ქართული გუნდების მეტოქეები ცნობილია
ქართული გუნდების მეტოქეები ცნობილია
18.06.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, ნიონში, უეფას 2019-2020 წლების ევროპის საკლუბო ტურნირების წილისყრა გაიმართა.  ქართული კლუბებისთვის, წილისყრამ შესაძლოა ყველაზე სასურველი მეტოქეები გამოავლინა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ევროთასებზე მოასპარეზე ეროვნული ლიგის ოთხივე კლუბს „საბურთალო", „დინამო თბილისს", „ტორპედოსა" და „ჩიხურას" გარკვეული წილი სათამაშო ხარვეზები, „ტორპედოს" კი, ფინანსური პრობლემებიც თანდართულად, უმოკლეს ვადებში აქვთ გამოსასწორებელი, ევროთასების პირველი, „მარტივი" რაუნდი, შესაძლოა, არც ისე მარტივი გადასალახავი გამოდგეს.




უეფა-ს ჩემპიონთა საკვალიფიკაციო ეტაპს, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „საბურთალო" მოლდოვაში დაიწყებს. ტირასპოლი „შერიფის" წინააღმდეგ, თბილისელები 9/10 და 16/17 ივლისს ითამაშებენ.


თუმცა, ამ შეხვედრამდე სტადიონზე, რომელზეც „საბურთალო" „შერიფს" მიიღებს, დიდი ალბათობით უეფა-ს ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ერთი შეხვედრა უკვე გამართული იქნება. საქმე იმაშია, რომ თბილისში, მიხეილ მესხის არენა, უეფა-ს ევროთასების მატჩების დროს ერთდროულად სამი გუნდის, „საბურთალოს", „ჩიხურასა" და „ტორპედოს" მასპინძელი სტადიონია. გამომდინარე აქედან, კი სავარაუდოდ ხვალ, დღის ბოლომდე, არაა გამორიცხული უეფა-მ ევროპა ლიგის მონაწილე გუნდების „ჩიხურასა" და „ტორპედოს" საშინაო და გასვლითი მატჩების განრიგი შეცვალოს.




დღესვე, ნიონში, ევროპა ლიგის წილისყრაც გაიმართა.

ქუთაისის „ტორპედო" ყაზახეთის „ორდაბასს" დაუპირისპირდება. წილისყრის შედეგად, პირველი მატჩი შიმკენტში უნდა გაიმართოს. წილისყრით, პირველი თამაში გასვლა აქვს საჩხერის „ჩიხურასაც", რომელიც ლუქსემბურგის სამოყვარულო  კლუბთან „ფოლა ემ"-თან მატჩით ჩაებმება ევროპა ლიგის გათამაშებაში. თამაშები 11 და 18 ივლისს გაიმართება. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უეფა-დან სტუმარ-მასპინძლობის დაზუსტებული გრაფიკი, მხოლოდ ხვალ იქნება ცნობილი.




11 და 18 ივლისს, პირველ შეხვედრას სახლში, „დინამო არენაზე" და მომდევნოს კი, გასვლაზე გამართავს საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისი". დინამოელების მეტოქე სან მარინოს „ლა ფლორიტასა" და ანდორული „ენგორდანის" შორის გამარჯვებული იქნება. ეს გუნდები ერთმანეთს 27 ივნისსა და 4 ივლისს დაუპირისპირდებიან და სწორედ, ამ დღეს გაირკვევა თბილისელთა მომდევნო მეტოქე.  შეგახსენებთ, რომ 2019-2020 წლების ევროთასების გათამაშებაში, „დინამო თბილისი" ერთადერთი განთესილი გუნდი იყო.