
ახალი საკალათბურთო სეზონიდან, რომელიც 2019 წლის ოქტომბრიდან დაიწყება, ყველაზე ტიტულოვან ქართულ საკალათბურთო კლუბს „დინამო თბილისს" ირაკლი ხოშტარია აღარ გაწვრთნის. ჩვენი გვერდისთვის, TSFF.GE ცნობილი გახდა, რომ ხოშტარიას, კლუბის ხელმძღვანელობამ კონტრაქტი აღარ გაუხანგრძლივა.
ის, რომ არც თუ შორეულ წარსულში ცნობილი კალათბურთელი და „დინამოს" მთავარი მწვრთნელი 2011 წლიდან, 2018-2019 წლების სეზონის ბოლის, კონტრაქტის დასრულების შემდეგ, გუნდში აღარ იმუშავებდა, 2018 წლის სექტემბერშივე ნათელი გახდა. მას შემდეგ, რაც ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩამდე 2 დღით ადრე, კლუბს მფლობელები შეეცვალა და „დინამოს" მართვა სხვა გუნდმა გადაიბარა. მიუხედავად ამისა, „დინამოს" მმართველმა ახალმა გუნდმა, არც ერთი მოქმედი კონტრაქტი მაშინ, არ შეაჩერა.

„კონტრაქტი მაისის ბოლოს დამისრულდა და აღარ გააგრძელეს. ამ ეტაპზე არ ვიცი, სად და როგორ გავაგრძელებ მუშაობას. ვსარგებლობ საკალათბურთო სეზონში გამოცხადებული შესვენებით, დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს. ბუნებრივია, ისევ კალათბურთში დარჩები", - ამბობს ირაკლი ხოშტარია.
მთელი სეზონის მანძილზე საკალათბურთო კულუარებში იყო ლაპარაკი, რომ „დინამოს" მომავალი მთავარი მწვრთნელი, კლუბის ახალი მმართველი გუნდის იდეური მხარდამჭერი და „ქუთაისის" მთავარი მწვრთნელი კოტე ტუღუში იქნებოდა. თუმცა, სუპერლიგის ფინალური მატჩების დროს, თავად ტუღუშმა ეს ინფორმაცია უარყო. დღეს კი, ახალი ვერსიით, ირაკლი ხოშტარიას, უცხოელი მწვრთნელი ჩაანაცვლებს.

სავარაუდოდ, უცხოელი დაიკავებს დინამოელთა სერბი მწვრთნელის მარკო მინიჩის პოზიციასაც. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ცვლილებები განხორციელდება „დინამოს" სამწვრთნელო შტაბში. ამ ეტაზე ცნობილია, რომ კლუბი რამდენიმე კალათბურთელმა, მათ შორის ეროვნული ნაკრების მოთამაშემ, მერაბ ბოქოლიშვილმაც დატოვეს, რომელიც ახალი სეზონიდან დიდი ალბათობით, "რუსთავს" შეუერთდება.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის შემდეგ, რაც ირაკლი ხოშტარია ჩაუდგა „დინამო თბილისს" სათავეში, გუნდი 2014 და 2017 წლებში გახდა საქართველოს ჩემპიონი. 2015 და 2016 წლებში აიღო ბრინჯაოს მედლები. 2015 და 2016 წლებში ფლობდა საქართველოს საკალათბურთო თასს. 2014 წელს მოიგო ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალი, 2016 და 2017 წლებში კი დუდუ დადიანის მემორიალი. პირველად ქართული საკალათბურთო კლუბების ისტორიაში 2016-2017 და 2017-2018 წლების სეზონზე, „დინამო თბილისმა" მონაწილეობა მიიღო ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე.






ჩვენ








