
მეორე ევროპული თამაშების ბოლო დღეს, ქართველმა სპორტსმენებმა ორი მედლის აღება შეძლეს. ორივე მედალი ვერცხლისაა. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია (130 კგ) მეორე ევროპული თამაშების ვერცხლის პრიზიორია, ისევე როგორც მოკრივე სახილ ალახვერდოვი (49კგ). საერთო ჯამში, მინსკში გამართულ თამაშებზე, საქართველოს ნაკრებმა 30 მედალით დაასრულა გამოსვლა. ქართველების მონაგარს შორის 6 ოქროს, 10 ვერცხლისა და 14 ბრინჯაოს მედალია. ჩვენი ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში მეექვსე ადგილზეა გავიდა.
ევროპული თამაშების ბოლოსწინა დღეს საქართველოს ნაკრებმა ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში გათამაშებული მედლების კომპლექტიდან ვერცხლის ჯილდო დაისაკუთრა შმაგი ბოლქვაძემ (67 კგ). ქართველმა ფალავანმა ფინალის საგზური ავსტრიელი, სერბი და სომეხი მეტოქეების დამარცხების შემდეგ მოიპოვა. 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანს გადამწყვეტ შეხვედრაში რუსეთის წარმომადგენელ ზაურ კაბალოევთან მოუწია დაპირისპირება. ოქროს მედლისთვის ორთაბრძოლაში 3:1 გამარჯვება რუსს დარჩა, ბოლქვაძეს კი, ვერცხლის მედალი ერგო.
ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის მესამეადგილოსანმა დავით ჩხარტიშვილმა (60 კგ). ქართველმა ფალავანმა ერთი დღით ადრე იტალიელ და ხორვატ მოჭიდავეებს მოუგო, ნახევარფინალში უნგრელ ერიკ ტორბასთან დამარცხდა. მესამე ადგილისთვის კი, რუმინელი რაზვან არნაუტსი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ამ დღეს, მედლებისთვის ბრძოლაში ჩაებნენ რობერტ კობლიაშვილი (87 კგ), რევაზ ნადარეიშვილი (97 კგ) და იაკობ ქაჯაია (130 კგ). მათ შორის, ფინალამდე გაიკვალა გზა მძიმეწონოსანმა ქაჯაიამ. ევროპის ჩემპიონატების ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორმა გადამწყვეტ შეხვედრამდე ლიტველი, აზერბაიჯანელი და ნორვეგიელი ფალავნები დაამარცხა და ოქროს მედლისთვის დღეს, ბელარუს კირილ ჰრიშანკას დაუპირისპირდა.
მერვედფინალში სომეხ არტურ ალექსანიანთან წაგების შემდეგ, მესამე ადგილისთვის ბრძოლის შანსი მიეცა მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედაოსან რევაზ ნადარეიშვილს (97 კგ). აქ მისი მეტოქე დღეს, ავსტრიელი დანიელ გასტლი იყო.
ევროპის შარშანდელმა ჩემპიონმა რობერტ კობლიაშილმა მინსკში პირველ წრეში წმინდად მოუგო ბერძენ მეტოქეს (10:0), მაგრამ მეოთხედფინალში ბელარუს რაზიკ კულიეუსთან მძიმე ბრძოლაში ქულებით (1:2) დამარცხდა. მომდევნო წრეში თავად კულიეუმ წააგო და ამის გამო კობლიაშვილმა მედლისთვის ბრძოლის შანსი დაკარგა.
საქართველოს ნაკრების მედლების ყულაბას საკუთარი წილი ჯილდო შემატა კარატისტმა გოგიტა არქანიამ (+84 კგ). მომავალმა მედალოსანმა ბელარუს მეტოქეს მოუგო, შემდეგ სერბ და ხორვატ მოწინააღმდეგეებთან შეხვედრა ფრედ დაასრულა. არქანია ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ასიმან გურბანლისთან დამარცხდა, თუმცა ბრინჯაოს მედალი მაინც მოიპოვა, რადგან აქაც, ისევე როგორც კრივში, ნახევარფინალში გასვლა ავტომატურად მესამე ადგილის ტოლფასია.
საქართველოს ნაკრებში მედლები მოიპოვეს:
ოქრო: ბექა ბერძენიშვილი (სამბო), ბექა ნახუცრიშვილი (სამბო), დავით ლორიაშვილი (სამბო), ვახტანგ ჩიდრაშვილი (სამბო), გურამ თუშიშვილი (ძიუდო) და ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო).
ვერცხლი: ნინო ოძელაშვილი (სამბო), ელენე ქებაძე (სამბო), მინდია ლილუაშვილი (სამბო), ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო), გივი მაჭარაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), ლადო ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), ლიუბა გოლოვინა (ბატუტზე ხტომა), შმაგი ბოლქვაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), იაკობ ქაჯაია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) და სახილ ალახვერდოვი (კრივი).
ბრინჯაო: ნინო სალუქვაძე/ცოტნე მაჭავარიანი (ტყვიის სროლა), ამირან პაპინაშვილი (ძიუდო), ლუკა მაისურაძე (ძიუდო), ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო), ბაგრატ ნინიაშვილი (ძიუდო), ბესარიონ ბერულავა (სამბო), გივი ნადარეიშვილი (სამბო), პაატა ღვინიაშვილი (სამბო), გენადი ჩირგაძე (სამბო), ავთანდილ კენჭაძე (თავისუფალი ჭიდაობა), ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა), დავით ჩხარტიშვილი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), გოგიტა არქანია (კარატე), ოთარ ერანოსიანი (კრივი).





ჩვენ








