრივ, ქალთა ლიგის გათამაშებაში, 32 გოლი დაუგროვდა. მისმა გუნდმა კი, რომელიც ქალთა ლიგის დებიუტანტია, ქვედა ჯგუფში მეორე შეხვედრა მოიგო და ამჯერად ქართული ქალთა ფეხბურთის ერთ-ერთი ისტორიული კლუბი, ქუთაისის „მართვე" 3-2 დაამარცხა. პირველი ტაიმის შემდეგ „რაჭა 2020" 2-0-ს იგებდა. თუმცა, მეორე ტაიმის სტარტზევე, მანონი საღარაძის გოლის წყალობით, ქუთათურებმა ერთი გოლით შეამცირეს ანგარიში. 63-ე წუთზე მეტონიძემ სტატუს-კვო აღადგინა. ამას დაემატა ისიც, რომ სტუმრებს ფეხბურთელი გაუძევეს, თუმცა, გამოცდილების ხარჯზე, სიმცირეში მყოფმა „მართვემ" ტაიმის მიწურულს, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მე-5 წუთზე გამოცდილი თეონა თოდაძის პენალტით, სხვაობა კვლავ ერთ ბურთამდე შეამცირა.
ქვედა ჯგუფის მეორე შეხვედრა მოიგო „ვერემაც". თბილისურ დერბიში, სფფ-ის გლდანის საფეხბურთო ცენტრში, სტუმრებს არ გასჭირვებიათ, გათამაშების აუტსაიდერის „ნორჩი დინამოს" დამარცხება 0-13. პირველი ტაიმის შემდეგ, სტუმართა გუნდი უკვე ექვსი ბურთით იგებდა. საბოლოოდ კი გათამაშების აუტსაიდერს ცამეტი უპასუხო გოლი გაუტანა: ლიზი გუგეშაშვილი (5'), მარიამ მოდრეკილაძე (15', 40', 64', 79'), ეკატერინე ხარაიშვილი (24'), ანასტასია ვალკიდი (32', 74', 81'), მარიამ იზაბელა მელიქიშვილი (35', 49', 61'), ანა კულდონაშვილი (54').
ქალთა ლიგის გათამაშების მომდევნო სათამაშო დღე 20 სექტემბერს არის ჩანიშნული ამ დღეს ქალთა ლიგის ზედა ჯგუფის მეორე და ქვედა ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრებია დაგეგმილი.
20 სექტემბრის, უმნიშვნელოვანესი შეხვედრა კი, თბილისში, სფფ-ის დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრში გაიმართება, რომელშიც „ნიკე-ლუსო", „ლანჩხუთს" უმასპინძლებს.
ფოტო: მარიამ რევიშვილი - „ნიკე-ლუსო"