
დღეს, მთელი დღის მანძილზე, საფეხბურთო კლუბი ქუთაისის „ტორპედოს" ოფიციალური ფეისბუქ-გვერდი, ტრადიციული და თვითმყოფადი ქართული კლუბიდან (რომელიც 2018 და 2019 წლის სეზონებზე საუკეთესო იყო შემადგენლობით) ფეხბურთელების წასვლის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. მამუკა კობახიძის შემდეგ, რომელმაც საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-19 ტური, თბილისში, უკვე ჩაატარა ბათუმის „დინამოს" შემადგენლობაში „საბურთალოს" წინააღმდეგ, ცნობილი იყო, რომ ბათუმში, „დინამოსა" და „ტორპედოს" მატჩის შემდეგ გუნდს ლევან გეგეჭკორი და მერაბ გიგაურიც ტოვებდნენ. მიუხედავად ამისა, მე-20 ტურის გუშინდელ მატჩში, ანგისას ბაზაზე, ხსენებული ფეხბურთელები ბოლომდე დაიხარჯნენ, მერაბ გიგაურის გადაცემით კი, ტორპედოელებს საჭირო ქულა სწორედ, ლევან გეგეჭკორის გოლმა მოუტანა. შეგახსენებთ, რომ შეხვედრა ფრედ, 2-2 დასრულდა.

ლევან გეგეჭკორი: "მადლობა "ტორპედოს" ფანებს ყველაფრისთვის. ისინი ერთ-ერთი საუკეთესოები არიან და მათ მხარდაჭერას ყველა მატჩზე ვგრძნობდი. მადლობა კლუბში მომუშავე თითოეულ ადამიანს. მადლობა იმ ფეხბურთელებს, ვისთან ერთადაც ვითამაშე...
განსაკუთრებული მადლობა მინდა კახა ჩხეტიანსა და მის შტაბს გადავუხადო. ეს ის ადამიანები არიან, ვისაც "ტორპედოს" წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვნით. ისინი ნამდვილი პროფესიონალები არიან და მათ წარმატებებს ვუსურვებ.
მიუხედავად იმისა, რომ გუნდს ვტოვებ, ვრჩები ამ დიდი ოჯახის წევრად და ვიქნები ერთ-ერთი იმ მრავალი ადამიანისგან, ვისაც "ტორპედოს" წარმატება გაუხარდება. მადლობა!"

მერაბ გიგაური: ჩემდა სამწუხაროდ, მოვიდა დრო, "ტორპედოს" გულშემატკივრებს დაგემშვიდობოთ. არ იყო იოლი ამ გადაწყვეტილების მიღება და წასვლა იქიდან, საიდანაც და ვისგანაც სულ ვგრძნობდი მხარდაჭერას, გვერდში დგომას... მაგრამ ახალი გამოწვევების დრო მოვიდა!
კარიერას უცხოეთში გავაგრძელებ, თუმცა მანამდე მსურს მადლობა გადავუხადო მთლიანად სამწვრთნელო შტაბს და კახა ჩხეტიანს . მინდა მადლობა გადავუხადო ქუთაისელ გულშემატკივრებს ყველა იმ წუთისთვის, რომელიც ამ წლების განმავლობაში ერთად გავატარეთ. ერთად არაერთი ტიტული მოვიპოვეთ და იმედი მაქვს, "ტორპედოს" წარმატებული გზა უჩემოდაც გაგრძელდება.
მივდივარ, მაგრამ ვრჩები თქვენს ერთ-ერთ გულშემატკივრად, რომელსაც ამ კლუბის წარმატება ყოველთვის გაუხარდება. კიდევ ერთხელ, მადლობა ყველაფრისთვის!"

„ტორპედო" დატოვეს გიორგი ქიმაძემ, ნოდარ ქავთარაძემ, ამბროსი ჩაჩუამ და რიჩარდ ლუკამაც. გუნდის ოფიციალური ფეისბუქ- გვერდის დახმარებით, „ტორპედო" თითოეულ მათგანს კარიერაში წარმატებებს უსურვებს.
გიორგი ქიმაძე "ტორპედოს" დაემშვიდობა: "მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველაფრისთვის. მადლობა სამწვრთნელო შტაბს, ფეხბურთელებსა და გულშემატკივარს. იმედია, ერთ დღეს "ტორპედო" ისევ ისეთი ძლიერი იქნება, როგორიც იყო!"
კარიერა კი, ზემოჩამოთვლილიდან ორმა, გიორგი ქიმაძემ და ნოდარ ქავთარაძემ, დღეს საღამოს გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისში" გააგრძელონ. აღნიშნულის შესახებ, თბილისელთა მხრიდან ჯერ არც დასტური და არც ფაქტის უარყოფა ვრცელდება.

