სოსო ფრუიძის გუნდი მეტოქის მოლოდინშია
სოსო ფრუიძის გუნდი მეტოქის მოლოდინშია
17.07.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

წინა სამატჩო პრესკონფერენციისგან განსხვავებით, შედარებით მშვიდი იყო „ფოლა ეშ"-ის მთავარი მწვრთნელი. მიუხედავად იმისა, რომ მისმა გუნდმა „დინამო არენაზე", ტაიმნახევარი 10 კაცის შემადგენლობით ჩაატარა.

 

„პირველ და მეორე მატჩებს შორის დიდი განსხვავება არ ყოფილა. „ჩიხურამ" იგივე სტილით ითამაშა და დამსახურებულად გაიმარჯვა. პირველ ტაიმში ცუდი მონაკვეთი გვქონდა. გავუშვით გოლი, გაგვიძევეს ფეხბურთელი. თუმცა მსაჯს ამის გაკეთების აუცილებლობა არ ჰქონდა. მეორე ნახევარში შეტევა და გოლის გატანა ვცადეთ, თუმცა, მეორე ბურთის მიღებამ ფსიქოლოგიურად გაგვტეხა და მატჩის გადარჩენა თითქმის შეუძლებელი გახდა. ჩემს ფეხბურთელებს მონდომებას არ ვუკარგავ. მათ მაქსიმუმი გააკეთეს. გვქონდა მომენტები, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ჩიხურამ გვაჯობა და დამსახურებულად გაიმარჯვა", - ამბობს ჯეფ სტრასერი, „ფოლა ეშ"-ის მთავარი მწვრთნელი.  




„დინამო არენაზე" უეფა-ს ევროპა ლიგის  პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი საჩხერის „ჩიხურამ" მარტივად გადალახა. სოსო ფრუიძის გუნდმა ორივე შეხვედრა ერთნაირი ანგარიშით 2-1 მოიგო და ორი რაუნდის ჯამში ლუქსემბურგული „ფოლა ეშ"-ი 4-2 დაამარცხა. საპასუხო შეხვედრაში, საჩხერლებმა ანგარიში 25- ე წუთზე გახსნეს. გოლი, რატი არდაზიშვილმა გაიტანა. ამის შემდეგ, 7 წუთში კი, მას შემდეგ რაც ჩიხურელთა მეკარის თანამემამულე ბოსნიელმა მსაჯებმა, „ფოლა ეშ"-ის მე-8 ნომერი მინდვრიდან გააძევეს, სოსო ფრუიძის შეგირდებს 10 კაცის „მოვლა" აღარ გასჭირვებიათ. მეორე გოლი, საჩხერელთაგან მიშიკო სარდალიშვილმა 74-ე წუთზე გაიტანა. თუმცა მანამდეც და ამ მომენტის შემდეგაც რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს ლუქსემბურგელების კართან საჩხერელებმა, ერთში გიორგი ფანცულაიას არ გაუმართლა, მეორეში მცველებმა ბოლო წამზე მოასწრეს ბურთის სახიფათო ზონიდან გატანა.  მატჩის მიწურულს კი,  სტუმრებმა ანგარიშის შემცირება  მაინც მოახერხეს. 11-მეტრიანი, „ჩიხურას" სინანმა გაუტანა.

 


„მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე ვთქვი, რომ „ფოლა" პირველ ნომრად ვერ გვეთამაშებოდა - მათ ამის რესურსი არ აქვთ. გაშვებული გოლის შემდეგაც კი, მეტოქე ცდილობდა უკნიდან ეთამაშა და რისკიან შეტევებზე არ მიდიოდა. სასიხარულოა, რომ პირველი ეტაპი დავძლიეთ, მადლობა ბიჭებს კარგი თამაშისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში, მომდევნო ეტაპზე უფრო რთული მეტოქე გველოდება და გაცილებით სერიოზულად მომზადება და უფრო მეტი შრომა გვმართებს.

