საქართველოს ქალთა ლიგას პირველი წრის შემდეგ, „ნიკე“ ლიდერობს
საქართველოს ქალთა ლიგას პირველი წრის შემდეგ, „ნიკე“ ლიდერობს
10.06.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქალთა ლიგის გათამაშების მე-9 ტურის შეხვედრები 7 და 9 ივნისს ჩატარდა. ტურის ცენტრალური  მატჩი ხობში, 7 ივნისს გაიმართა.

გუნდების სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ადგილობრივი „კოლხეთისა" და „ნიკეს" შეხვედრა დაძაბული უნდა გამომდგარიყო. თუმცა, ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა სათამაშო უპირატესობა მალევე ხელთ იგდო და ნათია დანელიას, ანასტასია ბოლქვაძისა და სოფიკო ნარსიას გოლების წყალობით, პირველი ტაიმის შემდეგ 0-3 დაწინაურდა.

მასპინძლები, „ნიკესაგან" მსგავს წინააღმდეგობას ელოდნენ. თბილისელთა უპირატესობით წარიმართა შეხვედრის მეორე ტაიმიც. „ნიკეს" მთამაშე მწვრთნელმა, ნინო პასიკაშვილმა 50-ე წუთზე საკუთარი გუნდი კიდევ ერთი გოლით დააწინაურა. ოდნავ მოგვიანებთ, მან კიდევ ორი გოლი გაიტანა და 9 ტურის შემდეგ, 17 გატანილი გოლით ბომბარდირთა სიას ჩაუდგა სათავეში. სხვათა შორის, აღნიშნულ  დავას, გამოეთიშა „ნიკეს" უკვე ყოფილი მოთამაშე ნინო სუთიძე. საქართველოს 2017 წლის საუკეთესო ქალმა ფეხბურთელმა უკრაინულ კლუბთან, „ჟილსტროი-1"-თან მოაწერა ხელი და მომდევნო სეზონს იქ ითამაშებს. ისევე, როგორც „ნიკე", ხარკოვის კლუბიც ქალთა ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას.

რაც შეეხება ხობში გამართულ შეხვედრას, ის თბილისელთა გამარჯვებით 0-10 დასრულდა. პასიკაშვილის ჰეთ-თრიქის გარდა, ამ დღეს, პოკერი გააკეთა ანასტასია ბოლქვაძემ.

7 ივნისს, ქალთა ლიგის გათამაშების მეორე ადგილოსანმა „ლანჩხუთმა" სახლში, ჩემპიონატის დებიუტანტი „ზარზმა" 8-0 დაამარცხა. გათამაშების წინა, დაძაბული მე-8 ტურის შემდეგ, რომელშიც გურულები „ნიკესთან" მინიმალური ანგარიშით, 1-0 დამარცხდნენ, ამ ტურში, მიუხედავად იმისა, რომ გუნდი, ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელის გარეშე თამაშობდა, არ გასჭირვებიათ სატურნირო ცხრილის ბოლოადგილოსანის დამარცხება. ამ შეხვედრაში ანგარიში თამრიკო სალუქვაძემ გახსნა, რომელმაც საერთო ჯამში, „ზარზმას" კარში 5 გოლი გაიტანა და ახლა ბომბარდირთა დავაში 14 გატანილი გოლით ლიდერებს მიუახლოვდა.

ამ დღეს, ტურის კიდევ ერთი მატჩი, თბილისში, „შატილის" სტადიონზე გაიმართა. „ნორჩმა დინამომ", ჩხოროწყუს „სამეგრელოს" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა. გოლი, „სამეგრელოს" კარში, პირველ ტაიმში, მე-12 წუთზე გავიდა. გოლის გატანიდან რამდენიმე წუთში მისი ავტორი, მარიამ მოდრეკილაძე ტრავმის გამო შეცვალეს. შეხვედრა კი, გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. თუმცა, გოლი ამ თამაშში აღარ გასულა.

