
დღეს საღამოს, უეფა-ს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ტურნირში მონაწილე გუნდები ჯგუფებად დაანაწილა. შესაბამისად, გაირკვა ქართული კლუბების სავარაუდო მეტოქეების ვინაობაც. აღსანიშნავია, რომ ევროთასების 2019-2020 წლების გათამაშებაში მონაწილე ქართული კლუბებიდან „საბურთალო", „დინამო თბილისი", „ტორპედო" და „ჩიხურა", მხოლოდ „დინამო თბილისი" გამოვა ე.წ. განთესილის სტატუსით.
უეფა-ს ევროპა ლიგის გუნდების წილისყრა თბილისის დროით 17:30 წუთიდან დაიწყება. თამაშები 11 და 18 ივლისს გაიმართება. ამ ტურნირში მონაწილე სამივე გუნდი, „დინამო თბილისი", „ტორპედო" და „ჩიხურა" საშინაო მატჩებს თბილისში გამართავენ. „დინამო თბილისი" , მშობლიურ „დინამო არენაზე", „ტორპედო" და „ჩიხურა" „მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე".

აღნიშნულ ტურნირზე პირველად ქუთაისის „ტორპედოს" მეტოქის ვინაობა გაირკვევა. ტორპედოელების სავარაუდო მეტოქეები, მე-2 ჯგუფში არიან: „ლეგია" (პოლონეთი), „ჰაიდუკი" (ხორვატია), ცსკა სოფია (ბულგარეთი), „რადნიცკი" (სერბეთი), „ორდაბასი" (ყაზახეთი).

ამის შემდეგ, უკვე საჩხერის „ჩიხურას" მოწინააღმდეგის ვინაობა გახდება ცნობილი. საჩხერელები მე-6 ჯგუფში განთესილი გუნდებიდან - „სპარტაკ ტრნავა" (სლოვაკეთი), „ჟალგირისი ვილნიუსი (ლიეტუვა), „ფოლა ეშ" (ლუქსემბურგი), „ალაშკერტი" (სომხეთი), „ოლიმპია" (სლოვენია), ერთს დაუპირისპირდებიან.

უეფა-ს ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრამდე „დინამო თბილისის" ხუთი სავარაუდო მეტოქეა: „ტეუტა" (ალბანეთი), „ლა ფიორიტა" (სანმარინო) /"ენგორდანი" (ანდორა), „შიროკი ბრიეგი" (ბოსნია და ჰერცოგოვინა), „დუნაისკა სტრედა" (სლოვაკეთი) და „კაუნო ჟალგირისი" (ლიეტუვა).
***
თუმცა, ევროპა ლიგის გათამაშებამდე უკვე ცნობილი იქნება საქართველოს მოქმედი ჩემპიონის „საბურთალოს" მეტოქის ვინაობა. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა, ნიონში, 16:30 წუთიდან დაიწყება.

შოტლანდიური „სელტიკი", აზერბაიჯანული „ქარაბაღი", მოლდოვას „შერიფი", ლუქსემბურგის „F91 დიუდელანჟი" და სლოვაკური „სლოვან ბრატისლავა" კი, „საბურთალოს" სავარაუდო მეტოქეები არიან.
პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 9/10 და 16/17 ივლისს გაიმართება.





ჩვენ








