
ისევე, როგორც ქალთა ლიგის გათამაშების სასტარტო მატჩში, „ლანჩხუთმა" ანალოგიური ანგარიშით 7-1 კვლავ დაამარცხა „გორი იუნაიტედი". თუმცა, ამ გუნდების პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, მე-10 ტურში, გურულები მე-3 წუთზე, თამრიკო სალუქვაძის გოლით დაწინაურდნენ. საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ამ დღეს, პირველ ტაიმში კიდევ 2 გოლი, 33-ე და 45-ე წუთებზე გაიტანა და ახლა, 17 გოლით, ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში მე-2-3 ადგილებს იყოფს ნინო სუთიძესთან ერთად.
აღსანიშნავია, რომ სწრაფი გოლის შემდეგ, ჯერ ნათია წოწერიამ, შემდეგ კი ირინა ხაბურზანიამ ლანჩხუთელთა უპირატესობა გაზარდეს და შეუძლება ითქვას, პირველივე ტაიმში მატჩის ბედი გადაწყვიტეს. შეხვედრის ამ მონაკვეთში გაიტანა პრესტიჟის გოლი ეთერ სულაშვილმა. გურულებმა მეორე ტაიმი მშვიდად ჩაატარეს და უკვე გატანილ 5 გოლს კიდევ 2 დაუმატეს.
ქალთა ლიგის მეორე წრის მე-10 ტურის შეხვედრაში, „დინამო ბათუმის" ქალთა გუნდმა, საკუთარ კედლებში, ანგისას ბაზაზე ჩხოროწყუს „სამეგრელოსთან" რევანში აიღო. უკვე პირველი ტაიმის შემდეგ, აჭარლები მეტოქეს, რომელმაც მთელი თამაში 10 კაცის შემადგენლობით ჩაატარა, 3-1 უგებდნენ. საბოლოოდ კი, 5-1 გაიმარჯვეს.
10-გოლიანი მშრალი ანგარიშით არა, მაგრამ „მართვემ", ხაშურის „ივერია" ამ სეზონზე მეორე დაპირისპირებაშიც დაჯაბნა. ამ შეხვედრაში ქუთაისელებმა პირველი გოლის გატანა, მხოლოდ 32-ე წუთზე მოახერხეს. ანგარიში ანა სინატაშვილმა გაათანაბრა, ვინაიდან სტუმრები მე-6 წუთზე, ირმა ლომიძის გატანილი გოლით ქუთაისურ დაპირისპირებაში მატჩის სტარტზევე დაწინაურდნენ და მასპინძლებს ბევრი საფიქრალიც გაუჩინეს. თუმცა, სინატაშვილის გოლს, 8 წუთში, ეკატერინე ჩირგაძის გოლიც დაემატა. ტაიმის მიწურულს, ქუთაისელები ერთბურთიანი სხვაობით გავიდნენ შესვენებაზე, მეორე ტაიმში კი, 3 გოლი გაიტანეს და სატურნირო ცხრილში, მნიშვნელოვანი 3 ქულა დაიმატეს. „მართვემ" 5-1 გაიმარჯვა.
ხობის „კოლხეთთან" რევანში აიღო, თბილისში, „შატილის" სტადიონზე „ნორჩმა დინამომ". შეიძლება ითქვას, „კოლხეთი", რომელიც ამ მატჩამდე სატურნირო ცხრილში, მე-4 საფეხურზე იყვნენ და უშუალო კონკურენტს, „ნორჩ დინამოს" 3 ქულით უსწრებდნენ, მე-10 ტურში, სტატისტების როლში აღმოჩნდნენ, რადგან ყველა გოლი (მათ შორის ავტოგოლი) თბილისელებმა, გაიტანეს. „ნორჩმა დინამომ" 4-1 მოიგო. ამ დღეს, ნორჩდინამოელთა შორის, ყველაზე შედეგიანი ნინო ჭუჭულაშვილი იყო. ფეხბურთელმა, მე-6, 41-ე და 50-ე წუთებზე სამი გოლის გატანა მოახერხა. აღსანიშნავია ისიც, რომ ანგარიში თბილისელებმა ელენე რაუხის სწრაფი გოლით, მე-3 წუთზე გახსნეს და მალევე, 2-0 დაწინაურდნენ. აღსანიშნავია, რომ თბილისელთა შორის სადებიუტო მატჩი ჩაატარა საქართველოს ასაკობრივი ნაკრების მეკარემ სვეტლანა გაბელაიამ. სადებიუტო მატჩი ჰქონდა „კოლხეთში" ანა პოღოსიანსაც, რომელმაც ქალთა ლიგის 2019 წლის სეზონი მეორე მეგრულ გუნდში, „სამეგრელოში" დაიწყო.
ამ ტურის ბოლო, მე-5 შეხვედრა თბილისში, სფფ-ს ტექნიკური ცენტრი ბასას ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „ნიკე" იოლად დაამარცხა გათამაშების დებიუტანტი, „ზარზმა", ყველაზე ახალგაზრდული გუნდი მიმდინარე გათამაშებაში. აღსანიშნავი, რომ „ზარზმას" ყველაზე უფროსი ასაკის მოთამაშე 19 წლისაა, ყველაზე უმცროსი კი 14 წლის. პირველი ტაიმის შემდეგ, „ნიკე" 5-0-ს იგებდა. ზარზმელები კი, თავს იმშვიდებდნენ, რომ ამ გუნდების პირველ შეხვედრაში, დროის ამ მონაკვეთში მათ უკვე 9გოლი ჰქონდათ გაშვებული. ნიშანდობლივია, რომ ადიგენის ქალთა საფეხბურთო კლუბი, ქალთა ლიგის 2019 წლის გათამაშების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე შეიქმნა და საფეხბურთო „ნათლობასაც" ამ გუნდის ბევრი წევრი თამაშიდან თამაშამდე იღებს. „ნიკესთან" მატჩში, სტუმართაგან მეკარეს ეკა თაბაგარს გამოვარჩევდით. 16 წლის მეკარემ, ქვეყნის ჩემპიონთან, მხოლოდ მეათეჯერ ითამაშა და შეძლებისდაგვარად, თავის გუნდს დაეხმარა. „ნიკემ" კი, როგორც მოსალოდნელი იყო, მიმდინარე გათამაშების მე-10 მატჩიც მოიგო და დანაკარგის გარეშე, ქულების მაქსიმალური რაოდენობით, 30 ქულით ქალთა ლიგას ლიდერობს.
სატურნირო ცხრილში 27 საფეხურით მეორე ადგილზე „ლანჩხუთი", მესამე კი, 21 ქულით, ქუთაისის „მართვეა".
ქალთა ლიგის გათამაშების მომდევნო, მე-11 ტური 29 ივნის გაიმართება.





ჩვენ








