
მატჩზე მანიპულირების მცდელობის გახმაურებული ამბის შესახებ, სფფ-ს სადისციპლინო კომიტეტი უახლოეს დღეებში, შესაძლოა ხვალ დღის ბოლომდეც, გამოიტანს გადაწყვეტილებას. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში, დღეს, დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა საფეხბურთო კლუბ „ვიტ ჯორჯიას" ხუთი ფეხბურთელის, აგრეთვე საფეხბურთო კლუბ „გურიას" ორი და „ჭიათურას" ერთი ფეხბურთელის შესახებ გახმაურებული საქმის დეტალების განხილვა.
სფფ-ს სადისციპლინო კომიტეტის წევრებმა, აღნიშნულ პირებს და მათ ადვოკატებს, საჯაროდ, მისცეს საშუალება საკუთარი პოზიციები დაეფიქსირებინათ. ფეხბურთელების ადვოკატები აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები ბინძური მანიპულაციის „მსხვერპლი" გახდნენ და უხეშად, რომ ვთქვათ წამოეგნენ „პროვოკაციას".
„არ ვამბობთ, რომ ვართ უდანაშაულოები. ფეხბურთელების განცხადებებიც მეტყველებს, რომ ძალიან ნანობენ, რაც მოხდა. თუმცა, რა იყო მაპროვოცირებელი გარემოება, რატომ გადადგეს ფეხბურთელებმა ეს ნაბიჯი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ვფიქრობ, ფეხბურთის ფედერაციამაც უნდა გაითვალისწინოს, ეს გარემოება. კიდევ ერთხელ ვამბობ და მერამდენედ ვიმეორებ, რომ არც ერთი ფეხბურთელის იდეა არ ყოფილა ის, რომ რამე მატჩის გარიგება მომხდარიყო და ამის სანაცვლოდ ვინმეს მიეღო მატერიალური სარგებელი. პირიქით, მოხდა მათზე ზემოქმედება, მანიპულირება, დაყოლიება", - ამბობს რამაზ ჩინჩალაძე, ერთ-ერთი დაკავებული ფეხბურთელის ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 20 მაისს, სპორტული შეჯიბრების მონაწილეთა მოსყიდვისა და მეორე და უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე 8 მოქმედი ფეხბურთელი (საფეხბურთო კლუბების „ვიტ ჯორჯიას, „ლანჩხუთის გურიასა" და „ჭიათურას") და 3 ყოფილი ფეხბურთელი დააკავა.
სუს-ის ინფორმაციით, "ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. „ჰანდიკაპით" ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე. მათივე ინფორმაციით, ჯგუფის წევრებმა ამ გზით 93500 ლარი მიიღეს.
გამოძიება პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მოგვიანებითს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნულ თემაზე მსჯელობის შემდეგ, ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ოთხ მათგანს (1 მოქმედ და 3 ყოფილ ფეხბურთელს) პატიმრობა, დანარჩენებს კი, 10-10 ათას ლარიან გირაო შეუფარდა.

„პაატა თავის წილ პასუხისმგებლობას არ გაურბის. მაგრამ აუცილებელია, ამ მოცემულობაში კომისიის წევრების მიერ გაანალიზებული და განსაზღვრული იყოს თითოეული ფეხბურთელის ქცევის პროპორციულად „სასჯელი". აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩვენა არ ვამბობთ იმას, რომ პაატას მიმართ არანაირი სახის სადისციპლინო ღონისძიება არ იყოს გამოყენებული. მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ეს, იმ დოზით და იმ სახის იქნება, რომელიც დაეხმარება მას, რომ ასახელოს ჩვენი ქვეყანა, გაგვახაროს მე, თქვენ და გულშემატკივარი", - ამბობს შოთა მანიაძე, პაატა ღუდუშაურის ადვოკატი.
მოსმენისას, არაერთხელ გაიჟღერა სიტყვამ მანიპულაცია, ხაზი გაესვა ზოგიერთი ფეხბურთელის არასახარბიელო მატერიალურმა მდგომარეობა. მაგალითად, დაგვიანებულმა ხელფასებმა, პრემიებმა და ა.შ. რომელთა დროულად დაფარვის შემთხვევაში, ფეხბურთელები ამ ნაბიჯს არ გადადგამდნენ. მაგალითად, ერთ-ერთმა ფეხბურთელმა საკუთარი ნაბიჯის ახსნისას რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების გამო, ის სუიციდისთვისაც კი მზად იყო, როდესაც „ეს" გზა გამოჩნდა.
პირდაპირ არა, მაგრამ სასამართლო პროცესების დროს, სფფ-ს სადისციპლინო მოსმენისასაც ირიბად, კულუარებში კი, უფრო აქტიურად საუბრობენ, რომ დაკავებული ფეხბურთელები, მხოლოდ „აიზბერგის" ზედა მხარეა და „მთავარი", მშვიდად აგრძელებს ცხოვრებას. ხომ არ არის შეთქმულება და რატომ არ მუშაობენ ამ მიმართულებით შესაბამისი ორგანოები?
ბუნებრივია, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, ჩვენ კონკრეტულ შემთხვევაში გაგვიჭირდება. თუმცა, ამჯერადაც, სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლს პოზიცია არის მკაცრი - დისციპლინარული ზომები უნდა იყოს გამოყენებული ყოველი ფეხბურთელის მიმართ. თუმცა, რა სახის იქნება ეს „ზომები" უახლოეს ხანში გაირკვევა. ფაქტია ისიც, რომ ე.წ. „გარიგებული თამაშების" თემა, არის ის, რასაც სფფ-ში წლებია ებრძვიან (ფოთის „კოლხეთი 1913" ბოლო მაგალითი).

