
საქართველოს ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა თამაში წააგო. უშუალო მდევარმა, მე-20 ტური ფრედ ითამაშა და ქულებით, გათამაშების ლიდერს გაუთანაბრდა. „დინამო თბილისმა" კი, ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო და ლიდერებს 1 ქულითღა ჩამორჩება.
გათამაშების მე-4 საფეხურზე 20 ტურის შემდეგ ქუთაისის „ტორპედო" იმყოფება. ქუთაისურმა კლუბმა, რომელშიც მიმდინარე სეზონის დასაწყისში წარმოქმნილი ფინანსური პრობლემა არა თუ მოგვარდა, არამედ უფრო მეტად გამწვავდა, ამ შემადგენლობით ბოლოჯერ ითამაშა. „ანგისას" ბაზაზე ბათუმის „დინამოსთან" გამართული შეხვედრის შემდეგ, საბოლოოდ გამოცხადდა, რომ იმერული კლუბის რიგები 7 ფეხბურთელმა ოფიციალურად დატოვა (იხილეთ სტატია). კიდევ ერთის ამბავი კი, უახლოეს ხანში გადაწყდება. ამასთან ერთად, უშულოდ „ანგისაზე" გამართული შეხვედრის შემდეგ, ბათუმელთა რიგებში სათამაშოდ გადაბარგდა ლევან გეგეჭკორი, რომელმაც აჭარულ გუნდს ქულები, უკვე ყოფილი გუნდის „ტორპედოს" სასარგებლოდ გამოჰგლიჯა. შეხვედრა კი, ქუთაისელთა იერიშებით დაიწყო და მე-8 წუთზე ნოდარ ქავთარაძის გოლით გაიხსნა, 0-1. თუმცა, გია გეგუჩაძის შეგირდებმა, 9-წუთიან შუალედში ჯოვინო ფლამარიონის (21-ე წუთზე) 11-მეტრიანი და გაბრიელ რამოსის (30-ე წუთი) გოლებით, პირველი ტაიმის მოგება მოახერხეს, 2-1. მეორე ტაიმში კი, ანგარიშის შენარჩუნებას შეეცადნენ, თამაში კი, ნაკლებად სანახაობრივი გახდა. თუმცა, კახა ჩხეტიანის გუნდმა მატჩის ამ მონაკვეთში, იშვიათი მომენტებიდან ერთი შანსი 65-ე წუთზე გამოიყენა. თამაში ფრედ, 2-2 დასრულდა.

3 ქულა დაკარგა თბილისში, მესხის სათადარიგო მოედანზე „საბურთალომ". თუ ვინმე თვლის, რომ ამ დღეს, „მესხი 2"-ზე მოვლენები მოულოდნელად განვითარდა ჩვენის მხრივ ორი გამოკვეთილი მიზეზის გამო ვერ დავეთანხმებით. ერთი, რომ „ლოკომოტივში" ლევან კორღალიძის მოსვლის შემდეგ, კლუბმა აშკარად მოუმატა თამაშს და მეორე, მიმდინარე გათამაშებაში, „საბურთალო" „ვერ დალაგდა". საკმაოდ უღიმღამო პირველი ნახევრის შემდეგ, რომელშიც „ლოკომოტივი" ოდნავ სჯობნიდა მეტოქეს, მეორე ტაიმშიც, 56-ე წუთზე ირაკლის სიხარულიძის გოლი, აბსოლუტურად ლოგიკური იყო. „ლოკომოტივმა" 1-0 გაიმარჯვა და წაუგებელი სერია 8 მატჩამდე გაზარდა. „საბურთალომ" კი, ლიდერობა კვლავ აჭარლებს დაუთმო. ამას გარდა, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მოახლოებული საკვალიფიკაციო რაუნდის წინ, გია ჭიაბრიშვილი საკმაოდ რთული დილემის ამოხსნას უნდა შეეცადოს.

