
ხვალ, ქუთაისის „ტორპედო" უეფა-ს ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრას გამართავს შიმკენტის „ორდაბასის" წინააღმდეგ. თბილისში, თამაში, მიხეილ მესხის სტადიონზე, 21:00 დაიწყება. ერთი კვირის წინ, ამ გუნდების პირველი შეხვედრა, ყაზახეთში, მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა და ახლა, კახა ჩხეტიანს და მის გუნდს, სრული მობილიზება სჭირდებათ, რათა ხვალ რევანშიც აიღონ და მომდევნო ეტაპზე გასვლაც მოახერხონ.
„ყველა ის წარმატება, რომლისთვისაც აქამდე მიგვიღწევია, გულშემატკივრის დამსახურებაა და მათ გარეშე, ამის ნახევარს ვერ შევძლებდით. იმედი მაქვს, ხვალ მიხეილ მესხზე ბევრი ქართველი იქნება, რაც ამ წუთისთვის ნამდვილად გვესაჭიროება", - ამბობს კახა ჩხეტიანი, მიხეილ მესხზე, თამაშამდე გამართულ პრესკონფერენციაზე.

„ტორპედოს" საქომაგოდ, გულშემატკივარს სტადიონზე მოსვლისკენ მოუწოდა ასევე ქუთაისელთა გუნდის ნახევარმცველმა მათე ცინცაძემ. მას შემდეგ, რაც „ტორპედოს" ფინანსური კრიზისის გამო, ფეხბურთელთა დიდმა ნაწილმა დატოვა, ცინცაძემ, გუნდიდან წასვლა ევროტურნირების თამაშების დასრულებამდე გადადო. ხვალ კი, შეეცდება თავის გუნდს, შემდგომ ეტაპზე გასასვლელად დაეხმაროს.

„გუნდში, საბრძოლო განწყობაა და ბიჭები, მზად ვართ, მთელი თამაშის განმავლობაში მოწინააღმდეგეს ჩვენი თამაში მოვახვიოთ. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, ერთი სული გვაქვს თამაში როდის დაიწყება. ურთულესი მეტოქეა „ორდაბასი". მინდა ხალხს მოვუწოდო, რომ მათი მოსვლა სტადიონზე, ჩვენთვის იქნება უმნიშვნელოვანესი. ჩვენ , ბოლომდე დავიხარჯებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათი გულები გავახაროთ. ამას გპირდებით და დანარჩენს ნახავთ. შეთამაშების პრობლემა ჯერ არის. 2 კვირის შეკრებილი გუნდია, მაგრამ ბიჭები საქართველოსთვის თავს არ დავზოგავთ და ჩვენთვის სასურველ მიზანს მივაღწევთ," - ამბობს მათე ცინცაძე.
ორ კვირაში, რომ გუნდის შეთამაშება რთულია ეს იცის კახა ცხადაძემაც. სწორედ, ეს მომენტი გამოიყენა ყაზახური გუნდის ქართველმა მწვრთნელმა, ტორპედოელებთან პირველ თამაშში და ამ მომენტის სათავისოდ გამოყენებას შეეცდება, საპასუხო მატჩის დროსაც.

„მზად ვართ „ტორპედოსთან" განმეორებითი შეხვედრისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ყოველ მეოთხე დღეს თამაში გვაქვს, დიდი დატვირთვებით არ გვაქვს ვარჯიშები. ძირითადად, აღდგენითი პროცედურებია. სერიოზულად ვუდგებით „ტორპედოსთან" მატჩს. -ვეცდებით, მაქსიმალურად შედეგიანად ვითამაშოთ. მიუხედავად იმისა, რომ „ტორპედოდან" ფინანსური კრიზისის გამო მოთამაშეები წავიდნენ, გუნდი ამბიციური ფეხბურთელებით შეივსო. ახლა მათი პრობლემა ისაა, რომ შესათამაშებლად, ცოტა დრო აქვთ. პირველ თამაშში ჩვენი მეტოქე შედეგზე თამაშობდა. ცდილობდნენ, ძირითადად დაცვიდან ეთამაშა და ეს, მეტწილად გამოუვიდათ. პირველ დაპირისპირებაში ვერ ვნახეთ, როგორია შემტევი „ტორპედო", - ამბობს კახა ცხადაძე, „ორდაბასის" მთავარი მწვრთნელი.

