
საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის მესამე და მეოთხე ოფიციალური მატჩებისთვის ბოლო ორი დღეა 26 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება. გიორგი ქვილითაიას შემდეგ, ევრო 2020 საკვალიფიკაციო ეტაპის ივნისის სანაკრებო ფანჯრის დროს, ეროვნულს შესაძლოა, ვეღარც დავით ხოჭოლავა დაეხმაროს. უკრაინული „შახტარის" მცველს, მუხლი აწუხებს და დღეს, ნაკრების საღამოს ვარჯიშს, თვალი ტრიბუნიდან ადევნა. ის, კვლავ ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს. სოლომონ კვერკველია კი, გიბრალტართან შეხვედრაში ტრავმის გამო ნამდვილად არ იქნება.

საღამოს ვარჯიშამდე, ეროვნულის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა, „დინამო არენაზე" გამართული შეხვედრის დროს, ქართულ მედიასთან რამდენჯერმე გუნდის დანაკლისზე გაამახვილა ყურადღება:
- სამწუხაროდ, „ქვილითამ" ტრავმა მიიღო და ეს ორი თამაში, ვერ დაგვეხმარება. ემზადებოდა სანაკრებო თამაშებისთვის და სამწუხაროდ რამდენიმე კვირით გამოგვაკლდა.
- შეკრებაზე მყოფი ყველა ფეხბურთელი 100%-ით მზად არ არის. კვერკველიამ კლუბში მიიღო ტრავმა, ასევე მცირე ტრავმები აწუხებთ ნავალოვსკისა და ხოჭოლავას, პაპუნაშვილი კი სრული დატვირთვით დღეს ივარჯიშებს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ხვალინდელ თამაშში მხოლოდ ის მოთამაშეები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც 100 %-ით მზად იქნებიან. ასევე იქნება გარკვეული გამონაკლისებიც. ლევან მჭედლიძემ მხოლოდ ერთი ვარჯიში გამოტოვა, აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ხვალინდელ შეხვედრაში 15-20 წუთით შეძლებს გუნდის დახმარებას.

- ამ ორ თამაშში, სხვა ფეხბურთელებს მივეცი შანსი. ის რომ ამ ეტაპზე ყაზაიშვილს არ დავიძახეთ, არ ნიშნავს, რომ ის მომავალში გუნდთან ერთად არ იქნება. არის დისციპლინის საკითხი, უნდა დაუჯეროს მწვრთნელს და იმუშაოს გუნდზე. ახლაც, რომ არ გამოვიძახეთ, ისევ, მისთვის არის კარგი, რადგან მოუწევს საკუთარი თავისთვისაც და ჩემთვისაც დამტკიცება, რომ ნაკრებში თამაშს იმსახურებს.
გიბრალტარის ნაკრებთან მატჩში, საქართველოს ნაკრები ფავორიტია და ბუნებრივია, რომ საკუთარ მოედანზე, ჩვენი გუნდი პირველ ნომრადაც ითამაშებს და 3 ქულის აღებასაც შეეცდება. ვაისი ამბობს, რომ ეს მატჩი, აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ამის შემდეგ კი, დანიაში ურთულესი თამაშისთვის მოემზადოს გუნდი.

- დანიელთა სათამაშო სტილი ძალიან ჰგავს შვეიცარიის ნაკრების სტილს, მათ ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელი ჰყავთ. ხვალ, უფრო შემტევი, ღია ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. ვეცდებით, რომ გულშემატკივრებისთვის ეს თამაში დასამახსოვრებელი იყოს. გიბრალტარმა სომხეთში მართლაც მიაღწია წარმატებას და მეტოქეს, ერთა ლიგაზე მოხვედრის შანსი პრაქტიკულად დაუკარგა.
- ჩვენის მხრივ, მომდევნო შეხვედრაში შანსს მივცემთ ახალგაზრდა ფეხბურთელებს და უფრო შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ. ვნახოთ რა გამოგვივა, რამდენად გაამართლებს. ეს უპირველესად ჩემი რისკია, მაშინ როდესაც, „ოქრი", „ქვილითა", „ანანიძე" და ვაკო არ იქნებიან. ამას განსაკუთრებით პირველ შეხვედრასთან დაკავშრებით ვამბობ, რადგან გვსურს, რომ სამი ქულა ავიღოთ და გულშემატკივარი გავახაროთ.

- გრიგალავას შესანიშნავი სეზონი ჰქონდა რუსეთის პრემიერლიგაში, პრაქტიკულად ყველა თამაში ჩაატარა და ამიტომ გამოვიძახე. ამ პოზიციაზე ბოლო დროს ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყავდა, ტაბიძე, დვალი, ხოჭოლავა, მაგრამ ვფიქრობ, ახლა გრიგალავა კარგ ტონუსშია და ხვალინდელ მატჩში, როდესაც გიბრალტარი ჩაკეტილ ფეხბურთს და კონტრშეტევებზე ითამაშებს, 90%-ით ძირითად შემადგენლობაში იქნება.
- ჩვენ როგორი ტაქტიკითაც ვაპირებთ გიბრალტართან თამაშს, იმ კატეგორიის ფეხბურთელია, კარგად იხსნება, მეორე სართულზე კარგად თამაშობს. რეალურად ხვალ შეტევაში ახალი ფეხბურთელებით მოგვიწევს თამაში. ვინაიდან ტრავმების გამო რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლია, ეს შანსია სხვებისთვის და ვფიქრობ, ამ შანსს გამოიყენებენ.

ვაისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ივნისის ევროპული ფეხბურთისთვის შესვენების დროა, სანაკრებო თამაშებისთვის, უეფა-მ სწორედ ეს პერიოდი აირჩია და საქართველოს ნაკრებიც მაქსიმალურად უნდა შეეცადოს კარგად ითამაშოს. ყოველ შემთხვევაში, მატჩამდე ერთი დღით ადრე, ვაისმა იცის, რომ ხვალ, ის ფეხბურთელები იქნებიან სასტარტოში, რომლებსაც საკლუბო თამაშის კარგი პრაქტიკა აქვთ და ფიზიკურად 100 %-ით მზად იქნებიან. აქ, გამონაკლისი, შესაძლოა ხვიჩა კვარაცხელია იყოსო, აღნიშნა ვაისმა და ამ განცხადებით, ერთგვარად კვარაცხელიას დებიუტი და თანაც, სასტარტო შემადგენლობაში, დააანონსა.
- კვარაცხელია კარგი ფეხბურთელია, რაღაცით ჰგავს ჩაკვეტაძეს და მინდა ვათამაშო. აქ იმიტომ არაა ჩამოსული რომ „კვევეს", „კაშოს" და ბჭებს უყუროს...
- დავით ყიფიანსაც პატივს ვცემ და „დინამო თბილისის" სხვა ძველ ფეხბურთელებსაც, მაგრამ არ შევადარებ ძველებს.

- ხვიჩა კვარაცხელია ნიჭიერი მოთამაშეა, რომელიც პროფესიულ საფეხბურთო კარიერას ახლა იწყებს. სათამაშო სტილით ჩაკვეტაძეს გავს და მისი იმედი მაქვს. კვარაცხელიას შეუძლია, რომ მომავალში ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე გახდეს, მაგრამ ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. კიდევ, მის გვერდით მდგომ ხალხზე და მათ შორის აგენტებზე, ოჯახზე, მშობლებზე. დიდი ფეხბურთის თამაშის შანსი აქვს, მაგრამ ამ ეტაპზე რთულია პროგნოზირება.
- გუნდში კარგად გრძნობს თავს. ვარჯიშებზეც კარგად გამოიყურება, ამიტომ ვფიქრობ, რომ ის სასტარტო შემადგენლობაში იქნება. ეროვნული ნაკრების გამოცდილი მოთამაშეები მას დაეხმარებიან და მინდა წარმატებული დებიუტი ვუსურვო.

მატჩისწინა ტრადიციულ პრესკონფერენციას ნიკა კვეკვესკირიც ესწრებოდა. თბილისური სიცხის მიუხედავად, ხვალინდელ მატჩში ფეხბურთელი მაღალ სიჩქარეებს და მოტივირებულ საქართველოს ნაკრებს ჰპირდება.
- ყველა ჩვენგანისთვის ერთა ლიგა ძალიან სასიამოვნო იყო, რადგან შევძელით და გულშემატკივარი სტადიონზე დავაბრუნეთ. ეს ფაქტორი თითოეული ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, საპასუხისმგებლოა და ჩვენც, გათავისებული გვაქვს. ნაკრები მოთამაშეებისა და მწვრთნელების არაა, ის მთელს საქართველოს ეკუთვნის. სწორედ გულშემატკივართა მხრიდან წამოსული პოზიტივი და მუხტი დაგვეხმარა იმ მნიშვნელოვანი თამაშების მოგებაში, რომელიც ერთა ლიგაზე გავმართეთ.

- ჩვენს ნაკრებს აქვს გათავისებული, რომ ერთა ლიგაზეც სერიოზული მეტოქეები გვეყოლება. და რთული იქნება, რადგან როგორც ჩვენ, ისე ნახევარფინალში მყოფ სამ ნაკრებს უნიკალური შანსი აქვს და ამიტომ, ადვილი თამაში არ იქნება. თუმცა, ჩემი აზრით, საქართველოს ნაკრებს გააჩნია კარგი შანსი, რომ ერთა ლიგაზე წარმატებით ითამაშოს და სანატრელ ევროპის ჩემპიონატზე გავიდეს.
- ხვალ, გვინდა, რომ მაღალ სიჩქარეებზე მოთამაშე საქართველოს ნაკრები განახოთ!
საქართველოსა და გიბრალტარის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ხვალ, 7 ივნისს, დინამო არენაზე 20:00 დაიწყება.

აღნიშნული და მომდევნო, დანიაში გასამართი მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს გამოძახებული შემდეგი ფეხბურთელები ჰყავს:
მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი) , გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი) ლაშა დვალი(ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), გიორგი პაპუნაშვილი ( სარაგოსა, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი)
თავდამსხმელები: ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი)


ასევე იხილეთ ვიდეო





ჩვენ








