ერთწლიანი კონტრაქტით „კორონაში"
ერთწლიანი კონტრაქტით „კორონაში"
13.06.2019
ავტორი:

პოლონურ ექსტრაკლასაზე „კორონა" 2019-2020 წლების სეზონში ორი ქართველით იქნება წარმოდგენილი. ვატო არველაძის შემდეგ, პოლონურ კლუბში, სამწვრთნელო კარიერას ვახტანგ იაგორაშვილი გააგრძელებს. ხელშეკრულება პოლონურ კლუბთან ძალაში 1 ივლისიდან შედის. კელცეში კი, ქართველები 19 ივნისს გაემგზავრებიან.

„კორონას" მთავარ მწვრთნელთან ჯინო ლეტიერისთან ჯერ კიდევ, „აუსბურგიდან" მაკავშირებს მეგობრობა. შემოთავაზება „დარასელიას ტურნირის" შემდეგ მივიღე. შემდეგ, ოთხი დღით ჩასული ვიყავი და 1-წლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი. ახალი გამოწვევის მიმართ, შიში არ მაქვს, მაგრამ მობილიზებული ვარ. ვიცი, რომ წინ რთული სამუშაო მელოდება, მაგრამ ეს ნაბიჯი, რაღაც ეტაპზე უნდა გადამედგა. ნაბიჯი, რომელიც განვითარებისთვის აუცილებელია", - ამბობს ვახტანგ იაგორაშვილი TSFF.GE-სთან საუბარში.

სამომავლოდ, „დინამოს აკადემიის" ყოფილი და ახლა უკვე პოლონური „კორონას" სამწვრთნელო შტაბის წევრი, კიდევ უფრო მაღალ გეგმებს ისახავს - სამწვრთნელო A ლიცენზიის პრო-ლიცენზიით ჩანაცვლებას აპირებს. თუმცა მანამდე ექსტრაკლასაზე „კორონას" მთავარი მწვრთნელის 1 ასისტენტის მოვალეობების შესრულება მოუწევს. იცის, რომ ადაპტაციისთვის მასაც ისევე დასჭირდება დრო, როგორც გუნდის ქართველ ფეხბურთელს ვატო არველაძეს.

„ვატო არველაძე, პოლონეთში, ამ ჩემპიონატიდან წავიდა და დღეს, ითვლება გუნდის ერთ-ერთ ლიდერად. გასაგებია, რომ ადაპტაციისთვის და მოსამზადებლად რაღაც პერიოდი დასჭირდა, მაგრამ მას მიეცა ეს დრო, მოსამზადებლად და დღეს, ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა ამ კლუბში"- ამბობს ვახტანგ იაგორაშვილი.

ქართველი მწვრთნელი სამომავლოდ, თუ მის აზრს იკითხავენ, სხვა ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებსაც გაუწევს რეკომენდაციას პოლონურ კლუბებში. რა დასამალია, ექსტრაკლასაში მოთამაშე ქართველები პოლონეთში უყვართ. ასე, რომ იაგორაშვილი მსგავს თანამშრომლობას სამომავლოდ არ გამორიცხავს.

„სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან დინამოელად დავრჩები, იმდენად ძვირფასია ეს კლუბი ჩემთვის. ხშირად აღმინიშნავს, რომ „დინამო თბილისი" ჩემთვის იმდენად ძვირფასია და ჩემია, რომ ფეხბურთელობის დროს, ეს გადაწყვეტილება, დავბრუნებულიყავი „დინამოში", ერთხელ უკვე მივიღე. როგროც კი შანსი გამიჩნდა „დინამოში", თუნდაც 1 წლით მეთამაშა, გერმანიაში, ასე თუ ისე, დალაგებული სიტუაციის დროს, იქაურობა მივატოვე და დავბრუნდი. ამას, მწვრთნელობის დროსაც, არ გამოვრიცხავ," - ამბობს, იაგორაშვილი.

„ვიტალი დარასელიას თასის" 2019 წლის გათამაშებაში, რომელიც მონაწილეთა შემადგენლობით ყველაზე პრეტენზიული იყო, გამარჯვება „დინამო თბილისის აკადემიის" 15-წლამდე გუნდმა მოიპოვა და ტურნირის არსებობის ისტორიაში, პირველმა მოახერხა ნანატრი თასი თბილისში დაეტოვებინა. ამ ტურნირამდე გუნდი, ვახტანგ იაგორაშვილმა მოიყვანა.