„საბურთალო“ მოლდოვაშია
„საბურთალო“ მოლდოვაშია
09.07.2019
ავტორი: თ.ჯ.

დღეს დილით, საფეხბურთო კლუბი „საბურთალო" ტირასპოლში გაემგზავრა. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი 10 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მოლდოვაში "შერიფს" დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.


„საბურთალოს" ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, გასვლით შეხვედრაში გუნდს ვერ დაეხმარებიან ლეგიონერები ელვინ ტერა და ინტერს გი, რომლებსაც ტრავმები აწუხებთ. დანარჩენი ფეხბურთელები კი მწყობრში არიან და ემზადებიან "შერიფთან" სათამაშოდ.


მოლდოვაში, „საბურთალო" შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა:

მეკარეები: ომარ მიგინეიშვილი, ლაზარე კუპატაძე, დენის შელიხოვი, თორნიკე მეგრელიშვილი.

მცველები: გიორგი რეხვიაშვილი, გაგი მარგველაშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე, ნიკოლოზ მალი, ლუკა ლაკვეხელიანი, დაჩი ცნობილაძე, თედორე გრიგალაშვილი, ლევან კაკუბავა, იური ტაბატაძე, გიორგი ჯინჯოლავა

ნახევარმცველები: სანდრო ალთუნაშვილი, გეგა დიასამიძე, თორნიკე გორგიაშვილი, ლაშა შინდაგორიძე, ვაგნერ გონსალვესი,  გიორგი კოხრეიძე

თავდამსხმელები: გიორგი გაბედავა, ოგნიენ როლოვიჩი, გიორგი გულიაშვილი


მოლდოვაში, „საბურთალო" დღეს საღამოს მატჩამდე ბოლოჯერ ივარჯიშებს.


აქვე, გაცნობებთ, რომ ჯერ „საბურთალო", შემდეგ კი, საზოგადოებრივმა არხმა მომავალი თამაშის პირდაპირი ტრანსლაციის შესახებ ინფორმაციები გამოაქვეყნეს. გთავაზობთ, საზოგადოებრივ მაუწყებელზე გამოქვეყნებულ ტექსტს უცვლელად:


„10 ივლისს საფეხბურთო კლუბი „საბურთალო" „შერიფის" წინააღმდეგ მოლდოვის ქალაქ ტირასპოლში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს გამართავს. ვინაიდან მატჩისადმი ინტერესი დიდია, საჭიროდ ჩავთვალეთ, გაგვეკეთებინა განმარტება.


ზოგადად, კლუბებისთვის საერთაშორისო მატჩების ტრანსლირება შემოსავლის ერთ-ერთი წყაროა, თუმცა გათვალისწინებულ იქნა რა გულშემატკივრების ინტერესი, კლუბმა „საბურთალომ" პირდაპირი რეპორტაჟის ექსკლუზიური უფლება საზოგადოებრივ მაუწყებელს უსასყიდლოდ გადასცა, რათა საზოგადოებრივ მაუწყებელს მოლაპარაკება ეწარმოებინა მოლდოვურ მხარესთან და გასვლითი მატჩი პირდაპირ ეთერში ეჩვენებინა.


საზოგადოებრივი მაუწყებელი აწარმოებდა მოლაპარაკებას ტირასპოლის ტელევიზიასთან, რომელიც მზად იყო, გაეცვალა რეპორტაჟები ქართულ მხარესთან, რათა ქართველ და მოლდოველ გულშემატკივარს მატჩების პირდაპირ ეთერში ნახვის საშუალება მისცემოდათ, თუმცა მოლდოვაში დაგეგმილ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, მოლდოვურმა მხარემ სატელევიზიო რეპორტაჟების სიგნალების გაცვლაზე უარი თქვა.


რაც შეეხება კლუბ „საბურთალოსა" და „შერიფის" განმეორებით მატჩს, რომელიც საქართველოში 16 ივლისს ჩატარდება. ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი 21:30 საათზე შემოგთავაზებთ"


საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" ფოტო