ორ დღეში გუნდი არ შენდება
ორ დღეში გუნდი არ შენდება
18.07.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საკმაოდ უღიმღამო თამაში, სადაც ქუთაისის „ტორპედომ" პირველ ტაიმში, ასე თუ ისე, შესძლო შიმკენტის „ორდაბასისთვის" წინააღმდეგობის გაწევა, ცოტა შეტევაც და კარის მშრალად შენახვაც, მაგრამ ეს იყო მხოლოდ, პირველი 45 წუთი.

„ჩვენთვის მთავარი ამოცანა, პროგრამა მინიმუმი იყო, რომ შემდეგ ეტაპზე გავსულიყავით. ჭკვიანურად უნდა გვეთამაშა. პრინციპში, გამოგვივიდა კიდევაც. პირველ ნახევარში პრობლემები იყო, როდესაც ბურთის ამოტანის დროს, რამდენჯერმე, ჩაჭრა გააკეთა „ტორპედომ" და რამდენიმე სწრაფი შეტევა განახორციელა. ეს, რა თქმა უნდა, ხელს აძლევდა იმ სწრაფ, ტექნიკურ ფეხბურთელებს, რომლებიც ჰყავს ტორპედოს. ამიტომ,  ის ორი მომენტიც შეიქმნა ჩვენი შეცდომის ხარჯზე", - ამბობს კახა ცხადაძე, „ორდაბასის" მთავარი მწვრთნელი.




მეორე ტაიმში ცხადაძის გუნდმა თამაშში მცირედი კორექტივები გააკეთა და როგორც თავად მწვრთნელი თვლის, „ორდაბასმა" მეორე ტაიმი, კლასიკურად ითამაშა.

„ფეხბურთელების სახელები და გვარები არის თამაშის წინ, მინდორზე უკვე არის 50/50-ზე. კარგი ფიზმომზადების ხარჯზე შედეგის მიღწევა ყოველთვის შეიძლება. ჩემთვის პრობლემა იყო, რომ ძალიან ბევრი თამაშებია და ჩვენ, ტაქტიკური ვარჯიშიც ვერ გავაკეთეთ. ფეხბურთელებმა იციან, როგორ იმოქმედონ. ჩამოყალიბებულია სქემა", - ამბობს კახა ცხადაძე.

ამ სქემის მიხედვით, კი, კახა ცხადაძის გუნდმა, ევროპის ლიგის  პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი  გადალახა. კახა ჩხეტიანს  კი, უკვე ეროვნული ლიგისთვის ახალი გუნდის იმ კონდიციამდე მიყვანა მოუწევს, რომ გუნდმა მთელი სირთულეების მიუხედავად, ევროტურნირების 2020-2021 წლების საგზურის მოპოვება შეძლოს.




ჟურნალისტების შეკითხვაზე, რას ნიშნავდა ცხადაძისთვის საქართველოში თამაში, „ორდაბაისის" მთავარმა მწვრთნელმა უპასუხა, რომ იცოდა საქართველოში თამაში, რომ მძიმე იქნებოდა. უფრო მძიმე იქნებოდა, თუკი თამაში ქუთაისში იქნებოდა. არ დაუმალავს, რომ: „ერთადერთო განცდა მქონდა, როდესაც გავიგეთ და რომ წავიდა ერთი, წავიდა ორი, წავიდა სამი... მაინც ვიცოდი, რომ საქართველოში თამაში მძიმე იქნებოდა. ჩვენ საფეხბურთო ქვეყანა ვართ და სამწუხაროა, რომ კლუბებში უფრო მეტი ყურადღება არაა, ვიდრე უნდა იყოს.  ის, რაც მოხდა ქუთაისის „ტორპედოში" ეს ქვეყნის ტრაგედიაა და ყველამ უნდა შეიგნოს. ფეხბურთი უნდა დააფინანსონ", აღნიშნა ცხადაძემ.


ქუთაისის „ტორპედომ" კი, გუნდმა ყაზახურ „ორდაბასთან" ორიმატჩიანი დაპირისპირება საერთო ჯამში 0-3 წააგო და გათამაშებას გამოეთიშა.


„გოლამდე, კარგად ვითამაშეთ. რასაც არ ველოდი, ისე ითამაშეს ბიჭებმა. ერთი, რაც იმედს მაძლევს, გუნდს, პოტენციალი აქვს და ვფიქრობ, რომ მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ აუცილებლად", - ამბობს კახა ჩხეტიანი, „ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი.




„ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა არ იცის, რა იქნება კლუბში ხვალ, რადგან გასასტუმრებელია ფეხბურთელების მიმართ დარჩენილი ვალდებულებები. უახლოეს დღეებში, ქუთაისურ კლუბში მნიშვნელოვანი თემები გადაწყდება და მხოლოდ ამის შემდეგ, გაირკვევა ვინ და როგორ იქნება, ერთ-ერთ ყველაზე თვითმყოფად ქართულ კლუბში.

არსებული კრიზისის პერიოდში კი, ქუთაისური კლუბი, უეფა-ს ევროპა ლიგის გათამაშებას ნაადრევად გამოეთიშა. საშინაო შეხვედრა ქუთაისელებმა, თბილისში, მიხეილ მესხზე 0-2 წააგეს. გოლები შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა მატჩის ძირითადი დროის მიწურულს გაიტანეს.





„ტორპედო": როინ კვასხვაძე, ვაჟა ტაბატაძე (80'), ვახტანგ ნებიერიძე, ანრი ჭიჭინაძე, დავით ხურცილავა, მათე ცინცაძე, პაპუნა ფონიავა, თორნიკე კაპანაძე (61') ოთარ კობახიძე, ცოტნე ნადარაია, გრიგოლ დოლიძე (59')

შეცვლა: 59' ზაზა ციცქიშვილი, 61' თემურ ჩოგაძე 80' დავით იონანიძე

მთავარი მწვრთნელი:  კახა ჩხეტიანი

გაფრთხილება: 22' მათე ცინცაძე, 62 ზაზა ციცქიშვილი, 86' თემურ ჩოგაძე

გოლები: 81' მირზად მეჰანოვიჩი, 90'+4 ბადიბანგა