
საფეხბურთო კლუბში „დინამო თბილისი", ბოლო ტრანსფერების შემდეგ, აქტუალური გახდა ამ თბილისურ კლუბში მიმდინარე ცვლილებები. მითუმეტეს, რომ უეფა-ს ევროტურნირები ახლოვდება და საერთაშორისო სარბიელზე წარუმატებლობით დაღლილ, განსაკუთრებით „დინამო თბილისის" გულშემატკივარს, საკუთარ კლუბში ძლიერი ფეხბურთელების ხილვაც სურს და უკვე არსებულის შენარჩუნებაც.
მათ შორის, აქტიურად დაიწყეს ლაპარაკი მათ შესახებ, არა თუ ვინ გადმოვა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე „დინამო თბილისში", არამედ, იმის შესახებ, თუ დმიტრო ივანისენიას შემდეგ, რომელი დატოვებს შემდეგი, საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს. ყველაზე ხშირად საფეხბურთო კულუარებში ლევან შენგელია სახელდება.

დღეს, „დინამო თბილისის" დიღმის საწვრთნელ ბაზაზე, TSFF.GE ლევან შენგელიას შევხვდით და უახლოეს გეგმებზე კითხვა დავუსვით:
„ალბათ, რომ არა „დინამოს" ინტერესები, ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს წავიდოდი. თუმცა, „დინამოსა" და მისი პრეზიდენტის გამო, კონტრაქტს ალბათ, მინიმუმ 4 თვით გავახანგრძლივებ, ანუ, წლის ბოლომდე. როდესაც, „დინამო თბილისთან" პირველად მოვაწერე კონტრაქტს ხელი, მაშინ ტრავმა მქონდა. ბატონმა რომან ფიფიამ კი, დახმარების ხელი გამომიწოდა. ახლა, როდესაც თავად სჭირდება გვერდში დგომა, გუნდიდან არ მინდა, მხოლოდ ჩემი ინტერესების გათვალისწინებით წავიდე. ამ ეტაპზე, ვფიქრობ, მაქსიმუმ ზამთრამდე, „დინამო თბილისში" დავრჩე. თუმცა, ეს საკითხი „დინამო თბილისის" უეფა-ს ევროპა ლიგის თამაშებზეც იქნება დამოკიდებული. ამ ეტაპზე, კლუბის პრეზიდენტი ყველანაირად ცდილობს, რომ მე, „დინამო თბილისში" ვიყო", - ამბობს ლევან შენგელია.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის საქართველოს ეროვნული ლიგის გათამაშებაში შენგელიას 19 მატჩი აქვს ჩატარებული. ფეხბურთელმა მინდორზე 1586 წუთი დაჰყო და 11 გოლი გაიტანა (ის, მხოლოდ 2 ბურთით ჩამორჩება ბომბარდირთა ლიდერს, ბუდუ ზივზივაძეს). ამასთან, ლევან შენგელიას ანგარიშზე 5 საგოლე გადაცემაა. დავით ყიფიანის საქართველოს თასის 2019 წლის სეზონზე, შენგელიამ 2 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.
ჩვენთან საუბარში, ფეხბურთელმა არ უარყო, რომ „დინამო თბილისიდან" წასვლის შემთხვევაში, რამდენიმე უცხოურ კლუბთან, მართლაც მიდის მოლაპარაკება. თუმცა, ამ ეტაპზე 23 წლის ფეხბურთელი ქართულ კლუბში რჩება და ჯერ, ეროვნული ლიგის მორიგი ტურისთვის, ბათუმის "დინამოს" წინააღმდეგ, მოგვიანებით კი, უეფა-ს ევროპა ლიგის თამაშებისთვის ემზადება.






ჩვენ








