
მას შემდეგ, რაც 28 აპრილს, საქართველოს სუპერლიგის დებიუტანტმა გუნდმა „ტიტებმა" საქართველოს თასი მოიგო, ბევრი ელოდა, რომ ქვეყნის მთავარი ტურნირის ტრადიციული გამარჯვებულები ახლით ჩანაცვლდებოდნენ. თუმცა, ცოტა თუ დაიჯერებდა, რომ „ქუთაისი 2010" ზედიზედ მესამედ, ქყვეყნის ჩემპიონის ტიტულს ქუთაისში, საკუთარ კედლებში, ყველაზე საკალათბურთო აუდიტორიის წინაშე, კიდევ ერთხელ გაუშვებდა ხელიდან. შეგახსენებთ, რომ დღევანდელ მატჩამდე, „ქუთაისმა" ორი ფინალი, 2016-17 და 2017-18 წლების, თბილისის „დინამოსთან", სწორედ ქუთაისში წააგო. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ „ქუთაისმა", „დინამო" ½ ფინალში ჩამოიშორა თავიდან, ჩემპიონობას ბევრი, სწორედ კოტე ტუღუშის გუნდს უწინასწარმეტყველებდა.
მიუხედავად ამისა, იმერულმა კლუბმა სუპერფინალების სერიაში არც თუ დამაჯერებლად აიღო სტარტი და 5-რაუნდიანი ბრძოლის პირველი მატჩი, ქუთაისში წააგო. მომდევნო ორი კი, მოიგო და შეეძლო უკვე თბილისში ეზეიმა ჩემპიონობა. თუმცა, როგორც სჩანს, საკუთარ თავში ზედმეტად ირწმუნა და თან, გულშემატკივრისაც ეიმედებოდა, ამიტომ გათვლა ბოლო, მე-5 გადამწყვეტ მატჩზე გააკეთა. „დელტას" ძალები კი, ვერ გათვალა.
ამის საპირისპიროდ, „დელტა", გუნდი, რომელიც მხოლოდ 3 წლისაა, სეზონის დასაწყისში „დუდუ დადიანის მემორიალის" მოგების შემდეგ, ქვეყნის ჩემპიონიც ხდება.

24-23 / 19-17 / 14-22 / 21-20, ეს არის დღევანდელი შეხვედრის თანმიმდევრობა მეოთხედების მიხედვით და მხოლოდ აქედანაც, კარგად სჩანს თუ, რამდენად დაძაბული იყო ბოლო, გადამწყვეტი შეხვედრა. ქუთაისელები, თითქმის მესამე მეოთხედის შუაწელამდე დამაჯერებლად ასპარეზობდნენ და მიუხედავად იმისა, რომ ამ დროის მანძილზე ლიდერები იცვლებოდნენ (საერთო ჯამში ლიდერი ბოლო შეხვედრაში 5-ჯერ შეიცვალა), მესამე პერიოდის დასრულებამდე 2 წუთით ადრე გატყდნენ. ქუთაისელებმა ეს, მესამე მეოთხედი 14-22 წააგეს. „დელტა" კი საერთო ჯამში, დასკვნითი მეოთხედის წინ 5 ქულით გავიდა წინ, 57-62.
შეხვედრის დასრულებამდე 4 წუთით ადრე, რაც საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ „ქუთაისს" კონცენტრაცია მოეხერხებინა და თამაში გადაერჩინა, ამ დროისთვის ანგარიში 72-75 იყო, მოვლენები საპირისპიროდ განვითარდა. შეგახსენებთ, რომ ფლეი-ოფების დროს, ქუთაისელთა მთავარი მწვრთნელი, კოტე ტუღუში, სუპერლიგის ამ ეტაპის მატჩებისთვის ერთ მახასიათებელზე, ფლეო-ოფებში თამაშის გამოცდილებაზე აკეთებდა აქცენტებს. რაც „ქუთაისს" ჰქონდა, „დელტას" კი არა. მიუხედავად ამისა, თუ არ ჩავთვლით, ორივე გუნდის მიერ დაშვებულ შეცდომებს, „დელტამ" დარბაზში შექმნილ ატმოსფეროში უფრო მოახერხა ადაპტაცია. „ქუთაისს" კი, დიდი ალბათობით, საკუთარი კედლების ფსიქოლოგიური მომენტიც დააწვა ტვირთად, რაც სუპერფინალის დებიუტანტმა სტუმარმა გუნდმა კარგად გამოიყენა.

მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე, ოთარ ფხაკაძოს შორი მანძილიდან ნასროლი სამქულიანი ზუსტი გამოდგა და „დელტა" 76-81 დაწინაურდა. ამის შემდეგ, ჯონათან ლიმ საჯარიმოებით ანგარიში 3 ქულამდე კი, შეამცირა და ქუთათურებს თამაშის ოვერტაიმში გადაყვანის შანსი მიეცათ, თუმცა, ამის გაკეთება ვეღარ მოასწრეს. ფინალური სერიის ბოლო შეხვედრა, ლექსო ლაფანაშვილისა და დავით არწივიძის გაწვრთნილმა „დელტამ" ქუთაისში, გადაჭედილი ტრიბუნების წინ მოიგო ანგარიშით 78-82.
ფინალის ბოლო რაუნდში, „დელტაში" ყველაზე მეტი 25 ქულა საბა ლობჯანიძემ დააგროვა. საერთო სარგებლიანობის საუკეთესო მაჩვენებელი არტიომ შვეცმა დააფიქსირა. მან 19 ქულა ისე მოაგროვა, მხოლოდ 1 სამიანი ააცილა. ბექა ბექაურის ანგარიშზე 11 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა. ქუთაისელთაგან 26 ქულით და 15 მოხსნით საუკეთესო იყო აკაკი დვალიშვილი. 17 ქულა დააგროვა გიორგი ბარბაქაძემ, ხოლო ჯონათან ლიმ 15 ქულა, 8 პასი და 5 მოხსნა მიითვალა.
აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლო 2 ჩემპიონატის გამარჯვებული თბილისის „დინამო" 2017-2018 და 2018-2019 წლების ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობდა. ამ ეტაპისთვის ჩვენი გვერდისთვის, TSFF.GE-სთვის, უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „დელტას" მესვეურები. ჩვენის მხრივ, მას შემდეგ რაც საჩემპიონო ვნებათაღელვა ჩაცხრება, შევეცდებით ახალი ჩემპიონის სამომავლო გეგმებზე, უფრო დაწვრილებით გიამბოთ.
კალათბურთის ფედერაციის ფოტო-მასალა





ჩვენ








