
საზაფხულო არდადეგების წინ, „დინამო თბილისმა" უშუალო კონკურენტის ბათუმის „დინამოს" დამარცხება შესძლო, „საბურთალომ" მორიგი ქულები დაკარგა და შესაბამისად 41 ქულით აგვისტოს დასაწყისამდე დედაქალაქის დინამოელები პირველ საფეხურზე არიან. თუმცა, იმისთვის, რომ საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა ეს ადგილი დეკემბრის დასაწყისამდე შეინარჩუნოს და რამდენიმე წლიანი ჩავარდნის შემდეგ ჩემპიონის ტიტული დაიბრუნოს, კლუბს და მის ყველა რგოლს მძიმე სამუშაო ელის, რომლის პარალელურად უკვე, ერთ კვირაში კიდევ ერთი მნიშვნელოვან ტურნირში უწევს ჩაბმა.

საქართველოს ეროვნული ლიგის 21-ე ტურში ორი „დინამოს' დერბიში გამარჯვებულები თბილისელები გამოვიდნენ. ამ დღეს თბილისელთა შემადგენლობაში ორმა ახალწვეულმა ნოდარ ქავთარაძემ და გიორგი ქიმაძემ თამაში სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყეს. სწორედ, ქიმაძის ჩაწოდების შემდეგ, შეხვედრის მე-4 წუთზე ბათუმელთა კარისკენ ჩარჩოში ლევან კუტალიამ დაარტყა სახიფათოდ. ეს ბურთი, მიხეილ ალავიძემ კი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე, გიორგი პაპავას დარტყმულს ვერაფერი მოუხერხა, 1-0. სწრაფი გოლის შემდეგ, თბილისელებმა უფრო შეთამაშება სცადეს (ახალწვეულები გვყავს მხედველობაში), ვიდრე თამაშის გამწვავება და მატჩის ეს მონაკვეთიც თანაბარ ორთაბრძოლაში, ურთიერთშეტევებში წარიმართა.

აღსანიშნავია, რომ ბათუმელები, ამ მატჩამდე გამართული ბოლო 2 ტურისგან განსხვავებით, დღეს უფრო მოტივირებულები გამოვიდნენ. ეს გასაგებიცაა, რადგან ძლიერთა შორის დაბრუნებულის კვალობაზე, წელს შავიზღვისპირა ქალაქის გუნდმა სეზონის დასაწყისში პატარა სენსაციები მოახდინა. ანგარიში, კი ბათუმელებმა, 26-ე წუთზე, ჩვენი აზრით, საკმაოდ სადაო სიტუაციაში დადებული საჯარიმოს შემდეგ გაიტანეს, 1-1. შესაძლოა შეხვედრის დაძაბულობიდან გამომდინარე, დღევანდელ მატჩში, იყო მსაჯთა შეცდომებიც, ზოგი „ახალი წესების" გამო და ზოგიც მცირედი უყურადღებობის გამო დაშვებული, მაგალითად ერთ-ერთი, როდესაც გაშლილი ფეხით წასული მოთამაშის სასარგებლოდ „დადეს" მეორე ტაიმში ჯარიმა.

აქვე უნდა აღვნიშნოთ ბათუმელთა მეკარის მიხეილ ალავიძის კარგი თამაში, რომელიც მიმდინარე ჩემპიონატის ამ მონაკვეთში უდავოდ საუკეთესოა. სწორედ, მისი წყალობით, თბილისელებმა 2 ბურთზე მეტის გატანა ვერ მოახერხეს. მეორე გოლი კი, მასპინძლებმა შეხვედრის მიწურულს გაიტანეს. შეცვლაზე შემოსული კიდევ ერთი ახალწვეულის დაფეს გადაცემის შემდეგ, ლევან კუტალიამ გამარჯვების გოლი 82-ე წუთზე გაიტანა და „დინამო თბილისს" მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა, 2-1.

თბილისელებმა ეროვნული ლიგის გათამაშებაში მეშვიდე შეხვედრა მოიგეს ზედიზედ. 21-ე ტურის შემდეგ „დინამო თბილისმა", როგორც უკვე ვთქვით 41 ქულა დააგროვა და ბათუმის „დინამოს" სატურნირო ცხრილში ადგილი გაუცვალა. მეორე საფეხურზე ამ მომენტისთვის 40 ქულით „საბურთალო" არის.
ტურის სხვა შეხვედრები 2 და 3 აპრილს შემდეგი ანგარიშებით დასრულდა:
„ტორპედო" - „ლოკომოტივი" 0-2
„ვიტ ჯორჯია" - „ჩიხურა" 0-0
„საბურთალო" - „რუსთავი" 2-2
„დილა" - „სიონი" 2-0
სატურნირო ცხრილი
ეროვნული ლიგა აგვისტოდან განახლდება. მანამდე კი, შეგახსენებთ, რომ 10 ივლისიდან 4 ქართული კლუბი "საბურთალო", "დინამო თბილისი", "ტორპედო" და "ჩიხურა" უეფას საკლუბო ტურნირებში ჩაებმება.





ჩვენ








