ნინო სუთიძის 7 გოლი ერთ შეხვედრაში
ნინო სუთიძის 7 გოლი ერთ შეხვედრაში
27.05.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ქალთა ლიგის პირველი წრის მე-7 ტურის მატჩები 25 და 26 მაისს გაიმართა. ტურის ცენტრალური შეხვედრა ქუთაისში, საფეხბურთო კლუბის „ტორპედოს" ბაზაზე ჩატარდა.

ქუთაისში, ადგილობრივმა „მართვემ", გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს „ლანჩხუთს" უმასპინძლა და 1-4 დამარცხდა. ანგარში, მე-18 წუთზე „ლანჩხუთის" ფეხბურთელმა თეონა თოდაძემ გახსნა და სტუმართა გუნდი დააწინაურა 0-1. კიდევ 8 წუთში, ქუთაისელებმა, უკვე ავტოგოლის წყალობით, ლანჩხუთელთა უპირატესობა ორამდე გაზარდეს, 0-2 და შეიძლება ითქვას, თამაშის სადავეებიც ხელიდან გაუშვეს. გურულების გოლეადორმა, ირინა ხაბურზანიამ 32-ე წუთზე, ანგარიში სამამდე გაზარდა. 0-3, ამ ანგარიშით გავიდნენ გუნდები შესვენებაზე. მეორე ტაიმში „მართვემ" და „ლანჩხუთმა", მხოლოდ გოლების გაცვლა მოახერხეს. ქუთაისელთაგან თავი ლანა გორგაძემ გამოიჩინა და ამ შეხვედრაში პრესტიჟის გოლი გაიტანა. თუმცა, მანამდე ნათელა წოწერიას გოლის წყალობით, „ლანჩხუთი" 4-ბურთიანი უპირატესობით იგებდა.

თბილისის „ნიკეს", ჩხოროწყუში, არ გასჭირვებია კაცნაკლული „სამეგრელოს" დამარცხება. მოქმედმა ჩემპიონმა პირველი ტაიმი 0-8 მიოგო, შეხვედრა კი, დიდი ანგარიშით 0-14. ამ მატჩში, გოლები 4 ფეხბურთელმა გაიტანა, დუბლი შეასრულეს მაიკო ბებიამ და ანასტასია ბოლქვაძემ, ჰეთ-თრიქის ავტორი გახდა ნინო პასიკაშვილი, რომელიც ამ ტურამდე ბომბარდირთა სიას ლიდერობდა. თუმცა, მე-7 ტურის შემდეგ, მას თანაგუნდელმა ნინო სუთიძემ გადაუსწრო. სუთიძის ანგარიშზე „სამეგრელოსთან" მატჩში 7 გოლია. მე-7 ტურის შემდეგ კი, სუთიძეს 15 გოლი აქვს გატანილი.

5 გოლი გავიდა ბათუმში, „ანგისას ბაზაზე", ბათუმის „დინამოსა" და „ზარზმას" შეხვედრაში. „დინამომ" მშრალი ანგარიშით 5-0 მოიგო და მიმდინარე გათამაშებაში პირველი 3 ქულა აიღო. მიუხედავად ამისა, შავიზღვისპირა ქალაქის გუნდი, სატურნირო ცხრილში უჩვეულოდ, ბოლოდან მეორე ადგილზეა.

ერთნაირი ანგარიშით 2-1 დასრულდა ტურის ორი შეხვედრა - ხობში, სადაც „კოლხეთმა" ხაშურის „ივერია" დაამარცხა და თბილისში, „შატილის" სტადიონზე, სადაც „ნორჩმა დინამომ" „გორი იუნაიტედს" სძლია და სატურნირო ცხრილში, მე-5 საფეხურზე ამოინაცვლა.

ქალთა ლიგის გათამაშების მომდევნო ტური 31 მაისს გაიმართება. ტურისა და პირველი წრის ცენტრალური მატჩი, თბილისში, სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე" ჩატარდება და ერთმანეთს მიმდინარე გათამაშების ორი ლიდერი გუნდი „ნიკე" და „ლანჩხუთი" დაუპირისპირდებიან.

ქსკ  მართვე -  ქსკ ლანჩხუთი 1-4 (0-3)

ქსკ სამეგრელო -  ქსკ ნიკე 0-14 (0-8)

ქსკ კოლხეთი - ქსკ ივერია 2-1 (1-1)

ქსკ დინამო ბათუმი - ქსკ ზარზმა 5-0  (1-0)

ქსკ ნორჩი დინამო -  ქსკ გორი იუნაიტედი 2-1 (1-1)

 

ფოტო: თამარ ჯიშკარიანი