საშუალო სიჩქარეებზე აღებული საჭირო 3 ქულა
საშუალო სიჩქარეებზე აღებული საჭირო 3 ქულა
07.06.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

თბილისში, „დინამო არენაზე" ცოტა ხნის წინ დასრულებულ, ევრო 2020 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში, არც სტუმართა, გიბრალტარის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის წინასამატჩოდ, გაუმხელელი დაპირებული სიურპრიზი შედგა და ვერც, საქართველოს ნაკრებმა „ჩართო" ის სიჩქარე, რომელსაც იმავე, წინასამატჩო პრესკონფერენციის დროს დაგვპირდნენ. მიუხედავად იმისა, რომ გიბრალტარელთა „ყრუ დაცვა", როგორც ამას ჩვენები ვარაუდობდნენ, არც თუ ისეთი ყრუ იყო (გიბრალტარმა 3-5-2 სისტემით ითამაშა) და საქართველოს ნაკრები, საშუალო სიჩქარეებითაც სივრცეებს ადვილად პოულობდა.

„ყოველთვის მნიშვნელოვანია საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი ქულის მოპოვება, თუნდაც ყველაზე სუსტი მეტოქის წინააღმდეგ. გვქონდა ბევრი საგოლე მომენტი, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ და შესაძლებელი იყო უფრო უკეთ გვეთამაშა დასკვნით ფაზაში. საბოლოოდ შედეგით კმაყოფილი ვარ, მაგრამ უკეთესად თამაში გვმართებს, ზონებში უკეთ უნდა ვიხსნებოდეთ. ანგარიშის მიუხედავად, კიდევ უფრო მეტი გოლის გატანის სურვილი უნდა გვქონდეს", - ამბობს ვლადიმირ ვაისი უკვე დასრულებული მატჩის შემდეგ.



ის, რომ ვლადიმირ ვაისმა დიდად გარისკა, როდესაც სასტარტო შემადგენლობაში ერთბაშად რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი დააყენა, არ იქნება მართალი, რადგან გიბრალტართან მატჩში, საქართველოს ნაკრები ფავორიტი, რომ იქნებოდა, ეს ჯერ კიდევ ევრო 2020-ის წილისყრის შემდეგ იყო ცნობილი. ბუნებრივია, საკუთარ მოედანზე, ჩვენი გუნდი პირველ ნომრად ითამაშებდა და ეს, შეხვედრის დაწყებისთანავე შესამჩნევი იყო. ქართველები, უკვე საწყის ეტაპზე დაეუფლნენ უპირატესობას და ლოგიკურად, სწრაფი გოლიც უნდა გასულიყო, ძირითადად ფლანგებიდან გამწვავებული, ინდივიდუალური თამაშის ხარჯზე. თუმცა გოლმა 30-ე წუთისთვის გადაიწია.



„ახალი" ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი ვარ. მნიშვნელოვანია, როდესაც ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელი, გადამეტებული პასუხისმგებლობით უდგება საქმეს და ზოგჯერ, ვერ ავლენს მაქსიმუმს. ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ვიცით, რომ უკეთ თამაშიც შეუძლია", - ამბობს ვაისი.



ახალგაზრდა კვარაცხელია, რომლის დებიუტიც შედგა ნაკრებში პირველ ტაიმში კარგად გამოიყურებოდა, აქტიურობდა ფლანგიდან, საჭირო მომენტში გასცემდა ბურთს, ჰქონდა კარში დარტყმის მცდელობებიც. კვარაცხელიასთან ტანდემში, კარგად გამოიყურებოდა მისი ყოფილი თანაგუნდელი „დინამო თბილისში" ლევან ხარაბაძეც. მეორე ფლანგზეც, ისე გამოვიდა, რომ ყოფილი დინამოელები ოთარ კაკაბაძე და გიორგი მერებაშვილი აქტიურობდნენ. სწორედ, ამ ორი უკანასკნელის ფლანგიდან აქტიურობას მოჰყვა ვაკო გვილიას გოლი, რომლის შემდეგაც საქართველოს ნაკრები 1-0 დაწინაურდა. ტაიმის მიწურულს საქართველოს კართან უსიამოვნო ჯარიმა დაიდო. ყველას ირლანდიაში „ლორიას, დაყენებული კედელი" გაახსენდა. თუმცა, დღეს, მეტოქე არ იყო ირლანდიის ნაკრები და „დინამო არენაზე", ყოფილი დინამოელის კარში არც კონორ ჰურიჰანი ურტყამდა. თუმცა, გასახდელში, რომ საქართველოს ნაკრები მშრალად შესულიყო, ლორიას გვარიანად გარჯა მოუხდა.



„ირლანდიასთან ცოცხალი კედლის დაყენების დროს შეცდომა მართლაც იყო, მაგრამ დღეს მსგავსი არაფერი ყოფილა და ლორიამ კედელი სწორად დააყენა, შესაბამისად გოლი არ გასულა", - ამბობს ვაისი მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე.



