„ნიკე“ კვლავ დაუმარცხებლად ლიდერობს
„ნიკე“ კვლავ დაუმარცხებლად ლიდერობს
20.07.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


ქალთა საფეხბურთო ლიგაზე ერთი ტურის შემდეგ დიდი შესვენება გამოცხადდება. თამაშები, მხოლოდ 8 სექტემბრიდან გაიმართება. დროის ამ მონაკვეთში დიდი ალბათობით, ქალთა ლიგის მე-12 ტურის გამოტოვებული შეხვედრა გამართება „ზარზმასა" და „ივერიას" შორის. მას გარდა, აგვისტოში არც გოგონები მოიწყენენ და არც ქალთა ფეხბურთის თაყვანისმცემლები. პირველად, კლუბის არსებობის2-წლიან ისტორიაში, ქალთა საფეხბურთო კლუბი „ნიკე", ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ჯგუფში იასპარეზებს. თამაშები 7-13 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.


ბუნებრივია, ამ ტურნირისთვის, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ძლიერდება. კულუარული ინფორმაციით კლუბს რამდენიმე გამოცდილი თურქი ფეხბურთელი ქალი დაემატება, რომლებსაც ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო თამაშების გამოცდილება აქვთ. თუმცა, მოსალოდნელ ტრანსფერებზე ჯერ „ნიკეში" არც ადასტურებენ და არც უარყოფენ. სამაგიეროდ, ქალთა ლიგის მე-14 ტურის მატჩში, „ნიკეს" შემადგენლობაში ერთი დებიუტანტი უკვე იყო.




181 სმ სიმაღლის ქერათმიანი მეკარე, არა მხოლოდ სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე" მოსულ გულშემატკივრის ყურადღების ცენტრში მოექცა, არამედ, ფეხბურთელით ინტერნეტ-სივრცის მომხმარებელიც დაინტერესდა. პირველი ტიტული 2007-2008 წლებში მოიგო - ბელარუსის თასი. ამის შემდეგ აღნიშნულ პრიზს, 2013, 2014, 2015, 2016 და 2017 წლებში კიდევ ფლობდა. ამას გარდა ამავე წლებში ის ბელარუსის ჩემპიონიც იყო. ქვეყნის ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრებების მეკარე კატერინა მიკლაშევიჩი, 1992 წლის 25 იანვარს არის დაბადებული. გამოცდილი ფეხბურთელი უკრაინის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანიცაა და ახლა 2019 წელს, „ნიკესთან" ერთად ახალი ტიტულის მოგებას შეეცდება. სხვათა შორის, კატიამ პირველ თამაშში, კარგი შთაბეჭდილება დატოვა ფეხით თამაშში. ფეხბურთელი არ ერიდებოდა კარიდან გამოსვლასაც, თუმცა, ამ დღეს, ამის საშუალებას მოწინააღმდეგე გუნდი აძლევდა. აღსანიშნავია, რომ კარში დარტყმებით, „ნიკეს" ახალი მეკარე არც კი შეუწუხებიათ.




სამაგიეროდ „ნიკემ" შეაწუხა მეტოქეები. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა მე-14 ტურში მარტივად დაამარცხა ხაშურის „ივერია", ანგარიშით 13-0 . ამ შეხვედრაში 6 (6'/16'/65'/68/75'/81') გოლი ნინო პასიკაშვილმა გაიტანა და ბომბარდირთა დავაში 3 გოლით გადაუსწრო, „ლანჩხუთის" ფეხბურთელს, თამრიკო სალუქვაძეს.  ამ დღეს, ნიკელთაგან გოლები ანასტასია ბოლქვაძემ (დუბლი), ლიზი მწყერაშვილმა, ანა ჯოჯუამ, ნათია დანელიამ, გვანცა ქადაგიშვილმა, მაია ხუციშვილმა (სადებიუტო) გაიტანეს.  შესაბამისად, „ნიკემ" ჩატარებულ 14 ტურში, ქულების მაქსიმუმი დააგროვა და დიდ შესვენებამდე ერთი ტურით ადრე, საქართველოს ქალთა ლიგის გათამაშებას კვლავ ერთპიროვნულად და დანაკარგის გარეშე ლიდერობს.


მეორე საფეხურზე მყოფმა „ლანჩხუთმა", ისევე, როგორც ამ სეზონში, აღნიშნული გუნდების პირველ შეხვედრაში 3 გოლი გაუტანა „ნორჩ დინამოს" და ანგარიშით 3-0 დაამარცხა. შეხვედრაში 2 გოლი თამრიკო სალუქვაძის ანგარიშზეა და ახლა 14 ტურის შემდეგ ფეხბურთელს 26 გოლი აქვს გატანილი.


მიმდინარე ქალთა ლიგის გათამაშებაში, პირველი ქულის აღება მოახერხა ახალციხის „ზარზმამ", რომელმაც ფრედ 1-1 ითამაშა ხობის „კოლხეთთან". აღსანიშნავია, რომ პირველი წრისგან განსხვავებით, ამ გუნდების მეორე დაპირისპირების დროს, ორივე გუნდის შემადგენლობაში „სამეგრელოს" ყოფილი ფეხბურთელები თამაშობდნენ, რომლებმაც სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდები შეიცვალეს.


თავად, „სამეგრელომ" გორში ითამაშა. შეხვედრა, ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო. ისევე, როგორც თითქმის მთელი სეზონი, ჩხოროწყუს „სამეგრელომ" კაცნაკლული შემადგენლობით ჩაატარა მთელი თამაში და გორში, „პარკ არენაზე" 7-1 წააგო მასპინძლებთან. აღსანიშნავია, რომ გორელთა რიგებში რამდენიმე ტურია თამაშობს, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი მარიამ ბასილაძე, რომელსაც ტრავმის გამო თითქმის წლამდე მოუხდა თამაშების გამოტოვება.  ტრადიციულად, „სამეგრელოსთან" მატჩში, გოლები გაიტანა გორელთა ლიდერმა ეთერ სულაშვილმა, ის დუბლის ავტორია. მისმა თანაგუნდელმა ანა კულდონაშვილმა კი ჰეთ-თრიქი შეასრულა.


მორიგი დუბლი შეასრულა ქუთაისის „მართვეს" ფეხბურთელმა თამთა შენგელიამ. აღსანიშნავია, რომ ქუთაისის „ტორპედოს" ბაზაზე, ბათუმის „დინამოსთან" დაპირისპირება, საკმაოდ დაძაბული გამოდგა. პირველი ტაიმის შემდეგ, მასპინძლები 2-0 იგებდნენ და თითქოს, სანერვიულოც არაფერი ჰქონდათ. თუმცა, მეორე ტაიმი ბათუმელებმა დაიწყეს აქტიურად და ანგარიში, 55-ე წუთზე გვანცა დოლიძემ გაათანაბრა. ამ შეხვედრაში წერტილი ლიზი კანდელაკიშვილის გოლმა დასვა, 63-ე წუთზე. „მართვემ", ერთბურთიანი უპირატესობით 3-2  ბათუმის „დინამო" და სამეულში ადგილის შესანარჩუნებლად საჭირო 3 ქულა აიღო.


მომდევნო, მე-15 ტური 26 ივლისს გაიმართება და ამის შემდეგ, ქალთა ჩემპიონატში 8 სექტემბრამდე შესვენება გამოცხადდება.