ჩვენს გუნდში არის სუსტი წერტილები, რომელსაც ვერ ვაძლიერებთ, ამის ფინანსური რესურსი არ გვაქვს. თუ უცხოელი ლეგიონერის ჩამოყვანა გვსურს, მათ საჩხერეში თამაში არ უნდათ, ქართველი ფეხბურთელების შემთხვევაში კი, მესამე გუნდი უფრო მეტ თანხას იხდის და ამ მხრივ კონკურენციაში გვჯაბნის. არსებობდა ორი ქართველი ფეხბურთელის დამატების ვარიანტი, მაგრამ ფინანსურად ვერ შევძელით. სამწუხაროდ, ვერ მოგვყავს იმ დონის უცხოელი ფეხბურთელები, რომლებიც ევროპის ლიგაზე გამოგვადგებიან", - ამბობს სოსო ფრუიძე.




მატჩის შემდგომ გამართულ პრეს-კონფერენციაზე, სოსო ფრუიძემ არ გამორიცხა, რომ მომავალი მეტოქის შესასწავლად, ფინეთში გადაფრენილიყო, რათა ფინურ „როვანიეშისა" და შოტლანდიური „აბერდენის"  დაპირისპირება ცოცხლად ენახა. შეგახსენებთ, რომ უეფა-ს ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, საჩხერული კლუბი ამ წყვილის გამარჯვებულს შეხვდება. ორ-რაუნდიან დაპირისპირებაში კი, დიდი ვარაუდით, გამარჯვებული შოტლანდიური კლუბი იქნება, რომელსაც პირველი მატჩი 2-1, სახლში აქვს მოგებული.

 



„აბერდინის თამაშზე გავფრინდე და მეტოქე კარგად შევისწავლო. თუ ეს არ მოხერხდა, ინტერნეტის საშუალებით ყველა ფეხბურთელს შევისწავლი და მათზე ამომწურავ ინფორმაციას მივიღებ.  სიტუაციის რეალისტურად შეფასება მიყვარს, რომელი გუნდიც არ უნდა იყოს ჩვენი მეტოქე. თუ იმ შეცდომებს გავიმეორებთ, რომელიც დღეს დაცვაში დავუშვით, წარმატებას ვერ მივაღწევთ. მთავარია ჩვენი თამაში უფრო გამოვასწოროთ, ვიყოთ მეტად კონცენტრირებულნი და გამარჯვებაზე ვიფიქროთ",-თქვა სოსო ფრუიძემ.


ქართული გუნდის მომავალი მეტოქის ვინაობა 18 ივლისს, გვიან ღამით გაირკვევა.  მანამდე კი, საჩხერის „ჩიხურამ", რომელიც მომავალი სეზონისათვის პრაქტიკულად გამოეთიშა იმ კლუბებს, რომლებიც 2020-2021 წლების ევროტურნირებზე იასპარეზებენ, მიმდინარე სეზონზე და  ზედიზედ მეორე სეზონში, უეფა-ს ევროპია ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ბარიერი დაძლია.




„ჩიხურა": დინო ჰამზიჩი, ოლეგ მამასახლისი, დავით მაისაშვილი, გიორგი ფანცულია, გიორგი კორიფაძე, ბესიკ დეკანოიძე (63'), მიშიკო სარდალიშვილი, დემური ჩიხლაძე, ლაშა ჩიკვაიძე, რატი არდაზიშვილი (68'), შოთა კაშია (76')

შეცვლა: 63' ირაკლი ლექვთაძე, 68' მიხეილ ერგემლიძე, 76' რევაზ ჩიტეიშილი

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

გოლები: 25' რატი არდაზიშვილი, 73' მიშიკო სარდალიშვილი, 89' (პენალტი) სინანი

გაფრთხილება: 31' გიორგი კორიფაძე, 72' შოთა კაშია, 89' ოლეგ მამასახლისი


თამარ ჯიშკარიანის ფოტოები