ნანგა პარბატი - არჩილ ბადრიაშვილისა და გიორგი ტეფნაძის მორგი მთა
ნანგა პარბატი - არჩილ ბადრიაშვილისა და გიორგი ტეფნაძის მორგი მთა
04.07.2019
ავტორი: TSFF.GE

საქართველოს, ანდორასა და ბრაზილიის ალპინისტებისაგან შემდგარი ოთხკაციანი ექსპედიცია, რომელშიც 2 ქართველი მთამსვლელი გიორგი ტეფნაძე და არჩილ ბადრიაშვილი შედიოდნენ 8126 მეტრის სიმაღლის მწვერვალ ნანგა პარბატზე ავიდნენ. მსოფლიოში ერთ-ერთ ურთულეს რვაათასიანზე, გიორგი ტეფნაძე და არჩილ ბადრიაშვილი  3 ივლისს ავიდნენ. ამ მომენტისთვის, ბიჭები თავს კარგად გრძნობენ და ნელ-ნელა ეშვებიან საბაზო ბანაკისკენ.

მწვერვალზე, რომელსაც მთამსვლელებმა „მკვლელი მთა" შეარქვეს, ქართველი მთამსვლელები მაისის ბოლოს გაემგზავრნენ. ბუნებრივია, მწვერვალზე მიმავალ ბიჭებს, ზედმეტი კითხვებით არ ვღლით ხოლმე, ამიტომ, მხოლოდ მას შემდეგ რაც მწვერვალზე დალაშქვრის ინფორმაცია გავრცელდა, გთავაზობთ ექსპედიციის შესახებ ბიჭების მიერ გაკეთებულ რამდენიმე ჩანაწერს, რომელიც მათ სოციალურ ქსელებში ქვეყნდებოდა.

 

 


არჩილ ბადრიაშვილი: 24 მაისი

„სალამ-ალეიქუმ პაკისტანიდან,

მაშ ასე, დაიწყო ჩვენი ორ-კაციანი ექსპედიცია ყარაყორუმის დიად და მკაცრ მთათა სისტემაში, მწვერვალი ნანგა პარბატის მიმართულებით.

ეს ლეგენდარული, სიმაღლით მეცხრე მთა ითვლება, რომ მასშტაბებით ჩვენს პლანეტაზე უდიდესია. თუმცა ეს მთავარი არაა.

შარშან არა-სეზონის დროს გიორგიმ და მე უკვე ვცადეთ ბედი.

ამჯერად ჩვენ ორნი არ ვიქნებით მხოლოდ მთაზე, ჩვენს გარდა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც ჩამოვლენ ნელნელა.

პატივი გვხვდა წილად ვიყოთ პირველი ჯგუფი ამ სეზონზე, არა-წელს.

წელს უკვე იყო მცდელობა, ზამთარში, რომელიც სამწუხაროდ ჯგუფის ორივე ძლიერი მთამსვლელისთვის ტრაგიკულად დასრულდა...

იმედია ეს დრო მშვიდობიანად ჩაივლის ყველასთვის.

პერმიტი გაცემულია, სავარჯიშო გასვლები სვანეთსა და მყინვარწვერზე დასრულდა ერთი კვირის წინ. ხვალ გავდივართ ისლამაბადიდან მიზნისაკენ.

ბედნიერად!"




არჩილ ბადრიაშვილი, 28 მაისი:

"მე და გიორგი ამოვედით საბაზო ბანაკში 4,200 მეტრზე. მთა მშვენიერებით სავსე დაგვხვდა. ყველაფერი კარგად მიდის, სხვა ჯერ არც არავინაა. პროგნოზის მიხედვით ივნისიდან ირევა ამინდები, ვიმედოვნებთ იქამდე მოვასწრებთ პირველ აკლიმატიზაციას. ვფიქრობთ თქვენზე!"


