
კვირას, 16 ივნისს, „დინამო თბილისისა" და „ვიტ ჯორჯიას" შეხვედრით, საქართველოს ეროვნული ლიგის მეორე წრე დასრულდა. ისევე, როგორც კალენდარულ მატჩებში, ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „საბურთალომ", მეორე წრის ბოლო „წამებზე", გიორგი გეგუჩაძის ბათუმის „დინამოს" ლიდერობა თვალწინ ააცალა.
მეორე წრის ბოლო, რიგით კი, მე-18 ტურში, ბათუმის „დინამო" თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე თბილისის „ლოკომოტივთან" 1-0 დამარცხდა. თბილისური კლუბი, რომელმაც აღნიშნული ჩემპიონატი საკმაოდ უხერხულად დაწყო, ლევან კორღალიძის მთავარ მწვრთნელად მოსვლის შემდეგ სხვანაირად ათამაშდა. რთული სათქმელია კლუბში, ახალგაზრდა მწვრთნელის მიერ დალაგებული ტაქტიკური მონახაზის ბრალია, თუ „ლოკომოტივმა" „საფრთხე" დროულად იგრძნო, ფაქტია, რომ გუნდი, კორღალიძის მოსვლის შემდეგ, მე-6 ტურია დაუმარცხებლად ასპარეზობს. მეორე წრის ბოლო შეხვედრაშიც, 88-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძის გოლის შემდეგ, „ლოკომ" წაუგებელი თამაშების სერია გააგრძელა.
ამ შეხვედრის შემდეგ, ბათუმის „დინამო" 37 ქულით მეორე ადგილზე აღმოჩნდა. „ლოკომოტივმა" კი, „ჩიხურას" გადაუსწრო და ახლა, 25 ქულით მე-5 ადგილზეა.
„ჩიხურას", რომელსაც რამდენიმე კვირაში, ევროთასებზე მოუწევს თამაში, არც თუ სახარბიელოდ გამოიყურება. ამის დასტური, წყალტუბოში, ქუთაისის „ტორპედოსთან" ჩატარებული მე-18 ტურის შეხვედრაა. სოსო ფრუიძის შეგირდები, უკვე მე-8 წუთისთვის ანგარიშით, 3-0-ს აგებდნენ, გიორგი ქიმაძის დუბლისა და მიშიკო სარდალიშვილის ავტოგოლის შემდეგ. კიდევ 10 წუთში, ტორპედოელ ქიმაძეს უკვე ჰეთ-თრიქი ჰქონდა შესრულებული.
აღსანიშნავია, რომ „ტორპედოში" არსებული პრობლემებისა და ფინანსური დავალიანებების მიუხედავად, ყველა იმ ქართულ კლუბს შორის, რომლებიც ევროთასებისთვის ემზადებიან, ქუთაისური კლუბი, ყველაზე კარგად გამოიყურება. მიუხედავად იმისა, რომ „ჩიხურასთან" შეხვედრაშიც, კახა ჩხეტიანს, ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე საკვანძო მოთამაშე აკლდა, გუნდმა შეხვედრა სტაბილურად ჩაატარა.
ამ იმერულ დერბიში, საერთო ჯამში 8 გოლი გავიდა. „ჩიხურამ" რამდენჯერმე სცადა „თამაშში დაბრუნება", თუმცა 85-ე წუთზე, ჰამზიჩის კარში გასულმა მე-5 გოლმა, „ტორპედოს" 3 ქულა და მეორე წრის შემდეგ სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილი გაუნაღდა. ქუთაისელებმა 5-3 გაიმარჯვეს.
18 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა იხსნება. TSFF.GE-სთან საუბარში, „ტორპედოს" წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ უახლოეს ხანში, საბოლოოდ გაირკვევა მოხდება კლუბში რადიკალური ცვლილებები, თუ არა. ამ გადაწყვეტილებას ელიან ქუთაისური კლუბის ფეხბურთელებიც. ჯერ-ჯერობით კი, კლუბი მხოლოდ, 2018 წლის საუკეთესო მცველმა მამუკა კობახიძემ დატოვა. „ჩიხურასთან" მატჩში, ფეხბურთელმა „ტორპედოს" მაისურით ბოლო 90 წუთი ითამაშა. კობახიძე მომდევნი წრიდან ბათუმის „დინამოს" ღირსებას დაიცავს.
