
დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ესპანურ (მთავარი მწვრთნელი რუბენ გარაბაიასა და მისი თანაშემწეების პაბლო კამპოსი და ხავიერ სალვადორი) სამწვრთნელო შტაბთან ერთად, გულშემატკივრისთვის და მედიისთვის პირველი ღია ვარჯიში ჩაატარა. მოგეხსენებათ, მას შემდეგ რაც გუნდს, ახალი მთავარი მწვრთნელი რუბენ გარაბაია წარუდგინეს, მედიისთვის გაირკვა, რომ ნაკრები ახალ სამწვრთნელო შტაბთან გაცნობითი ხასიათის ერთკვირიან შეკრებასაც გაივლიდა.
„ტაქტიკურ და ტექნიკურ დეტალებზე ვმუშაობთ, უკეთესი გზის პოვნას ვიწყებთ. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ტრავმირებული მოთამაშე გვყავს. მათ ჯერ არ აქვთ სრულფასოვანი ვარჯიშს საშუალება", - ამბობს რუბენ გარაბაია, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

ვინაიდან სიტყვამ ტრავმირებულები მოიტანა, გეტყვით, რომ კვლავ რეაბილიტაციას გადის ნაკრების კაპიტანი თეიმურაზ ორჯონიკიძე, რომელიც ამ ვითარებაშიც კი, ტრადიციულად კვლავ, ნაკრებთან ერთად არის. არასრული შემადგენლობით, ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები სასტუმრო პულმანში იყო დაბანაკებული და თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დღეში ორჯერ ვარჯიშობდა. ახალი სისტემა, რომელზეც არა მხოლოდ ეროვნული ნაკრები, არამედ მალე ასაკობრივი გუნდებიც აეწყობიან, იყო სიახლეებით აღსავსე, თუმცა, მოთამაშეებისთვის ნაცნობი.
„ესპანური სისტემით ვივარჯიშეთ, რაც პირადად ჩემთვის ახალი არ არის. ასე თამაშის გამოცდილება უკვე მაქვს. სხვათა შორის, პრაქტიკამ აჩვენა, რომ ესპანელებს საკმაოდ კარგი სისტემა აქვთ. დანარჩენი კი მერე და მერე გამოჩნდება. ახალ სამწვრთნელო შტაბს საქართველოს ნაკრებთან ერთად წარმატებებს ვუსურვებ. ვიმედოვნებ, რომ ესპანური სკოლა კვლავაც გაამართლებს", - ამბობს მირიან გავაშელიშვილი „ოსტროვიას" ლეგიონერი.

„ახლებური, თანამედროვე სისტემა შემოაქვს მწვრთნელს, თუმცა, იყო ისეთი რაღაცებიც, რისი სავარჯიშო გამოცდილებაც უკვე გვაქვს. რაც შეეხება თავად სპეციალისტს, იგი დიდი გამოცდილების მქონეა. იმედი გვაქვს, კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდება. ჯერჯერობით, მხოლოდ წმინდა სპორტული, საქმიანი კომუნიკაცია გვაქვს, გავდივართ თეორიულ-ტაქტიკურ სწავლებას და შემდგომ უკვე მოედანზე ვცდილობთ ამ ყველაფრის განხორციელებას. ვნახოთ, რა და როგორ იქნება", - ამბობს ხაზეინ რუსტამოვი, „კონსტანტა" ლეგიონერი.
ამ გაცნობითი ხასიათის შეკრების შემდეგ, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ნოემბრის თამაშების წინ შეიკრიბება. სწორედ, შემოდგომაზე დაიწყებს ჩვენი გუნდის საკვალიფიკაციო ჯგუფურ ეტაპს, სადაც სახლი-გასვლის პრინციპით ნორვეგიის, თურქეთისა და ავსტრიის ნაკრებებთან მოუწევს ასპარეზობა.

ფოტო: ხელბურთის ფედერაცია





ჩვენ








