საჭადრაკო დრესკოდი და მსოფლიო თასის მესამე ტური
საჭადრაკო დრესკოდი და მსოფლიო თასის მესამე ტური
10.09.2017
ავტორი:

თბილისში მინდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე ჭადრაკში, თითქმის შეჯიბრის მესამედი უკვე ჩატარებულია. დღეს, მესამე ტურში 16 წყვილიდან 12-მა, გართულებებს აარიდა თავი და მშვიდობიანად დაშორდა ერთმანეთს.

ბაადურ ჯობავა პარტიაზე საბრძოლო განწყობით მივიდა. ის, რუსეთის ნაკრების წევრ იან ნეპომნიაშის დაუპირისპირდა და შავი ფიგურებით ყაიმი ითამაშა, რაც საჭადრაკო წრეების განმარტებით, ნამდვილად ჩინებული შედეგია.

დღე კი უსიამოვნო ინციდენტით დაიწყო. მსოფლიო თასის მესამე  წრის  პირველი დღეს,  ტურნირის მონაწილეს, კანადის სახელით მოასპარეზე ანტონ კოვალიოვს მთავარმა მსაჯმა ტომაშ დელეგამ, არასათანადო ჩაცმულობისთვის შენიშვნა და 15 წუთი მისცა, სამოსის გამოსაცვლელად. სატურნირო  რეგლამენტით გათვალისწინებული დრესკოდის დარღვევის გამო მიცემული შენიშვნა, როგორც ჩანს, არ მოეწონა დიდოსტატს, რადგან სათამაშო დარბაზიდან გასული კოვალიოვი, უკან აღარ დაბრუნებულა და გამოუცხადებლობის გამო მას, წაგება ჩაეთვალა. კოვალიოვი პარტიაზე  ჭრელ ბერმუდებში მივიდა. როგორც ჩანს, საჭადრაკო დღეს კოდი სიჭრელის კონკრეტულ შეზღუდვებს ითვალისწინებს. მთავარია, რომ მონაწილეს, სოლიდური შარვალი ან ქვედაბოლო და არა „შორტი" ეცვეს.

ტურის  მთავარ მოულოდნელობა,  აქამდე დანაკარგის გარეშე მოასპარეზე კარლსენის მარცხი გახდა, ბუ სიანჩჟისთან. თეთრი ფიგურებით მოთამაშე ჩემპიონის  მცირე უზუსტობები კარგად გამოიყენა  ჩინელმა დიდოსტატმა და დამაჯერებლად  გაიმარჯვა. კარლსენს  დღევანდელ წაგებამდე  4-დან 4 გამარჯვება ჰქონდა.  აუღელვებელმა ბუმ კი, ნორვეგიელ ჩემპიონს მარცხი აგემა.

საჭადრაკო ოლიმპიადების მრავალგზის გამარჯვებულმა ლევონ არონიანმა,  იოლად მოიგო  2017 წლის ევროპის ჩემპიონ მაქსიმ მატლაკოვთან. მსოფლიოს საჭადრაკო  რეიტინგ-სიის  მეშვიდე ნომერმა უესლი სომ კი, ესპანელი დიდოსტატი ფრანცისკო ვალეხო დაამარცხა.

ალექსანდრ ლენდერმანმა, ამერიკელმა დიდოსტატმა,  პირველ წრეში უძლიერესი უკრაინელი დიდოსტატი პაველ ელიანოვი დაამარცხა. ხოლო დღეს, მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგ-სიის მეორე ნომერ ფრანგ ვაშიე-ლაგრავს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია.

დღევანდელ ტურში დიდ ინტერესს იწვევდა ექსგვირგვინოსანი ვლადიმირ კრამნიკის და უგვირგვინო ვასილი ივანჩუკის დაპირისპირებაც. პარტია  დიდი ხნის მეტოქეებს შორის მშვიდობიანად დასრულდა.

შეგახსენებთ, თბილისში, ჭადრაკში, მსოფლიო თასის გათამაშება 28 სექტემბრამდე გრძელდება. შეხვედრები სასტუმრო „ჰუალინგში" მიმდინარეობს.