ნათია ფანცულაია როხიბლანკელთა რიგებში
ნათია ფანცულაია როხიბლანკელთა რიგებში
14.07.2019
ავტორი: ნათია კოსტავა

ქართული წარმოშობის ქალი ფეხბურთელი ნათია ფანცულაია 2019-20 წლების სეზონში, მადრიდის „ატლეტიკოს" მეოთხე შენაძენია. იგი უკრაინის ეროვნული ნაკრების წევრია  და  თურქული „ALG სფორის" კაპიტანიც გახლდათ 2018-2019 წლების სეზონზე. ამ წელს, ნათიას თურქული გუნდი ფინალში, „ბეშიქთაშთან" დამარცხდა და ჩემპიონობა სტამბულის კლუბს დაუთმო.


ფეხბურთელის აღწერისას, ესპანურენოვანი გვერდი, რომელმაც „ატლეტიკოში" ქართული წარმომავლობის ფეხბურთელის გადასვლის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, პოზიციურად ნახევარმცველს ასე ახასიათებენ: ათლეტურობა , საჰაერო ორთაბრძოლები და დაცვის დროს ინტენსიური თამაში ნათიას გამორჩეული მახასიათებლებია. ფიზიკური სიძლიერე, მას მოედანზე სხვადასხვა პოზიციებზე თამაშის საშუალებას აძლევს  მაგალითად, როგორც დაცვის მარჯვენა, ასევე მარცხენა ფლანგებზე.


27 წლის ნათია ფანცულაიამ თურქული ლიგიდან დიდი ნაბიჯი გადადგა და ახლა, უკვე ესპანური ლიგასა და რა თქმა უნდა,  ქალთა ჩემპიონთა ლიგაზეც იასპარეზებს.


„ატლეტიკოსთან" კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ნათიამ პირველი განცხადებაც გააკეთა: „ითამაშო ისეთ დიდ კლუბში, როგორიც მადრიდის ატლეტიკოა ეს წარმოუდგენელია. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ გავხდი იმ კლუბის ნაწილი, რომელსაც წინ დიდი გეგმები აქვს. ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაცაა. საკმაოდ შრომისმოყვარე მოთამაშე ვარ და მიყვარს ყველა ბურთისთვის ბოლომდე ბრძოლა. ვთვლი რომ, ეს თვისება ჩემი იდენტობის ნაწილია, ისევე როგორც მადრიდის „ატლეტიკოსი".



მასალა მომზადებულია atleticodemadrid.com-ის მიხედვით.