ევროტურნირებამდე დარჩენილ დროში, სერიოზული სამუშაოს გაწევა მოუწევს „ჩიხურას" ხელმძღვანელობას. ფაქტია, რომ საჩხერელთა, თუნდაც „ტორპედოს" წინააღმდეგ თავდადება, დიდს, ვერაფერს დაეხმარება უეფა-ს ტურნირზე.
ევროპა ლიგაზე თამაშს, ჩემპიონთა ლიგა და შესაბამისად, „საბურთალო" არჩია გიორგი გაბედავამ. 2018 წლის საუკეთესო ბომბარდირი თვლის, რომ ასე, ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის თვალთახედვის ქვეშ უფრო იქნება.
მე-18 ტურში „საბურთალომ" თბილისში, „მიხეილ მესხზე" ბოლნისის „სიონი" მინიმალური ანგარიშით 2-1 დაამარცხა. ამ მოგების შემდეგ მოქმედმა ჩემპიონმა, მიმდინარე გათამაშებაში ლიდერის პოზიცია დაიბრუნდა.
ამ დღეს, კიდევ ერთი მატჩი რუსთავში, სფფ-ს აკადემიის ბაზაზე გაიმართა. „რუსთავმა", პირველ ტაიმში პაატა კიტეიშვილისა და ნიკოლაი ყიფიანის გატანილი გოლებით, ანგარიშით 2-1, გორის „დილას" დამარცხება შესძლო. ამ გამარჯვების მიუხედავად, რუსთაველები, კვლავ სახიფათო ზონაში რჩებიან 14 ქულით. ასევე არასახარბიელო ვითარებაშია „დილა", რომელიც 19 ქულით მე-8 საფეხურზეა.
საჭირო 3 ქულა, საკმაოდ მძიმე თამაშში, აიღო „დინამო თბილისმა". მიმდინარე ჩემპიონატში, როგორც ირკვევა "დინამო თბილისის" ამ ფორმაციის გუნდისთვის, „ვიტ ჯორჯია" საკმაოდ უხერხულ მეტოქედ ჩამოყალიბდა. გუნდების სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ე.წ. გარიგებული თამაშების გამო ვიტჯორჯიელებს ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებიც აკლდათ და გუნდიდან წასული რამდენიმე სხვა მოთამაშეც, მასპინძლებს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს.
მატჩის დასრულების შემდეგ, „ვიტ ჯორჯიას" მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმერ ხაჩიძემ აღნიშნა, რომ ამ დღეს, მისი გუნდის შემადგენლობაში 8 ფეხბურთელმა პირველად ითამაშა „დინამო არენაზე". თუმცა, სამართლიანობისათვის უნდა აღინიშნოს, რომ ეს მის გუნდს არ ემჩნეოდა. მიუხედავად იმისა, რომ დინამოელმა დმიტრო ივანისენიამ ანგარიში მე-14 წუთზე გახსნა, დინამოელებს გამარჯვების გოლი 90-ე წუთზე, ლევან შენგელიას უძლიერესმა დარტყმამ მოუტანა, 2-1.
უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრის მსვლელობიდან გამომდინარე, ალბათ ლოგიკური შედეგი უფრო ფრე იქნებოდა. თუმცა, ამ ჯერზე ბოლო წუთებზე იღბალი „დინამო თბილისის" მხარეს იყო. „ვიტ ჯორჯიასთან" მატჩში, დებიუტი ჰქონდა გიორგი აბუაშვილს, რომელმაც თავი, ქართველ გულშემატკივარს „ვ. დარასელიას თასის" 2019 წლის გათამაშებიდან დაამახსოვრა. 16 წლის დინამოელმა მოედანზე 27 წუთი დაჰყო.
ამ თამაშში მოპოვებული 3 ქულით, დინამოელები, გათამაშების ცხრილში, 32 ქულით მე-3 ადგილზე არიან. თუმცა, ეს გარემოება რამდენად ამშვიდებს, თბილისელთა კლუბის მესვეურებს რთული სათქმელია, რადგან 3 კვირაში „დინამო თბილისს" უეფა-ს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშების გამართვა უწევს. დღევანდელი მოცემულობით კი, კლუბში აშკარად ბევრი რამ დასალაგებელია.
ქვეყნის ჩემპიონატი 22 ივნისს განახლდება. 22 და 23 ივნისს ეროვნული ლიგის მე-3 წრის შეხვედრები გაიმართება. თუმცა, მანამდე, 18 და 19 ივნისს, საქართველოს დავით ყიფიანის თასის 1/8 ფინალის მატჩები გაიმართება.
სატურნირო ცხრილი





ჩვენ