აღნიშნული ტური, დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა ორმა ფეხბურთელმა, ხობის „კოლხეთიდან" ლანა ჯიქიამ და ჩხოროწყუს „სამეგრელოს" წევრმა, ანა გაბედავამ. ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატის მე-8 ტურში, ჩხოროწყუს „სამეგრელოსა" და ხობის „კოლხეთის" მატჩის დასრულების შემდეგ, მომხდარი ინციდენტის გამო, ფეხბურთელებს, სადისციპლინო  საფეხბურთო დავების განმხილველმა კომიტეტმა 3-3 მატჩით დასაჯა.  კლუბები კი,  200-200 ლარით დააჯარიმა.

მე-9 ტურის ბოლო 2 შეხვედრა კი, 9 ივნისს, ბათუმსა და ქუთაისში გაიმართა.

ანგისას ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე, „დინამო ბათუმის" ქალთა გუნდმა ანგარიშით 6-3, ხაშურის „ივერიას" დამარცხება შესძლო. ამ შეხვედრამდე დინამოელები, სატურნირო ცხრილში ბოლოდან მეორე საფეხურზე იმყოფებოდნენ, ამდენად, ცხრილში პოზიციის გასაუმჯობესებლად, მათ ხაშურელებთან, მხოლოდ გამარჯვება აძლევდათ ხელს. შეხვედრის პირველი ტაიმი 2-2 დასრულდა.  ანგარიში მე-14 წუთზე ლინდა ანთაძემ გახსნა, კიდევ 6 წუთში, შავიზღვისპირელები მეორე ანთაძემ, დარინამ დააწინაურა. თუმცა, 4-წუთიან მონაკვეთში ხაშურელებმა ირმა ლომიძემ (პენალტით) და ნინო ბუხსიკიძემ ორი გოლის გატანა და ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. შეხვედრა, მეორე ტაიმიც თანაბარ ორთაბრძოლაში გაგრძელდა, თუმცა, მატჩის ამ მონაკვეთში დაწინაურება სტუმრებმა მოახერხეს, ნინო ხარაიშვილმა 50-ე წუთზე „ივერია" წინ გაიყვანა, 2-3. სამიოდე წუთში კი, გვანცა დოლიძემ, ანგარიშში წონასწორობის აღდგენა მოახერხა, 3-3. ამ დაპირისპირებაში, ლიდერი კიდევ ერთხელ და როგორც გაირკვა საბოლოოდ შეიცვალა. ივერიელთა ავტოგოლის წყალობით, ბათუმელები ჯერ დაწინაურდნენ, შეხვედრის დასრულებამდე კი, კიდევ 2 გოლის გატანა მოახერხეს.

საფეხბურთო კლუბის ქუთაისის „ტორპედოს" საწვრთნელ ბაზაზე ქუთაისის ქალთა გუნდი „მართვე", „გორი იუნაიტედს" დაუპირისპირდა. ამ შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა სწრაფი გოლით გახსნეს. მე-4 წუთზე, გორელები ნინო ჯანეზაშვილმა დააწინაურა. თუმცა, ეს იყო გამონაკლისი შემთხვევა ამ მატჩში, როდესაც, ქუთათურებმა შეცდომა დაუშვეს. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმი 0-1 დასრულდა, მასპინძლებმა მეორე ნახევარში თამაშის შემობრუნება მოახერხეს და მეტოქის კარში 3 გოლი გაიტანეს. „მართვემ", ანგარიში გათანაბრება, მხოლოდ, 71-ე წუთზე შესძლო. გოლი, ქუთაისელთა გამოცდილმა ფეხბურთელმა ანა სინატაშვილმა გაიტანა. კიდევ 4 წუთში, 75-ე წუთზე, გორელთა კარი უკვე თეონა სტურუამ აიღო და მასპინძლები დააწინაურა. 84-ე წუთზე კი, შეცვლაზე შემოსულმა ეკატერინე ჩირგაძემ, გორელთა კარში მესამე გოლი გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 3-1. ამ გამარჯვებით, ქუთაისელებმა, ქალთა ლიგის 2019 წლის გათამაშების პირველი წრის ბოლო ტურში, მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვეს და ახლა, სატურნირო ცხრილში, მათთვის უჩვეულოდ, მე-3 საფეხურზე არიან და ჩემპიონის ტიტულის დასაბრუნებლად ბრძოლას აგრძელებენ.

ქალთა ლიგის გათამაშებაში ახლა შესვენებაა. მეორე წრე კი, 21 ივნისიდან დაიწყება.