„კვარამ“ გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ჩაიბარა და ახლის სასტარტო არ ითამაშა
„კვარამ“ გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ჩაიბარა და ახლის სასტარტო არ ითამაშა
10.09.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ტაქტიკური როტაცია და არა რაიმე ამოჩემება, ასე ხსნის ფრანგული მედია ლუის ენრკე გადაწყვეტილებას უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2026-2027 წლის სასტარტო შეხვედრაში სკამზე დაეტოვებინა ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც მატჩის დაწყებამდე ტურნირის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცეს. თამაშის შემდეგ, რომელშიც პსჟ-მ 6-1 დაამარცხა ბრატისლავას „სლოვანი", ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულის მთავარი მწვრთნელი იტყვის, რომ „კვარა" ის ფეხბურთელია, რომელმაც ხვალ, შეიძლება „ოქროს ბურთიც" მოიგოს და მანაც გამოსცადოს ის გრძნობა, როგორც შარშან, როდესაც სტადიონი მღეროდა „უსმან ბალონ დოორ", საკუთარ თავზეო.


მიუხედავად ამისა, განსაკუთრებით ქართული საზოგადოება ეჭვმა მოიცვა, ხომ არ აკეთებდა ამას ფრანგული კლუბი იმის გამო, რომ ქართველს, „ოქროს ბურთისთვის" ხმის მიცემის პროცესში ხელი შეშლოდა. თამაშის შემდეგ, ფრანგული მედიის სტატიებიდან თუ ვიმსჯელებთ ამის საშიშროება არ არის და აი რატომ:


ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L'Équipe-ი, რომელიც იმავე მედია-ჯგუფის წევრია, რომელიც Ballon d'Or-ის ორგანიზატორ France Football-ს ფლობს, აცხადებს, რომ კვარაცხელიას 2026 წლის ოქროს ბურთის მოგების მთავარი ფავორიტია. შესაბამისად, მედიის მხრიდან მისი „ხელოვნურად ჩრდილში მოქცევის" ინტერესი არ არსებობს.  


ასევე ამობენ, რომ ხვიჩას კანდიდატურას აქტიურად უჭერენ მხარს როგორც ფრანგული ფეხბურთის ლეგენდები, ასევე გავლენიანი სპორტული ჟურნალისტები. საფრანგეთში ხაზს უსვამენ, რომ „კვარამ" პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო, გახდა ტურნირის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და მისი დამსახურებები კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას.


ფრანგი ანალიტიკოსების აზრით, კვარაცხელიას სტატუსს და აღიარებას ერთი მატჩის გამოტოვება საფრთხეს ვერ შეუქმნის, რადგან ხმის მიცემის პროცესში გადამწყვეტი მისი გასული სეზონის ფენომენალური მიღწევებია.


ალბათ, ამ შემთხვევაში, კითხვის ნიშნები ისიც განსაკუთრებით „ეჭვიანი" ხალხისთვის შესაძლოა იყოს, მხოლოდ კონტრაქტის თემა, რომელზეც ასევე ბევრს ლაპარაკობენ ფრანგულ მედიაში და ქართველის მიერ ჯერ ისევ ხელმოუწერელია. იწერება და ხშირად იმეორებენ იმის შესახებ, რომ პარიზული კლუბი სასწრაფოდ ამზადებს ხვიჩასთვის ახალ, კიდევ უფრო სარფიან კონტრაქტს. კლუბს სურს, ხელშეკრულება ოქროს ბურთის (Ballon d'Or) დაჯილდოების ცერემონიამდე გააფორმოს, სადაც ქართველი ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიიჩნევა.


მაშინ გამოდის, რომ ამ ხერხით კვარას გადაწყვეტილების მიღების დაჩქარებისკენ უბიძგებენ.


ზოგიერთი გამოცემის ენრიკემ მკაფიოდ მიანიშნა, რომ პსჟ-ში ხელშეუხებელი ავტორიტეტები არ არსებობენ. მიუხედავად იმისა, რომ თამაშის წინ კვარამ საზეიმოდ ჩაიბარა ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის (MVP) პრიზი, მწვრთნელისთვის ეს მოცემულ მომენტში სასტარტოში ადგილის გარანტია არ აღმოჩნდა.


