დაფე „დინამო თბილისშია“, როხანო წავიდა
დაფე „დინამო თბილისშია“, როხანო წავიდა
09.06.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

სანაკრებო შესვენების დროს, საფეხბურთო კლუბში „დინამო თბილისი" ცვლილებაა. თბილისელთა რიგები ესპანელების ნოჩესა და კარბიას შემდეგ, კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, არგენტინელმა ანტონიო როხანომ დატოვა. 28 წლის არგენტინელ თავდამსხმელს „დინამო თბილისში" 2019 წლის სეზონის დასაწყისში მოვიდა, თუმცა, ქართულ კლუბში კარიერა ვერ აეწყო და კლუბთან არსებული ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა.



კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, დედაქალაქელებთან ერთად ვარჯიშობს ფეხბურთის ქართველი მოყვარულებისთვის კარგად ნაცნობი ლეგიონერი არფან დაფე. ქართულ-ირანულ კლუბებს შორის გადაადგილებისას, დაფე ბოლოს 2018 წლის ეროვნული ლიგის გათამაშებაში ქუთაისის „ტორპედოს" ღირსებას იცავდა. თუმცა, შემდეგ 27 წლის სენეგალელი შემტევი ნახევარმცველი სათამაშოდ, 2019 წლიდან ირანულ „ნასაჯიში" გადავიდა. გუნდში, სადაც ორი ქართველი, გიორგი გველესიანი და პაატა თოთაძე თამაშობენ.



„დინამო თბილისის" სამწვრთნელო შტაბი, დაფესთან მიმართებაში, გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

არაა გამორიცხული, ევროტურნირებისთვის „დინამო თბილისში" კიდევ სხვა ცვლილებებიც მოხდეს. თუმცა, ამ ეტაპზე კლუბში ჯერჯერობით არაფერს ამბობენ.



ივნისის სანაკრებო ფანჯრის დროს, რამდენიმე დღიანი შესვენების შემდეგ, „დინამო თბილისი" 6 ივნისიდან, კვლავ შეიკრიბა დიღმის საწვრთნელ ბაზაზე და მიუხედავად იმისა, რომ გუნდის რამდენიმე ფეხბურთელი სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებშია გამგზავრებული, ეროვნული ლიგის მეორე წრის ბოლო ტურისთვის  აგრძელებს მზადებას.  დინამოელები 16 ივნისს „ვიტ ჯორჯიას" შეხვდებიან. 3 დღეში კი, დავით ყიფიანის თასის 1/8 ფინალში, თბილისის „მერანს" დაუპირისპირდებიან.



ტრადიციულად, სანაკრებო შესვენების დროს, დიღმის საწვრთნელი ბაზის კარი ღიაა, „დინამო თბილისის" ყოფილი ფეხბურთელებისთვისაც. ამჯერად კი, კლუბთან ერთად „დინამო თბილისის" ყოფილი კაპიტანი ლაშა თოთაძე ვარჯიშობს. ირანული კლუბის მცველთან ინტერვიუ, ჩვენმა გვერდმა TSFF.GE-მ ჩაწერა და მას უახლოეს ხანში შემოგთავაზებთ.