
დღეს, სამტრედიაში, მინიმალური ანგარიშით 1-2 „საბურთალომ" მასპინძელი „სამტრედიის" დამარცხება შესძლო და საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/8 ფინალში გათამაშებაში დარჩენილი ეროვნული ლიგის 6 გუნდიდან, პირველმა მოიპოვა შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, საბურთალოელთა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა, ნიონში გამართული წილისყრის შედეგები შეაფასა. უეფა-ს ევროტურნირებზე, მის გუნდს, ქართული გუნდებიდან პირველს მოუწევს ახლა ევროპულ საკლუბო ტურნირში ჩართვა.
"ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზეც კი სუსტი გუნდი არ არსებობს. ხუთი სავარაუდო მეტოქედან შესაძლო იყო სხვა გუნდებიც შეგვხვედროდა, მაგრამ მოწინააღმდეგედ მოლდოვური შერიფი გვერგო. სიმართლე გითხრათ, სურვილი მქონდა გლაზგოს სელტიკს შევხვედროდით.
შერიფის თამაში ბოლოს ქუთაისის ტორპედოს წინააღმდეგ ვნახე, როდესაც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე შარშან შეხვდა. ამ ეტაპზე ვიცი ისიც, რომ ეროვნული ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ლეანდრო რიბეირო ირიცხება, რომელსაც მუდმივი სათამაშო პრაქტიკა არ აქვს.
რაც შეეხება საშინაო თუ საგარეო შეხვედრას, მერჩივნა პირველი შეხვედრა საკუთარ კედლებში გვქონოდა, თუმცა ახლა ამაზე საუბარი არ ღირს. ვეცდებით, ორი თამაშის ჯამში შემდეგ ეტაპზე გავიდეთ და გავახაროთ ქართველი გულშემატკივარი", - ამბობს გიორგი ჭიაბრიშვილი.
„საბურთალოსა" და „შერიფის" პირველ მატჩს მოლდოვაში 9/10 ივლისს არის დაგეგმილი, ხოლო განმეორებითი შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 16/17 ივლისს გაიმართება.





ჩვენ