შესაბამისად ვერ, ან უფრო არ ახერხებს, ქართული კლუბის ხელმძღვანელობა უკრაინელი მცველი ოლეკსანდრ აზაცკის საკითხის გარკვევას. საქართველოს 2018 წლის სეზონის საუკეთესო ლეგიონერის ნომინაციაზე წარდგენილი, ქუთაისურ კლუბში, იჯარის წესით აგრძელებდა თამაშს. თუმცა, იჯარას ვადა გაუვიდა და შესაბამისად, ამ ფეხბურთელის ბედი, გაურკვეველია. უფრო ზუსტად კი, გადაწყვეტილია.
ჩვენი გვერდისთვის, ცნობილი გახდა, რომ „ტორპედოს" რიგებს დატოვებს მათე ცინცაძეც, თუმცა, მოარული ხმების საპირისპიროდ, ის კარიერას არა საქართველოში, არამედ უცხოეთში გააგრძელებს.
ფაქტია, რომ უეფას ევროპა ლიგის პირველ მატჩამდე, 11 ივლისამდე დარჩენილ დროში, კახა ჩხეტიანი გუნდი, ძირითადი შემადგენლობის 8 ფეხბურთელის გარეშე დარჩა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ფეხბურთელების მიმართ, ფინანსური დავალიანება კლუბს კვლავ რჩება, არაა გამორიცხული, რომ ეს (ჩვენი გვერდის აზრით) საკმაოდ ნეგატიური პროცესი, რაც საბოლოოდ ისევ ქართული ფეხბურთის მომავალზე იქონიებს გავლენას, კვლავ გაგრძელდეს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო წელიწადნახევრის მანძილზე, კლუბის ბიუჯეტი დაახლოებით 10 მილიონი ლარს შეადგენდა. ამ დროს, კლუბის ბიუჯეტიდან, საერთაშორის თამაშებზე, ე.წ. „ჩარტერზეც" კი, თითქმის არ იხარჯებოდა თანხა და ფეხბურთელებს, მნიშნელოვან თამაშებზე (უეფა-ს 2018-2019 წლების საკვალიფიკაციო ეტაპი გვაქვს მხედველობაში), გამონაკლისის გარდა, „ბოშათა ბანაკივით" უწევდათ სიარული. თვეობით, ფეხბურთელები (მართალია ზოგიერთი მათგანი, ქართული რეალობისთვის საკმაოდ მაღალ, მაგრამ წინასწარ შეთანხმებულს და კონტრაქტში გაწერილ) ხელფასებს ვერ იღებდნენ. ისევე, როგორ მწვრთნელები, აკადემია და მთელი ეს დიდი საფეხბურთო „ვოლოკიტა", რომელიც როგორც ჩანს, კლუბის მფლობელებმა, „ტორპედოში" მოსვლამდე უბრალოდ არ გათვალეს. ბუნებრივია, მიზეზებზე ჩაღრმავება ძალიან შორს წაგვიყვანს. ახლა, უეფა-ს ევროპა ლიგის მნიშვნელოვან თამაშამდე, უმოკლეს ვადაში საერთო მობილიზება და კლუბის შველაა აუცილებელი.

აქვე, გვინდა, ჩვენი გვერდის პოზიცია დავაფიქსიროთ და ქუთაისში და ქუთაისელ ბიზნესმენებს თხოვნით მივმართოთ, იქნებ, მოხერხდეს საწყის ეტაპზე მაინც, კლუბის დარჩენილი ბირთვის შენარჩუნება და ეტაპობრივად მათი ახალი (შესაბამისად, დაბალანაზღაურებადი) კადრებით ჩანაცვლება. ეს იქნება პროცესი, რომელიც გუნდის ყოფას უმტკივნეულოდ გადაახალისებს.
ანალოგიურად, მოვუწოდებთ, ქუთაისის მერიას, დროულად დაასრულოს მათზე დაკისრებული ინფრასტრუქტურული ვალდებულებები - კერძოდ სტადიონის კეთილმოწყობა (ის ნაწილი რაც, უშუალოდ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გასაკეთებელია და უკვე 2 წელია ყოვნდება) და იმერეთის მთავარ ქალაქს დაუბრუნოს ფეხბურთი, ქუთაისის „ტორპედოსთან" ერთად.

ქართული ფეხბურთის ინტერესებიდან გამომდინარე, გასაჯაროვდეს როგორ მივიდა ერთ-ერთი თვითმყოფადი ქართული კლუბი გაკოტრებამდე, თორემ „ტორპედოს", ისევე, როგორც სხვა ქართულ კლუბებს, პრობლემები წარსულში ბევრი ჰქონიათ, თუმცა, ამ ყოფამდე, არასდროს მისულა. ამას გარდა, ალბათ დადგა დრო, ამოქმედდეს ე.წ. საფეხბურთო ფინანსური ფეარ-ფლეი, რომელიც კლუბებს, მსგავს სიტუაციაში ჩავარდნისაგან დაიცავს.





ჩვენ