არჩილი და გიორგი, 4 ივნისი:

ნანგა პარბატის (8,126 მ) საბაზო ბანაკიდან

,,მაშ ასე, გამოხდა 1 კვირა რაც საბაზო ბანაკი აღვმართეთ. მაშ შემდეგ სააკლიმატიზაციოდ გავედით განალოს მთის ფერდებზე, 5800მდე. ღამეც ვათიეთ და ვიკმარეთ, საზვავე ფერდების შეწუხება აბა რა მოსატანი იქნებოდა?!

თოვლი დიდია, ამინდები არსატაბილური, თუმცა გუშინ პირველი ბანაკისკენ (4800მ) გზა ვიპოვეთ, აღვნიშნეთ დროშებით, ბარგის ნაწილი შევაგდეთ და საქმეც წინ წავიგდეთ.

სირთულეები წინაა: მთაზე თოკების დაკიდება, ყინულის დამუშავება.

რაც მთავარია საქმე დაწყებულია. სხვა ექსპედიციებიც ნელ-ნელა შემოგვიერთდებიან.

მშვიდობა და მოკითხვები!

გიორგი და არჩილი"




არჩილი და გიორგი, 17 ივნისი:

ექსპედიციიდან მოსული მორიგი შეტყობინება

,,მოგესალმებით პაკისტანიდან. ჩვენთან, საბაზოში, ხალისმა მოიმატა, ოთხივე ექსპედიცია გროვდება (თუმცა სეზონის გათვალისწინებით, ექსპედიციების რაოდენობა ცოტაა).

3-13 ივნისის ჩათვლით, უამინდობის გამო, მხოლოდ ბანაკში ვვარჯიშობდით, ვიცოცეთ ბევრი - ახალი ერთ-თოკიანი გზები M6 სირთულემდე.


14 - ში კი, როგორც კი ამინდი გამოვიდა, 20 საათიანი ნონ-სტოპ გავარდნა მოვაწყეთ საბაზო 4,200 მ - მეორე ბანაკი 6,050 მ და უკან. ამით პირველი თოკები დავკიდეთ (600 მეტრი) და გავამზადეთ მთაზე, კინსჰოფერის (Kinshoffer) კედლის ჩათვლით.


იმედი გვაქვს, სხვა ჯგუფებიც ასე მოიქცევიან (თოკებს დაკიდებენ - რ.ბ.) და საქმეც დაჩქარდება მთაზე. ამინდის პროგნოზი უმჯობესდება და ხვალიდან გადამწყვეტ სააკლიმატიზაციო გასვლას ვგეგმავთ 7,000 მეტრამდე. რთული სამუშაო გველოდება. რადგან, თვითონ გვიწევს ყველაფრის მომზადება (სხვა დროს, თოკები უკვე დაკიდებულია ან შერპებს გააქვთ ხოლმე) და ეს უზარმაზარ დატვირთვასთანაა დაკავშირებული; მითუმეტეს, რომ მთაზე წელს ჯერ არავინ ასულა 6000 მ-ზე ზემოთ.


ძალები მოგვდის საქართველოდან,

დროებით!"




 22 ივნისი:

დღეს, 22 ივნისს, წლის ყველაზე გრძელ დღეს, 7000 მეტრზე არიან. ეს სააკლიმატიზაციო გასვლაა. ხვალ დაიწყებენ დაშვებას და ჩავლენ საბაზო ბანაკში. დაისვენებენ რამოდენიმე დღე და გავლენ მწვერვალისკენ - ამინდის გათვალისწინებით. მათ მეორე ბანაკამდე (6050 მ.) დამხმარე თოკები დაკიდეს და ამით სხვა მთამსვლელებსაც გაუადვილეს საქმე. ბანაკში არიან შერპებიც და სხვადასხვა ქვეყნის მთამსვლელებიც, არცთუ ბევრი.

ბიჭები მხნედ და კარგ ხასიათზე არიან და მოკითხვებს გზავნიან.

***

აღნიშნული მასალა მომზადებულია „ასვლის ხელოვნებაში" გამოქვეყნებული ინფორმაციების მიხედვით