მეორე ტაიმის დასაწყისში ვლადიმირ ვაისს იძულებითი ცვლილების გაკეთება სტარტზევე მოუხდა. პირველი ტაიმიდან გამოყოლილი ტრავმა, მეორე ტაიმის დასაწყისში გაუმიზეზდა ხვიჩა კვარაცხელიას და ვაისს 47-ე წუთზე ის, კიდევ ერთი ყოფილი დინამოელით, გიორგი პაპუნაშვილით შეცვალა.  მშობლიურ სტადიონზე „პაპუნას", მხოლოდ 12 წუთი დასჭირდა გოლის გასატანად.  საქართველოს ნაკრები 2-0 დაწინაურდა. აღსანიშნავია, რომ ამ გოლამდეც, და შემდეგაც ნიკა კვეკვესკირსა და ვაკო გვილიას ჰქონდათ ანგარიშის გაზრდის საშუალება. სტაბილურად ჩაატარა შეხვედრა, გიორგი მერებაშვილმაც, რომელიც ოთარ კიტეიშვილით 72'-ე წუთზე შეცვალეს. „კიტესაც" მშობლიურ დინამო არენაზე არ გასჭირვებია აკლიმატიზაცია. სწორედ მისი აქტიურობით დაიწყო მომენტი, რომელშიც ვატო არველაძე ჩაერთო, მისი დარტყმული კი მცველს მოხვდა და გიბრალტარელთა კარში 11-მეტრიანი დაინიშნა. არველაძეების საფეხბურთო დინასტიის წარმომადგენელმა, ეროვნულ ნაკრებში პირველი გოლი, სწორედ „დინამო არენაზე" გაიტანა. საქართველოს ნაკრებმა კი, ანგარიშით 3-0 მოიგო და ევრო 2020-ის გათამაშებაში პირველი 3 ქულა ჩაიწერა.



„კვარაცხელიას ტრავმის ხარისხი ჯერჯერობით უცნობია. მას, ხვალ ჩაუტარდება სამედიცინო შემოწმება და შემდეგ გაირკვევა, იქნება თუ არა ჩვენთან ერთად ის, დანიაში. ასევე ტრავმირებულია ელგუჯა ლობჯანიძე და მისი თამაშის საკითხი ჯერჯერობით არაა გადაწყვეტილი. სავარაუდოდ, დანიასთან მატჩში სასტარტო შემადგენობაში 2-3 ცვლილება იქნება. ამას საბოლოოდ ხვალინდელი ვარჯიშის შემდეგ გადავწყვეტ, როცა გვეცოდინება თუ როგორ მდგომარეობაში იქნებიან ფეხბურთელები ფიზიკურად. სამწუხაროა რომ ტრავმების გამო კვერკველია და ხოჭოლავა ვერ დაგვეხმარება", - ამბობს ვაისი.



მატჩამდე, თბილისის ზღვის ბაზაზე გამართული ვარჯიშის შემდეგ, ჩვენ ვივარაუდეთ, რომ ან სანაკრებო ფანჯარაში ეროვნულს დავით ხოჭოლავა ვეღარ დაეხმარებოდა. ვერსია, გამოლაპარაკებისას თავად ფეხბურთელმა მოგვაწოდა. თუმცა, იმ მომენტშიც ნაკრების სამედიცნო შტაბი, ფეხბურთელის ჯანმრთელობას ჯერ კიდევ აკვირდებოდა. უკვე დღეს, გიბრალტართან მატჩის დასრულების შემდეგ, ვაისმა მისი დანიაში გამგზავრება გამორიცხა. ისევე, როგორც სოლომონ კვერკველიას მონაწილეობა უახლოეს მატჩებში.



რატომ შეცვალა ვაისმა კანკავა? კითხვა, რომელიც ძალაუნებურად მედიას გაუჩნდა, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ასე ახსნა: „ჯაბა კანკავა შევცვალე იმიტომ, რომ მას ყვითელი ბარათი ჰქონდა. ის ყოველთვის ბოლომდე იხარჯება და მოვერიდე, რომ მეორე გაფრთხილება არ მიეღო. ისე კი, ვფიქრობ, რომ ჯაბა მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. პენალტი მას უნდა შეესრულებინა, მაგრამ ვატო არველაძეს დაუთმო. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ჯაბა დიდი ჯენტლმენი  და ნამდვილი კაპიტანია.  მან ახალწვეულისადმი ამ ნაბიჯით დიდი მხარდაჭერა გამოხატა".



ჯენტლმენობა იქით იყოს და დღეს, ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელის ფონზე, ვაისი, როგორც მატჩამდე დააანონსა, იმ ფეხბურთელებს დაეყრდნო, რომლებსაც საკლუბო თამაშის პრაქტიკა ჰქონდათ. გიბრალტართან ამან გაამართლა.

დანიაში, საქართველოს ნაკრების თავკაცი, ვარაუდობს, „სწრაფი ფლანგებით" თამაშს. სისხარტესთან ერთად, ვაისმა კარგად იცის, რომ ფიზიკური მომზადებაც უფრო მეტად გახდება აქტუალური. მოედანზე არ გავა „შიშით", რადგან გიბრალტართან მატჩში ჩვენს ნაკრებს თავდაჯერებულობა მოემატა.  კოპენჰაგენში, საქართველოს ნაკრები 10 ივნისს დილის 10 საათზე ჩარტერული რეისით გაფრინდება.



საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, გრიგავალვა, ხარაბაძე, კანკავა (77' მჭედლიძე), კვეკვესკირი, კვარაცხელია (47' პაპუნაშვილი), გვილია, მერებაშვილი (72' კიტეიშვილი), არველაძე

სათადარიგო შემადგენლობა: მაკარიძე, კვასხვაძე, პარუნაშვილი, აბურჯანია, ლობჟანიძე, დვალი, ხარაიშვილი, ჯიღაური, ნავალოვსკი

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

გოლები: 1:0 გვილია (30), 2:0 პაპუნაშვილი (59), 3:0 არველაძე (პენ.) (76)

სრული სტატისტიკა

სატურნირო მდგომარეობა