მე-11 ტურში „ნიკემ“, „ლანჩხუთმა“ და „მართვემ“ მორიგი 3-3 ქულა ჩაიწერეს
მე-11 ტურში „ნიკემ“, „ლანჩხუთმა“ და „მართვემ“ მორიგი 3-3 ქულა ჩაიწერეს
29.06.2019
ავტორი: თ.ჯ.

დღეს, საქართველოს ქალთა საფეხბურთო ლიგის 11-ე ტური დასრულდა. როგორც მოსალოდნელი იყო, მორიგი გამარჯვებები ჩაიწერეს გათამაშების ლიდერებმა, თბილისის „ნიკემ" და „ლანჩხუთმა".

თბილისელებმა, ქალაქურ დერბიში, შრომითი რეზერვების სტადიონზე „ნორჩი დინამო", ანგარიშით 0-3 დაამარცხეს.  მიუხედავად იმისა, რომ ამ შეხვედრაში ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა ნორჩდინამოელებს უკვე მე-4 წუთზე ჰქონდათ, მასპინძლებმა ის, ვერ გამოიყენეს. საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, კარში დანიშნული 11-მეტრიანი, „ნიკეს" მეკარემ, მარიამ კომლაძემ მოიგერია. სხვათა შორის, ამ შეხვედრაში 11-მეტრიანი ვერც „ნიკეს" ფეხბურთელებმა გამოიყენეს. ამავე ტაიმში 29-ე წუთზე „ნიკეს" ყოფილმა მეკარემ სვეტლანა გაბელაიამ, ზუსტად გამოიცნო კუთხე, საითაც გვანცა ქადაგიშვილი ურტყამდა. თუმცა, ამ მომენტისთვის, „ნიკეს" უკვე ანგარიშში, ნორჩდინამოელთა ავტოგოლის წყალობით უკვე, 0-1 მიჰყავდათ.

აღსანიშნავია, რომ „ნორჩმა დინამომ" ჩემპიონს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველი ტაიმის 10-15 წუთი გაუწია. „ნორჩებში", ნადეჟდა ნაკვეთაური და თამარ ეპიტაშვილი აქტიურობდნენ.  დღევანდელ შეხვედრაში, მასპინძელთაგან გუნდის კაპიტანს, ნუცა გურიელიძესაც გამოვყოფდით. ის, რომ „ნიკე" დღეს, მხოლოდ 3 გოლს დასჯერდა, სწორედ, დაცვის ხაზის ამ მოთამაშის დამსახურებაა.  

გივი კვარაცხელიას გუნდმა, კი სასტარტო „არეულობის" შემდეგ თამაში, ნელ-ნელა დაალაგა და მისთვის სასურველ კალაპოტში წაიყვანა. ნიკელთაგან გოლები 30-ე წუთზე ნათია დანელიამ და 77-ე წუთზე ანასტასია ბოლქვაძემ გაიტანეს.

ქალთა ლიგის 2019 წლის გათამაშებას, „ნიკე" დანაკარგის გარეშე, 33 ქულით უდგას სათავეში.

გათამაშების მომდევნო საფეხურზე მყოფმა „ლანჩხუთმა", ამ ტურში, ყველაზე დიდი ანგარიშით 1-11, გასვლაზე, ხაშურის „ივერია" დაამარცხა.  ლანჩხუთელთაგან 5 გოლი ირინა ხაბურზანიამ გაიტანა და საერთო ჯამში 15 გატანილი გოლებით, 2019 წლის გათამაშებაში თანაგუნდელ თამრიკო სალუქვაძეს, თითქმის დაეწია.

თამრიკო სალუქვაძემ  ამ ტურშიც მოახერხა გოლის გატანა და ახლა 18-18 გოლით ბომბარდირთა სიაში ნინო პასიკაშვილითან ერთად ლიდერობს.

მე-11 ტურში 6 გოლი გაუტანა „სამეგრელოს" ქუთაისის „მართვეს" 13 ნომერმა თამთა შენგელიამ. მიმდინარე გათამაშებაში, თამთას ქუთაისელთაგან ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი. ამ ტურში, კი ქუთათურებს, კაცნაკლულ „სამეგრელოსთან" საჭირო 3 ქულის აღება არ გასჭირვებიათ. „მართვემ" გასვლაზე, 1-8 გაიმარჯვა.  

ამ ტურის კიდევ 2 შეხვედრაში შემდეგი ანგარიში დაფიქსირდა:

 „კოლხეთი" -  „დინამო" ბთ  2 - 0

„გორი იუნაიტედი" - „ზარზმა" 2 - 0

ქალთა ლიგის გათამაშების მომდევნო ტური 5 ივლისს გაიმართება.