ორი მატჩის ჯამში „საბურთალომ“ 4-3 მოიგო
ორი მატჩის ჯამში „საბურთალომ“ 4-3 მოიგო
16.07.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ოგნიენ როლოვიჩის გოლის წყალობით, „საბურთალო" მინიმუმ დამატებით ტაიმებს ასცდა. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მშვიდად დაწყებული პირველი ეტაპის ბოლოს, ბეწვის ხიდზე გაიარა.


მოლდოვაში მარტივად „გაგორებული" ბურთის და სტუმრად გატანილი 3 გოლის შემდეგ, როგორც ჩანს, „საბურთალომ", ისე, როგორც ეს ქვეყნის ჩემპიონატში ჩვევია, „ცხვირი მაღლა" ასწია და „შერიფს" არასერიოზულად მიუდგა. შედეგი, 11 წუთში, საკუთარ კარში მიღებული 3 გოლი და ამ წყვილის პირველ მატჩში მიღწეული ყველა უპირატესობის განულება იყო. „შერიფი" პირველ ტაიმში ბევრს უტევდა, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდში კი დაბნეულობის გარდა, თვითრწმენის სიმცირეც და არ გვიწყენენ საბურთალოელები, დაცვაში სრულ კრახს განიცდიდა. ბუნებრივია, ფეხბურთი ის თამაშია, სადაც საუკეთესოდ აღიარებულებსაც კი ეშლებათ, ამდენად ჩემპიონის გუნდის კაპიტნის გაგი მარგველაშვილის მიერ საკუთარ კარში ჩაჭრილი გოლიც უბრალო შემთხვევითობა იყო. თუმცა, პირველ ტაიმში, საბურთალოელთა დაცვის სუსტი თამაში, რომელიც გიორგი რეხვიაშვილით გაძლიერდა, სრულიად გაუმართლებელი იყო.


გოლის გატანის შესაძლებლობა ჰქონდა შეცვლაზე შემოსულ გიორგი გაბედავასაც. თუმცა, მისი დარტყმული არაზუსტი აღმოჩნდა. საბურთალოელთა შორის კი, ტრადიციულად გიორგი კოხრეიძე იყო გამორჩეული, რომელმაც „შერიფთან" 2 შეხვედრაში 2 ყვითელი მიიღო.


„საბურთალო" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ მატჩს „ზაგრების დინამოს" წინააღმდეგ გამართავს.  მატჩების ზუსტ თარიღებს და დროს, 19 ივლისის წილისყრა გამოავლენს.

 

„საბურთალო": ომარ მიგინეიშვილი, ნიკა მალი, გაგი მარგველაშვილი, ვაგნერ გონსალვესი (80'), გიორგი კოხრეიძე, ლუკა ლაკვეხელიანი, გიორგი დიასამიძე, გიორგი რეხვიაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი (70'), ოგნიენ როლოვიჩი (77'), თორნიკე გორგიაშილი

შეცვლა: 70' ელვინ ტერა  77' გიორგი გაბედავა 80' ლაშა შინდაგორიძე

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

გოლები: 3' ლირიდონ ლატიფი, 8' (ავტოგოლი) გაგი მარგველაშვილი, 11' რობერტ ტამბე, 59' ოგნიენ როლოვიჩი

გაფრთხილება: 23' გიორგი კოხრეიძე, 39' ვაგნერ გონსალვესი, 78' გაგი მარგველაშვილი


სფფ-ს ფოტო / ავტორი ლაშა კუპრაშვილი