
თუკი ეროვნული ლიგის 25-ე ტურში თბილისის „ლოკომოტივისა" და გორის „დილას" მატჩზე, ფან-ტრიბუნა სადისციპლინოს მიერ გამოტანილი ვერდიქტის გამო იყო ცარიელი, „დინამო თბილისის" ქომაგთა ტრიბუნაზე დღეს, მხოლოდ 5-მა გულშემატკივარმა შემოიხედა. შესაძლოა, ამის ერთ-ერთი მიზეზი, ბოლო ერთი წლის მანძილზე, ყოველი სანაკრებო შესვენების შემდეგ, როდესაც სატრანსფერო ფანჯარაც ღია ემთხვევა, კლუბიდან, ფეხბურთელების „საბითუმო" გადინება ხდება. ამას, დინამოელთა ერთპიროვნული ლიდერობის მიუხედავად, ყოველი თამაშის წინ, დიდი კითხვის ნიშანი - დღეს რა მოხდება ემატება. ფაქტია, რომ დინამოელთა მთავარ მწვრთნელს, კახა კაჭარავას, ყოველი ასეთი სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ, „ახალი" გუნდის აწყობა-გადაწყობა უწევს. გამომდინარე აქედან, „დინამო არენაზე", თბილისელთა და ქობულეთის „შუქურას" შეხვედრის დროს დაფიქსირებული შედეგი, დიდად მოულოდნელი არ უნდა ყოფილა.
თბილისელები, მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას. მხოლოდ პირველ ტაიმში, დინამოელებმა ვერ გამოიყენეს მინიმუმ სამი 100% საგოლე მომენტი. ჯერ ბექა მიქელთაძის დარტმული მოხვდა ძელს, შემდეგ აკაკი შულაიამ გაარტყა ხარიხას. ტაიმის მიწურულს ლაშა ქოჩლაძესაც ჰქონდა გოლის გატანის შანსი. თუმცა, აღსანიშნავია ქობულეთელთა მეკარე, მელნიჩენკოს თამაში, რომელმაც „შუქურას" კარი ამ და მეორე ტაიმშიც რამდენჯერმე იხსნა.
პირველი ტაიმისგან განსხვავებით მეორე, შედარებით ნაკლებად სანახაობრივი იყო და უფრო მეტად აგრესიული. ქობულეთები არ ერიდებოდნენ თამაშის წესის დარღევას, მაშნაც კი, როდესაც იგებდნენ. შედეგად, გიორგი კახელიშვილმა, რომელსაც პირველ ტაიმში ყვითელი ბარათი ჰქონდა მიღებული, მეორეში რამდენჯერმე ზედიზედ, გიორგი კუციასთან (რომელიც კაჭარავამ მეორე ტაიმში შემოიყვანა) უხეში თამაშისთვის და კამათისთვის, ჯერ სიტყვიერი გაფრთხილება, ხოლო შემდეგ, შეხვედრის მე-80 წუთზე, უკვე აკაკი შულაიას მოცელვისთვის, მეორე ყვითელი მიიღო და მოედნის დატოვება მოუხადა. ქობულეთელები ათნი დარჩნენ, თუმცა ამ მომენტამდე 8 წუთით ადრე, მათ დინამოელთა კარის აღება მოახერხეს. გოლი კობა შალამბერიძემ გაიტანა.
ბუნებრივია, თუ ბევრისთვის მოულოდნელი იყო თბილისელთა ფრე, სატურნირო ცხრილის ერთ-ერთ აუტსაიდერთან, მოუოდნელი არ უნდა ყოფილიყო გიორგი შაშიაშვილის ტაქტიკა, დინამოელთა საწინააღმდეგოდ. ქობილეთელთა მწვრთნელი წლების მანძილზე, სწორედ, „დინამო თბილისის" აკადემიაში, სხვდასხვა ასაკობრივ გუნდებში მუშაობდა და თბილისელთა გუნდის, თითქმის ყველა ფეხბურთელთან, რომლებიც კლუბში განხორციელებილი ტრანსფერების შემდეგ, აკადემიიდან ძირითად გუნდში ამოდიან, ნამუშევარი აქვს.