„ორდაბასის" მთავარი მწვრთნელის განცხადებით, შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება იქნება, რასაც კახა ცხადაძე ძალიან მჭიდრო კალენდრით ხსნის. „ტორპედოსთან" მატჩში სავარაუდოდ იქნება „ორდაბასის" ბრაზილიელი ლეგიონერი, რომელმაც მიხეილ მესხზე გუნდთან ერთად ივარჯიშა.
„ყველამ იცით, რომ კარგ გუნდს 2 კვირაში ვერავინ აკეთებს, მაგრამ ამ ბიჭების ნიჭიერების მჯერა. ისინი „ორდაბასისთვის" მზადებას სერიოზულად უდგებიან და ვიმედოვნებ, ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ გადაწყდება. კარგ გუნდის ჩამოყალიბებას, რამდენიმე წელი სჭირდება. რაც ჩამოვედით ყოველდღიურ რეჟიმში ვემზადებით, „ორდაბასი" კიდევ უფრო კარგად შევისწავლეთ, შევეცდებით გავიმარჯვოთ და შემდეგ ეტაპზე ჩვენ გავიდეთ. ყაზახეთიდან ჩამოსვლის შემდეგ მაქსიმალურად ვემზადებით, გავაანალიზეთ შეცდომები და იმედი გვაქვს, გამოგვივა ის ყველაფერი, რაც ვარჯიშებზე დავგეგმეთ. დოლიძე დაგვიბრუნდა, რაც ყაზახეთიდან ჩამოვედით გუნდთან ერთად ვარჯიშობს. 90 წუთის სათამაშოდ მზად არაა, მაგრამ ვფიქრობ, „ორდაბასთან" აუცილებლად ითამაშებს", - ამბობს კახა ჩხეტიანი.

თამაშში, რომელიც ხვალ მიხეილ მესხზე 21:00 დაიწყება ორი კახა საკუთარი გუნდების წარმატებს გარდა, ალბათ, ქართველი ხალხის წინაშეც შეეცდება ხაზი გაუსვას რომელი უფრო უკეთესი მწვრთნელია. ცხადაძე ამბობს, რომ მოტივაცია ქართველი ხალხის წინაშე გამარჯვებისთვის არ ესმის რა უნდა ჰქონდეს. მათთან დასამტკიცებელი რა მაქვსო. „ჩემთვის მთავარი მიზანი შემდეგ ეტაპზე გასვლაა, ჩემი ქვეყანა ძალიან მიყვარს და ამაში თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, ცდებაო - ამბობს, ცხადაძე
თავის მხრივ, 18 ივლისის თამაშში საბრძოლოდ გამოდის კახა ჩხეტიანიც. ცხადაძისგან განსხვავებით მას, მესხზე ნამდვილად დასამტკიცებელი ექნება, რომ მცირე დროში გუნდის „დალაგება" შესაძლებელია. შეეცდება შეცვალოს ის სისტემაც, რომელიც პირველ თამაშში „ორდაბასმა" თავზე მოახვია, რადგან თვლის, რომ 5 მცველით „ტორპედოს" არასდროს უთამაშია და ამას, არც ხვალ გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ უეფა-ს ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრა ქუთაისის „ტორპედოსა" და „ორდაბასს" შორის, თბილისში, მიხეილ მესხზე 21:00 დაიწყება.
თამარ ჯიშკარიანის ფოტოები





ჩვენ