თუმცა, მე ჩემს „შეთქმულების თეორიას" დავუბრუნდები, რომელსაც სპორტული კლუბები ხშირად მიმართავენ და მათ შორის გრანდებიც. „ოქროს ბურთის" ხმის მიცემის პროცესში ჟურნალისტების განწყობაზე, ბუნებრივია, ბოლო შთაბეჭდილებებიც უდიდეს გავლენას ახდენს. როდესაც ხმის მიცემის დასრულებამდე სულ რაღაც ორიოდე კვირა რჩება, ნებისმიერი თამაში, სადაც ფეხბურთელი მოედანზე ბრწყინავს, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე, თან ოთხშაბათობით, მის აქტუალობას პიკზე ინარჩუნებს. აი, სკამზე ჯდომა კი, პირიქით, საინფორმაციო სივრციდან გინდა თუ არ გინდა, აქრობს. ამან კი, ამომრჩეველი, რომელიც  ჯერ კიდევ მერყეობს და არ იცის, ვისი მისცეს ხმა,  ხვიჩას კონკურენტებისკენ შეიძლება გადაიქაჩოს.


თუკი, პსჟ-ს ხელმძღვანელობა, ან მწვრთნელი ამ მომენტს ფეხბურთელზე ზეწოლის ბერკეტად იყენებს, ეს ორმაგად დაუნდობელი ნაბიჯია - კონტრაქტით თამაშით კლუბმა იცის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხვიჩასთვის „ოქროს ბურთის" ნომინაციაში მაქსიმალურად მაღალი ადგილის დაკავება, ან სულაც მოგება. შესაბამისად, ვიდრე კონტრაქტი არაა ხელმოწერილი ერთადერთი ბერკეტი მტკივნეული წერტილზე ხელის დაჭერაა. სწორედ ამ კრიტიკულ პერიოდში „კვარას" დასმა სათადარიგო სკამზე არის სიგნალი: „თუ გსურს გქონდეს გლობალური სცენა შენი ამბიციებისთვის, ჩვენი პირობები უნდა მიიღო". შესაბამისად ვერსია, რომ ეს არის მიზანმიმართული და ტაქტიკურად გათვლილი სვლა კლუბის მხრიდან, ფეხბურთის დიდ კულუარებში სრულიად რეალისტურად გამოიყურება.


L'Équipe-ის ინფორმაციით, „კვარას", რომელიც სკამდე დარჩა 100%-ით ჯანმრთელად არის, თუმცა, ლუის ენრიკემ გუნდის ლიდერის ენერგია სხვა მატჩებისთვის გადაწყვიტა დაეზოგა, რადგან წინ დიდი მარათონიაო. თუმცა, პსჟ-ს მთავარი მწვრთნელის „ექსპერიმენტზეც" ამახვილებს ყურადღებას, ე.წ. ახალ შემტევ ტრიოზე - უსმან დემბელე, ფერან ტორესი და მაგნეს აკლიუში, რათა შეტევაში განსხვავებული ვარიანტები ჰქონდეს. „სლოვანი" კი, გამოსაცდელად კარგ პოლიგონად მიიჩნია. ამით ესპანელი სპეციალისტი ბრედლი ბარკოლასა და გონსალო რამუშის ადგილების შევსებას ცდილობსო.


„თითქმის ყველაფერი მომეწონა, რაც მოედანზე ვნახე. ჩვენ გვჭირდება ინდივიდუალური და კოლექტიური პროგრესი, სეზონი გრძელია. გუნდში კონკურენცია მაღალია და მიხარია, როცა ყველა შანსს იყენებს", - ამბობს ლუის ენრიკე თამაშის დასრულების შემდეგ და ამას აცხადებს მწვრთნელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის სასტარტო შეხვედრაში, ერთბაშად ოთხი წამყვანი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია, დეზირე დუე, კაპიტანი მარკინიოსი და ჟოაუ ნევეში დატოვა სკამზე. ფრანგული მედიის შეფასებით,  ენრიკემ ფეხბურთელები კი არ დასაჯა, უბრალოდ სუსტ მეტოქესთან მისთვის ჩვეული საფირმო, თამამი „საკადრო რევოლუცია" მოახდინა და სუსტ მეტოქესთან ძალები დასაზოგად. ამასთან გამოსცადა ახალი ტაქტიკური ვარიანტები. დანარჩენს კი, დრო გვიჩვენებს.


შეგახსენებთ, რომ პარიზელებმა „სლოვანი" 6-1 დაამარცხეს. უსმან დემბელემ დუბლი (17', 23') შეასრულა, ფერან ტორესმა ჰეთ-თრიკი (31', 47', 57') გაიფორმა, პარიზელთაგან ბოლო გოლი კი ფაბიან რუიზმა (87'). სლოვაკური გუნდიდან 58-ე წუთზე პრესტიჟის და თანაც საკმაოდ ეფექტური გოლი სულეიმან კამარამ გაიტანა.