ქობულეთელებთან მატჩში, კახა კაჭარავამ, ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, გიორგი ზარიაც გამოუშვა მოედანზე. ახლაგაზრდა ფეხბურთელს, საჩხერეში, „ჩიხურასთან" მიღებული ტრავმის გამო 3 თვე გაუცდა. „ტრავმის მერე, დიდი ხანი ველოდი მოედანზე დაბრუნებას. ალბათ, ცოტას ვნერვიულობდი კიდევაც. არ ვარ იმ კონდიციაში, რაც ფეხბურთელს აუცილებლად სჭირდება, მაგრამ ვცდილობ ნელნელა დავუბრუნდე ფორმას და შემდგომ თამაშებში, ამას აუცილებლად გამოვასწორებ. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, არ გამოვიდა ისეთი, როგორიც მოედანზე დაბრუნებულს მინდოდა აღმენიშნა, რადგან გუნდმა ვერ მოიგო ", - ამბობს გიორგი ზარია.
შეხვედრის მიწურულს, 10 კაცით დარჩენილი ქობულეთელების კარის აღების მცდელობები ჰქონდა „დინამოს". ბექა მიქელთაძემ, რამდენჯერმე აანერვიულა შაშიაშვილი და მელნიჩენკო. მსაჯის მიერ, კომპენსირებული დროში, სწორედ ასეთი, მორიგი „შეწუხების" შემდეგ, დასწრებაზე ზუსტად ითამაშა, დინამოელთა ბოლო შეცვლაზე შემოსულმა ენვერ ლილუაშვილმა და ანგარიში გაათანაბრა 1-1. საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წამით ადრე, დინამოელთათვის 3 ქულის მოტანა შეეძლო, გუნდის კაპიტანს ლაშა თოთაძეს, თუმცა მისი დარტყმული საჯარიმო, ამ შეხვედრაში მესამედ იხსნა კარის ძელმა.
"ძალიან მძიმე, დაძაბული და ნერვიული მატჩი გამოდგა. „დინამოს" მთელი 90 წუთის განმავლობაში ძალიან ბევრი მომენტი ჰქონდა, მას შემდეგაც კი, რაც გოლი გავიტანეთ. დასანანია, რომ ბოლო წუთებზე გავუშვით ბურთი. თუმცა, ჩემი გუნდისთვის, თამაში, მაინც დადებითად უნდა შეფასდეს, რადგან ბიჭებმა თითოეულ ეპიზოდში ბოლომდე იბრძოლეს და მეტოქეს გამარჯვების საშუალება არ მისცეს. გვესმის, რომ სატურნირო მდგომარეობა ურთულესი გვაქვს. ფოთის "კოლხეთთან" დღევანდელ მატჩამდე ჩამორჩენა 8 ქულა, 7-მდე შევამცირეთ. ჩვენ ყველა ქულისათვის ბოლომდე ვიბრძოლებთ, რათა ფლეი-აუტის ზონაში მოვხვდეთ", - ამბობს, გიორგი შაშიაშვილი.
ამ მატჩს შემდეგ, „დინამო" 9 ქულით უსწრებს, ორ იმერულ კლუბს, „ტორპედოსა" და „სამტრედიას", რომლებსაც მე-4 ადგილზე, სატურნირო ცხრილში თბილისური „ლოკომოტივი" მოყვება, 42 ქულით.

თბილისურმა კლუბმა, დღეს, მესხი 2-ზე გორის „დილა" 4-2 დაამარცხა. შეხვედრა „ლოკომოტივის" უპირატესობით დაიწყო და მე-6 წუთზე, ვატო არველაძეს გოლით დაწინაურდა. მასპინძლებმა, გორელების კარი 17 წუთში, შეხვედრის 23-ე წუთზე, კიდევ ერთხელ აიღეს. ამ შემთხვევაში, გიორგი გოროზიამ ითამაშა დასწრებაზე ზუსტად და ახლო მანძილიდან ეფექტური დარტყმით, მეორე გოლი გაიტანა. კიდევ ერთი გოლი გაიტანა შეხვდერის 45 წუთზე გიორგი დიასამიძემ. ეს, ლოკომოტიველთა მე-10 ნომრის სადებიუტო გოლი იყო მიმდინარე სეზონში.
აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში, გორელებსაც შეეძლოთ გოლის გატანა. "დილას", პირველი რეალური სახიფათო მომენტი, დერეტის მიერ, ტექნიკურად შესრულებული სტანდარტი იყო, რომელიც მცირე მანძილით აცდა თბილისელთა კარს. ერთ მომენტში, კარგი შანსი ჰქონდა გიორგი ფანცულაიასაც, რომელსაც უნდა ვაღიაროთ, რომ ჯერ ისევ ემჩნევა დიდხნიანი უთამაშებლობა. მცირე მანძილით ცდება, კუთხურის შემდეგ „ლოკომოტივის" კარს კირკიტაძის დარტყმულიც. ტაიმის მიწურულს, „დილას" ლეგიონერი აბუბაქარიც უშვებს შანსს ხელიდან. ამასთან, მატჩის 43 წუთზე, გორელები 10-ნი რჩებიან. მსაჯმა მოედნიდან გილერმე მორასი გააძევა.
შესაძლოა, სწორედ ეს მომენტი გახდა გარდამტეხი ამ შეხვედრაში, რადგან ოდნავ მოგვიანებით, კაცნაკლული „დილა" ლოკომოტიველთა შეწუხებას ახერხებს და მეორე ტაიმში, თბილისელთა კარში 2 გოლი გადის. 54-ე წუთზე, კუთხურიდან მოწოდებულ ბურთზე, „ლოკოს" საჯარიმოში, სტუმართა მცველის ოთარ კუსიანი თავურ დარტმას, ლოკომოტიველთა შეცდომა და ავტოგოლი მოჰყვა. „დილა" ანგარიშის შემცირებას ახერხებს 3-1.
ამის შემდეგ, გორის „დილასთან", სეზონში, სადებიუტო გოლი გაიტანა ლუკა კიკაბიძემ, რომელიც გიორგი დევდარიანმა მინდორზე, მხოლოდ 58-ე წუთზე შემოუშვა. მან, ნოდარ ქავთარაძის საგოლე პასის შემდეგ, ახლო მანძილიდან მეკარისათვის აუღებელი დაურტყა. მატჩის მიწურულს, 85-ე წუთზე კი, გაუფრთხილებლად თამაშობს ლოკომოტიველთა მეკარე რევაზ თევდორაძე. ფლავიო ნუბიოს თავური დარტყმის შემდეგ, მას ბურთი ჯერ ხელიდან გაუვარდა და შემდეგ კარის ხაზი გადაკვეთა. საბოლოოდ, შეხვედრაში ანგარიში 4-2 დაფიქსირდა. თბილისის „ლოკომოტივმა" კი, 3 ქულა ჩაიწერა და უშუალო მადევარს, „ჩიხურას" 5 ქულით გადაასწრო (იხილეთ სატურნირო ცხრილი).
„მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ. გუნდმა პირველ ტაიმში, მწვრთნელის დავალება კარგად შეასრულა და სწორედ, პირველ ტაიმი გამოდგა გარდამტეხი. მეორე ტაიმში, ოდნავ მოვდუნდით და ეს ყველაფერი, თამაშზეც აისახა. თუმცა, მთავარია მოვიგეთ და მორიგი, მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ", - ამბობს ნიკა ჭანტურია.
კვირას, 25-ე ტურის ბოლო შეხვედრა გაიმართება. დავით პეტრიაშვიზე, „საბურთალო", ბათუმის „დინამოს" დაუპირისპირდება. გუნდები, სატურნირო ცხრილში მე-6-7 საფეხურებზე არიან. თუმცა „საბურთალო" ბათუმელებს 8 ქულით უსწრებს. შეხვედრა 20:30 დაიწყება.





ჩვენ








