
დღეიდან, 28 ივნისიდან ევროპულ თამაშებში, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ჩაერთვება. ფინალში გასასვლელად იბრძოლებენ ჩვენი მოკრივეები. მანამდე კი, მინსკის ევროპულ თამაშების დასრულებამდე 2 დღით ადრე, საქართველოს ოლიმპიურ გუნდს 24 მედალი (6 ოქრო, 7 ვერცხლი, 11 ბრინჯაო) აქვს და საერთო ჩათვლაში მეხუთე პოზიციაზეა. გთავაზობთ, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით მომზადებულ მიმოხილვას.
თავისუფალი ჭიდაობა
ასპარეზობის მე-6 დღეს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლის მოპოვებით საქართველოს მონაგარი 22 მედლამდე გაიზარდა. თავისუფალი სტილით მოჭიდავემ, გივი მაჭარაშვილმა, მინსკის მეორე ევროპულ თამაშებზე წინა დღით დაბევებული მედალი თამაშების მეექვსე დღეს მოიპოვა.
მძიმე წონით კატეგორიაში მოასპარეზე 23 წლამდელებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა ქართველმა ფინალში რუსეთის წარმომადგენელ ანზორ ხიზრიევთან გადამწყვეტი შეხვედრა 2:8 წააგო. აქვე უნდა ითქვას, რომ მაჭარაშვილისთვის ეს იყო დებიუტი მძიმე წონაში. როგორც იცით, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა ტრავმა ვერ მოიშუშა და მწვრთნელებმა მძიმე წონაში, სწორედ მაჭარაშვილი დააყენეს. მან კი, მინსკში ღირსეულად იჭიდავა და კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა.
ბრინჯაოს მედალი აიღო ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს და მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელმა ავთანდილ კენჭაძემ (74 კგ), რომელმაც მასპინძელ აზამატ ნურიკაუს 8:5 მოუგო.
ამავე დღეს, ფინალში გავიდა გუნდის ყველაზე ტიტულიანმა წევრმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმაც (65 კგ), რომელმაც მედლისკენ მიმავალ გზაზე მოლდაველი და რუსი ფალავნები დაამარცხა. განსაკუთრებით პრინციპული იყო ხინჩეგაშვილისა და ახმედ ჩაკაევის (რუსეთი) დაპირისპირება. ზემო წონით კატეგორიაში გადასულ ქართველ ფალავანს ჩაკაევთან ადრინდელი შეხვედრა წაგებული ჰქონდა და ამჯერად დამაჯერებელი რევანში აიღო.
ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ), რომელმაც მერვედფინალში სომეხ სარგის ჰოვსეპიანთან ანგარიშით 13:2 მოგებული ორთაბრძოლის შემდეგ, აზერბაიჯანელ ნურმაგომედ გაჯიევთან 3:7 წააგო.
კანოე
ასპარეზობა დაიყო, მედლის კიდევ ერთმა რეალური კანდიდატმა, კანოისტმა ზაზა ნადირაძემ. 200 მეტრ დისტანციაზე წინასწარ რბოლაში საუკეთესო შედეგი აჩვენა (39.421) და ნახევარფინალის გამოტოვებით, ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ქართველი სპორტსმენი ტრავმირებული ასპარეზობს და სტარტზე სამედიცინო გუნდის წარმომადგენელთა დახმარებით ახერხებს გასვლას.
კაიაკით 200 მეტრ დისტანციაზე ნახევარფინალური რბოლა 35.118 წამში დაფარა და მეორე ფინალურ ჯგუფში ასპარეზობის უფლება მოიპოვა ბადრი ყაველაშვილმა, რომელმაც წინასწარ რბოლაში დისტანცია 35.227 წამში დაფარა და 21 მონაწილეს შორის მეცხრე შედეგი ჰქონდა.
კანოეთი 200 მეტრ დისტანციაზე ნახევარფინალური ბარიერი 52.392 წამში დაფარა და მთავარ ფინალში გამოვა მარიამ ქერდიკაშვილი, რომელსაც უკეთესი შედეგი (51.526) წინასწარი რბოლისას ჰქონდა.
კრივი
წარმატებით გამოდის საქართველოს მოკრივეთა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორი ოთარ ერანოსიანი (60 კგ). მან მეორე წრეში აზერბაიჯანელ ჯავიდ ჩალაბიევს მოუგო და მინიმუმ ბრინჯაოს მედალი გაინაღდა. ნახევარფინალში ერანოსიანის მეტოქერუსეთის ნაკრების წევრი გავილ მამედოვი იქნება.
***
გუშინდელ დღემდე, საქართველოს ოლიმპიური გუნდი, საერთო გუნდუ ჩათვლაში 6 ოქროს, 6 ვერცხლისა და 10 ბრინჯაოს მედლით საქართველოს საერთო ჩათვლაში მესამე ადგილზე იყო. თუმცა, ასპარეზობის მე-7 დღეს, 2 პოზიციით ჩამოქვეითდა.
მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრებმა მინსკში მიმდინარე ევროპული თამაშების მეშვიდე დღეს წინა დღის შედეგი გაიმეორა და 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

კანოე
ყველასთვის მოულოდნელად, სამეულს მიღმა დარჩა კანოისტი ზაზა ნადირაძე, რომლისგანაც მედალს ველოდით. ევროპის ჩემპიონმა და მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორმა საკვალიფიკაციო ეტაპი საუკეთესო შედეგით მოიგო და უპირველეს ფავორიტად ითვლებოდა. ზაზამ ფინალში 200-მეტრიანი დისტანცია 44.995 წამში დაფარა და მეოთხე ადგილი დაიკავა. პირველ ადგილზე 42.835 წამით მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ბელარუსი არსტიომ კოზირი გავიდა. მეორე ადგილი 43.353 წამით იტალიელ ნიკოლე კრასიუნეს ერგო, ხოლო მესამე პოზიცია ესპანელმა ალფონსო ბენავიდესმა დაიკავა - 44.255.
აქვე კანოეთი 200 მეტრზე ქალებში ფინალში იასპარეზა მარიამ ქერდიკაშვილმა, რომელმაც საბოლოოდ მერვე შედეგი აჩვენა - 54.691. ამავე მანძილზე კაიაკით რბოლაში ბადრი ყაველაშვილმა 38.095 წამით მეათე ადგილი დაიკავა.
თავისუფალი ჭიდაობა
4 მედლით (2 ვერცხლი, 2 ბრინჯაო) დაასრულა ასპარეზობა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურამდე ნაბიჯი დააკლდა მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს (65 კგ). ჩვენი გუნდის ლიდერი ფინალში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონთან, აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევთან 2:10 დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
წინა ევროპული თამაშების ფინალისტმა ელიზბარ ოდიკაძემ (97კგ) ამჯერად ბრინჯაოს მედალი აიღო. მან სანუგეშო წრეში ჯერ პოლონელი მეტოქე დაამარცხა, შემდეგ კი ბრინჯაოს ფინალში უკრაინის სახელით მოასპარეზე მურაზ მჭედლიძეს 4:0 მოუგო.





ჩვენ