დასანანია, რომ უეფას ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩებს საჩხერის „ჩიხურა" ივანწმინდაში ვერ გამართავს. არადა, ფაქტია, რომ ისევე, როგორც გასულ სეზონებზე, როდესაც ეს იმერული გუნდი საქართველოს ეროვნული ლიგის საშინაო თამაშებს, თბილისში ატარებდა, ნაკლებ წარმატებულად გამოდიოდა. „სახლში" კი სოსო ფრუიძის გუნდის მომრევი, თითქმის არავინ იყო. ასე მოხდა ამჯერადაც. 2019 წლის გათამაშებაში „ჩიხურამ" პირველად ითამაშა ივანწმინდაში და გორის „დილა" 4-1 დაამარცხა. შეხვედრა კი, გიორგი ფანცულაიას გოლით, მე-8 წუთზე გაიხსნა. ამ გამარჯვების მიუხედავად, ისევე როგორც „ტორპედოსა" და „საბურთალოს", სოსო ფრუიძესაც უმოკლეს 12 დღეში, ევროტურნირებამდე, გუნდში ბევრის „დალაგება" მოუწევს.

მიუხედავად იმისა, რომ „დინამო თბილისი" მე-6 ტურია ქულების მაქსიმუმს აგროვებს, უეფა-ს ევროპა ლიგამდე, თბილისური კლუბის სამწვრთნელო შტაბს, კიდევ ბევრი თავსატეხი აქვს. ამის თქმის საბაბს, უპირველესად გამოუყენებელი მომენტების პროცენტულად დიდი მაჩვენებელი და ჯერ კიდევ გაუმართავი დაცვის ხაზია. მიუხედავად, ამ პრობლემებისა „დინამო თბილისმა" პირველ წრეში განცდილი მარცხის შემდეგ ბოლნისში, „სიონთან" რევანში აიღო. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის პირველი წუთებიდან დინამოელებმა, ოთო გოშაძეს მოსვენება არ მისცეს, ბოლნისელთა ახალი მეკარის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ სწორედ, მისი დამსახურებაა, მასპინძლები ამ შეხვედრაში მხოლოდ 3 გაშვებულ გოლზე, რომ „გაჩერდნენ". პირველი ტაიმის საწყისი წუთებიდან, აკაკი შულაიას, ლევან შენგელიას, ლევან კუტალიას, რამდენჯერმე ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა ჰქონდათ. თუმცა, გოლი მხოლოდ ტაიმის მიწურულს 43-ე წუთზე გავიდა. შულაიას გადაცემას, ამჯერად ზუსტად შეუცვალა მიმართულება ლევან შენგელიამ. ანალოგიურად გაგრძელდა მეორე ტაიმიც. მხოლოდ, ამჯერად დინამოელებმა 2 გოლი გაიტანეს. დუბლი შენგელიამ შეასრულა. კუტალიამ კი, როგორც იქნა, 79-ე წუთზე, კვლავ შულაიას გადაცემის შემდეგ, ანგარიში სამამდე გაზარდა. „დინამო თბილისმა" 0-3 გამარჯვა და 1-2 ადგილებზე მყოფ გუნდებს, ახლა მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება. ამ დღეს, დინამოელთა რიგებში სადებიურო შეხვედრა ჩაატარა დაფემ.

ამ ტურის კიდევ ერთი შეხვედრა რუსთავში, სფფ-ს ტექნიკური ცენტრის მინდორზე გაიმართა. „რუსთავმა", მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა „ვიტ ჯორჯია", რომელსაც ე.წ. გარიგებული თამაშების გამო აგორებული სკანდალის შემდეგ, ქულებიც დააკლდა და გუნდს ტურიდან ტურამდე ტოვებენ ფეხბურთელები.

სატურნირო ცხრილი
გათამაშების მომდევნო, 21-ე ტური 2 და 3 ივლისს გაიმართება.
სტატიაში გამოყენებულია სფფ-ს, სკ "ჩიხურას", სკ "საბურთალოსა" და სკ "ვიტ ჯორჯიას" ფოტოები აღნიშნული ტურიდან





ჩვენ








