
„ქალაქი, როგორც იდენტობა და მაისური, როგორც ამბავი" - სწორედ, ამ ამბის მოყოლა და საზოგადოებისთვის შეხსენება გადაწყვიტა ქართულმა საფეხბურთო კლუბმა „გაგრამ" , რომელმაც დღეს, კლუბის ერთ-ერთი სათამაშო ფორმის ახალი დიზაინი წარადგინა.
სანამ ჩვენ გვახსოვს გაგრა და აფხაზეთი, მანამდე ის, დაკარგული არ არის, ეს ფრაზა დღეს, თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე საზიარო სამუშაო სივრცეში „ტერმინალი", საფეხბურთო კლუბი „გაგრას" პრეზიდენტმა ბესო ჩიხრაძემ რამდენჯერმე გააჟღერა. ისევე, როგორც ის ფაქტი, რომ აქვს 30-კაციანი (ორგანიზაცია) სია, ვისაც კლუბის სასპონსორო შეთავაზები გაკეთებას უპირებს და მერე, ვინ რა პასუხს მეტყვი და რა შედეგი იქნება, ცალკე გიამბობთო.
საქართველოში ფეხბურთი არ უყვართ, უყვართ კონკრეტულ მომენტებში წარმატებით გამოწვეული ეიფორია, რასაც პირდაპირ მოგებაზე გაჰყავს ესა თუ ის ბიზნესი, სხვა შემთხვეაში, ბიზნესის წარმომადგენლები, ფეხბურთში თანხას სამწუხაროდ არ დებენ, მაგალითად ისე, როგორც ამას მეზობელ სომხეთში აკეთებენო. ჩიხრაძე, სივრცეში შეკრებილ აუდიტორიას და მერე, ჟურნალისტებსაც, ამ ფაქტს კიდევ ერთხელ გაგვიმეორებს. რა დასამალია და ასე, რომ არის ამას, შორს რომ არ წავიდეთ, მედიის წარმომადგენლებიც ხშირად ვეჩეხებით, როდესაც იმავე ფეხბურთელების მომენტების გზის აღსაწერად, ბიზნეს სექტორის დაუინტერესებლობის გამო, ხშირად, მათ შორის დიდ ფორუმებზეც, როგორიც ევროპის ჩემპიონატია, საკუთარი ხარჯით გვიწევს წასვლა - აქ ლაპარაკია, არა მსხვილ და ზოგად მედია მწარმოებლებზე და ბეთის სატელიტ სპორტულ გვერდებზე, არამედ, სპორტულ მედიაზე, რომელიც რეალურად ანგარების გარეშე, წლებია ქართული სპორტის ისტორიის შენახვას ცდილობს. თუმცა, ეს სხვა თემაა, ამიტომ დავუბრუნდეთ „ტერმინალს" და იქ განვითარებულ ღონისძიებას, რომელსაც ქართული სპორტული მედიის ნაწილის, საფეხბურთო კლუბი „გაგრას" (თითქმის სრული შემადგენლობით) და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.
„ტერმინალში" ამ დღეს, ეროვნულ ლიგაში მოთამაშე საფეხბურთო კლუბის „გაგრას" მესამე სათამაშო ფორმა წარადგინეს. თეთრი და ლურჯი ფორმის გარდა, ამიერიდან „გაგრას" მესამე, შავი ფერის ფორმის შეძენაც შეეძლება და მისი ღირებულება 239 ლარი იქნება. თუმცა, ამ შავი ფერის ფორმასთან დაკავშირებით, მთავარი ის გარემოებაა, რომ ფორმის დიზაინი, შავი ზღვისპირა ქალაქის ადრეული შუა საუკუნეების, ასევე ცნობილი, 1903 წელს აშენებული რესტორანი „გაგრიფშის" მიხედვით დამზადებული ორნამენტებით არის გაჯერებული. დეტალები მკრთალი თეთრი ფერის ორნამენტების სახით არის დატანილი შავ ფორმაზე, „მშობლიური ქალაქის მოგონება და დაბრუნების იმედი, ჩვენს კლუბსა და ამ ფორმაში ცოცხლობს"-ო თვლიან კლუბის მესვეურები.
სხვათა შორის, ფორმის პრეზენტაციისას, კლუბის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მაისურის დიზაინზე მომუშავე ორ ახალგაზრდა კაცს, საკმაოდ საინტერესო გამოცდილება აქვთ, ტურინის „იუვენტუსის" ერთ-ერთ ფორმაზე მუშაობის. თავად ფორმა, დღეს წარდგენილი ფორმა გვაქვს მხედველობაში კი, თურქეთში, იმ საწარმოში იკერება, სადაც ბევრი ცნობილი კლუბის, მათ შორის სხვა იტალიური კლუბის, „ინტერის" ფორმაო.
ახალი ფორმის გარდა, კლუბში სხვა საინტერესო ცვლილებებზეც ფიქრობენ. მაგალითად არ გამორიცხავენ, რომ გუნდში აფხაზი ფეხბურთელების ინტეგრაცია მოხდეს. თუმცა, ეს გრძელი და შრომატევადი სამუშაოა. მანამდე კი, შეგახსენებთ, რომ ქართულ საკლუბო ფეხბურთში ამჯერად შესვენებაა გამოცხადებული. ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე კლუბები, მათ შორის „გაგრა" კი, განახლებული სეზონისთვის ინტენსიურად ემზადებიან. განახლებულ სეზონში „გაგრა", რომელიც ამ ეტაპზე სატურნირო ცხრილში ბოლოდან მეორე, მე-9 ადგილზეა, პირველ შეხვედრას 8 აგვისტოს, ბათუმში, ადგილობრივი „დინამოს" წინააღმდეგ გამართავს. თუმცა, შავი ზღვისპირულ დერბიმდე, „გაგრა" 27 ივლისს, თბილისში, „შატილის" სტადიონზე, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16 ფინალში „სამცხეს" დაუპირისპირდება.





ჩვენ