„ჩვენი კომიტეტის, ასე ვთქვათ, მთავარი პასუხი უნდა გაეცეს კითხვას იმაზე, რომ მონაწილეობდა თუ არა ეს ხალხი თამაშების მანიპულირებაში, ან მცდელობაში, ყოველ შემთხვევაში. ისინი, მომხდარს არ უარყოფენ განხილვის დროს. ძირითადი მათი არგუმენტი იყო ის მიზეზები, თუ რატომ მოუწიათ ამ ნაბიჯების გადადგმა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ძალიან რთული გადაწყვეტილების წინაშე ვდგავართ იმ კუთხით, რომ გადაწყვეტილება, უდნა მივიღოთ სწორედ, ამ საფეხბურთო რეგულაციების გათვალისწინებით. შეუზღუდავად ჩვენ სუბიექტურ გადაწყვეტილებაზე ვერ ვიქნებით დამოკიდებული. ვაცნობიერებთ, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება პრეცედენტული. ლოგიკურიცაა, რადგან საბედნიეროდ, ძალიან ხშირი არაა და ალბათ, ყველამ უნდა გავითვალისწინოს ამდაგვარ მოქმედებებს რა შედეგები მოჰყვება. ამავე დროს, შევეცდებით, რომ ჩვენს გადაწყვეტილებას, მხოლოდ სადამსჯელო ფუნქცია არ ჰქონდეს. ძალიან მარტივია, რომ დავსაჯოთ ისე, რომ არ ვიფიქროთ იმ შედეგებზე, რაც შეიძლება იყოს.", - ამბობს დავით კიკალეიშვილი, სფფ-ს სადისციპლინო და სპორტული დავების კომიტეტის ხელმძღვანელი.
ძალიან მტკივნეული, საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესო და ალბათ, სხვა შემთხვევებისგან პრევენციისთვის, კონკრეტულ ფაქტზე გადაწყვეტილების მიღებისას, სფფ-ს სადისციპლინო და სპორტული დავების კომიტეტი რამდენიმე გარემოებაზე აუცილებლად გაამახვილებს ყურადღებას:
კომიტეტის განხილვა არ უკავშირდება სისხლის სამართლებრივ დევნას, ეს არის სპორტული, ფეხბურთის იურისდიქცია და შესაბამისად, გადაწვეტილება არ იქნება დამოკიდებული საქმეში სისხლის სამართლის მტკიცებულებების სიმძიმეზე.
შესაძლებელია, გადაწყვეტილება, სხვადასხვა ფეხბურთელისთვის იყოს განსხვავებული.
საფეხბურთო რეგულაციები კლუბების სანქციებსაც ითვალისწინებს. გამომდინარე აქედან, სადისციპლინო, გადაწყვეტილების მიღებისას იმასაც „გათვლის" მომხდარზე, ჰქონდათ თუ არა კლუბებს ეჭვი და როგორ მოქმედებდნენ.
„ეს ადამიანები" (ფეხბურთელები) მომხდარს განიცდიან და განსხავებით საზოგადოებისგან, რომელიც გადაწყვეტილებას ელოდება, „მათთვის მოლოდინი კიდევ უფრო რთულიაო", თვლიან კომიტეტში. შესაბამისად სადისციპლინოს გადაწყვეტილება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უახლოეს ხანში გამოცხადდება.





ჩვენ








