
ფიფა-ს ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, 2019 წლის 7 ივნისს, ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ და გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა პუმზილე მლამბო-ნგკუკამ, პირველ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
ჯანი ინფანტინოს განცხადებით, ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი ფიფასთვის, რადგან გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან გაერთიანებული ძალებით, ისინი მოახერხებენ, რომ აამაღლონ მოსახლეობის ცნობიერება ზოგადად ქალთა ფეხბურთისა და მისი მნიშვნელობის შესახებ, როგორც ქალებისა და გოგონების ჯანმრთელობის, ასევე მათი გაძლიერების კუთხით მთელს მსოფლიოში.
ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის ფარგლებში, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის, ორივე ორგანიზაცია მჭიდროდ ითანამშრომლებს სახელმწიფო ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, კერძო სექტორთან, მედიასა და სპორტულ ორგანიზაციებთან, რათა ფეხბურთი უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ქალებისა და გოგონებისთვის.
მემორანდუმში ერთობლივი მუშაობის 3 ძირითადი მიმართულებაა გამოყოფილი:
1. სპორტის პოლიტიკის განვითარება
2. მდგრადი პროექტების მხარდაჭერა , რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს კულტურულ ცვლილებებსა და ქალების და გოგონების გაძლიერებას. კომუნიკაციებს სპორტის საშუალებით.
3. ცნობიერების ამაღლება გენდერული თანასწორობის შესახებ სპორტის საშუალებით, მაგალითად, ფიფა-ს ლეგენდებისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის კეთილი ნების ელჩების დახმარებითა და ჩართულობით, ასევე მნიშვნელოვანი ტურნირების (როგორიც მაგ. ფიფა-ს ქალთა მსოფლიო ჩემპიონატია) მხარდაჭერით.
ჩვენის მხრივ შეგახსენებთ, რომ ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი საფრანგეთში დღეს, 7 ივნისს დაიწყო და 7 ივლისამდე გასტანს. რაც შეეხება საქართველოში ქალთა ფეხბურთს, დღეს მე-9 ტურის სამი შეხვედრა გაიმართა. ქალთა ეროვნული ნაკრები კი, მომავალ კვირას 2 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ჩვენი გვერდი TSFF.GE ტრადიციულად აქტიურად აშუქებს ქალთა საფეხბურთო თემებს, ახალი მემორანდუმის ფარგლებში კი, ვიმედოვნებთ, საქართველოშიც ქალთა ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის, კიდევ უფრო საინტერესო პროექტები დაიგეგმება





ჩვენ








