
ზაზა ფაჩულიას შემდე, სანაკრებო კარიერის დასასრულზე გიორგი ცინცაძე და ტოლი ბოისაც ალაპარაკდნენ.
ევრობასკეტი 2017 ჯერ არ დასრულებულა, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებში კი, როგორც ჩანს თაობათა ცვლა იწყება. ისრაელში, ბოლო ჯგუფური თამაშის შემდეგ, გუნდის კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ სანაკრებო კალათბურთიდან წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება.
სანაკრებო კარიერის დასარულზე ალაპარაკდნენ გიორგი ცინცაძე, რომელმაც ევრობასკეტის პირველ თამაშში კოჭის სერიოზული ტრავმა მიიღო, თუმცა მოკლე სანაკრებო სკამის გამო, ტრავმირებული ფეხით, მაინც თამაშობდა და ანატოლი ბოისა, რომელმაც საერთო ჯამში ისრაელი ეტაპზე, მხოლოდ რამდენიმე წუთი დაჰყო პარკეტზე.
„რთულია სანაკრებო კარიერის დასრულებაზე საუბარი, ბევრ რამეზეა ეს გადაწყვეტილება დამოკიდებული. ალბათ მეც ამ გზას დავადგები და დიდი შანსია, რომ სანაკრებო კარიერას დავასრულებ. ჯობია ახალგაზრდებს მისცე შენი სათამაშო დრო და ადგილი. შეიძლება, ისინი ჯერ ცოტათი გამოუცდელები არიან, მაგრამ პოტენციალი ჩანს ძალიან დიდი და რადგან თაობათა ცვლა გარდაუვალია, ჯობია ნაადრევად დავიწყოთ, რომ ახალგაზრდებმა დროულად აიღონ სანაკრებო ტვირთი",- ამბობს გიორგი ცინცაძემ.
ევრობასკეტზე გამგზავრებამდე გიორგი ცინცაძემ, ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ის ახალი კლუბის ძებნაშია და სურვილი აქვს, კარიერა უცხოეთში გააგრძელოს. უკლუბოდ იყო ანატოლი ბოისაც. საქართველოს ბოლო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ეს ორი კალათბურთელი ვიცე-ჩემპიონს დაემშვიდობნენ და ახალი სეზონის წინ, თავისუფალი აგენტები გახდნენ.
„ევრობასკეტზე გამგზავრებამდე, უკვე ვიცოდი, რომ „ქუთაისში" თამაშს აღარ გავაგრძელებდი. მას შემდეგ რაც ჩემპიონატი დასრულდა, გუნდიდან, არავის დაურეკავს. სავარაუდოდ, ამ კვირაში გაირკვევა რა და როგორ იქნება. არაა გამორიცხული, არა მხოლოდ სანაკრებო, არამედ საკლუბო კარიერაც დავასრულო. შეიძლება, უკვე დროა, ცხოვრების შემდეგ ეტაპზე გადასვლის. მოვძებნი საქმეს და სამსახურს. თუმცა, სადაც არ უნდა ვიყო, კალათბურთს გულგრილად ვერასრდოს შევხედავ", - ამბობს ანატოლი ბოისა.
შეგახსენებთ, საქართველოში საკლუბო პირველობა, ევრობასკეტის დასრულების შემდეგ განახლდება. თუმცა მანამდე ტრადიციული, დუდუ დადიანის მემორიალი გაიმართება. კიდევ უფრო მალე, 19 სექტემბერს, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, თბილისის „დინამო" ევროპის საკლუბო ტურნიში, დიდი ხნის შესვენების შემდეგ, კვლავ დაიწყებს ასპარეზობას.





ჩვენ








