დასკვნა - საფეხბურთო საქმიანობის სამუდამო აკრძლვა
დასკვნა - საფეხბურთო საქმიანობის სამუდამო აკრძლვა
06.06.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

სფფ-ს სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველმა კომიტეტმა დღეს, 4 ივნისს გამართული სხდომის გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. განსახილველ საკითხთა შორის, საზოგადოების ფართო ინტერესს ე.წ. „გარიგებული თამაშის" თემა იწვევდა. შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც 19 მაისს ბათუმში, სუს-ის მიერ ეროვნული ჩემპიონატის კალენდარული მატჩის დასრულებისთანავე, „ვოტ ჯორჯიას" ფეხბურთელები დააკავეს, სფფ-ს ხელმძღვანელობამ საგანგებო ბრიფინგი გამართა და მომხდარი დაგმო. კობიაშვილმა იმ დღეს, ხაზი გაუსვა, რომ დაკავებულების მიმართ, მკაცრი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული.

კომიტეტის სხდომაზე, აღნიშნული საკითხის განხილვამ  4 ივნისს, დაახლოებით 2 საათს გასტანა. რამდენიმე წუთის წინ, სფფ-ს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა კომიტეტის გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია:

„კომიტეტმა მოისმინა მატჩის შედეგსა და მსვლელობაზე მანიპულირებაში ბრალდებული ფეხბურთელების საკითხი და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: თბილისის „ვიტ ჯორჯიას" ხუთ მოთამაშეს, გიორგი გეთიაშვილს, ჯონი შეროზიას, ნიკოლოზ მაისურაძეს, ნოდარ კიკნაველიძესა და პაატა ღუდუშაურს სანქციის სახით დაეკისრათ საფეხბურთო საქმიანობის სამუდამო აკრძალვა. ხოლო თავად კლუბს დააკლდა ექვსი ქულა და დაჯარიმდა 50 ათასი ლარით.

კომიტეტმა ასევე იმსჯელა ლანჩხუთის „გურიას" ორი მოთამაშის (რობერტ იმერლიშვილისა და ირაკლი ბაჯელიძის) საკითხზე, ისევე როგორც, „ჭიათურის" მოთამაშის (ირაკლი ხუჭუას) საკითხზე და დაადგინა: საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, დროებით აეკრძალოთ საფეხბურთო მატჩებში მონაწილეობა".

აქვე გეტყვით, რომ სადისციპლინოს გადაწყვეტილების გასაჩივრება ფეხბურთელებს სააპელაციოში შეუძლიათ.