
დღეს, მიუნჰენში, ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ჯგუფები დაკომპლექტდა. საქართველოს ნაკრები, E ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ჩვენი კალათბურთელების მეტოქეები სერბეთისა და ფინეთის ეროვნული ნაკრებები იქნებიან. მათ, მას შემდეგ რაც „ევრობასკეტ 2021"-ის წინასაკვალიფიკაციო ტურნირი დასრულდება კიდევ ერთი შეემატება. თუმცა, შვეიცარია იქნება ეს, ისლანდია თუ, პორტუგალია, 21 აგვისტოს გახდება ცნობილი.
„ევრობასკეტ 2021"-ის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩები გაიმართება ფიბა-ს მიერ დადგენილ 3 ფანჯრის პერიოდში: 2020 წლის 17-25 თებერვალს, 23 ნოემბერი - 1 დეკემბერი და 2021 წლის 15-23 თებერვალს. თითო ფანჯრის პერიოდში თითო გუნდი 2-2 მატჩს ჩაატარებს. თამაშები გაიმართება გასვლა - სახლის პრინციპით.
აღსანიშნავია, რომ როგორც „ევრობასკეტ 2021"-ის ერთ-ერთი მასპინძელი, საქართველო (ჩეხეთიც, გერმანიაც და იტალიაც) საკვალიფიკაციო ტურნირში საკონკურსო პირობების გარეშე იასპარეზებს. ანუ E ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატზე გავა საქართველო (რომელი ადგილიც არ უნდა დაიკავოს) და ჯგუფის დანარჩენი 2 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი. ანალოგიურად, ჯგუფებიდან გასულები არიან, მაგრამ საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩებს მაინც გამართავენ „ევრობასკეტ 2021"-ის დანარჩენი მასპინძელი ქვეყნების ნაკრებები - გერმანია, ჩეხეთი და იტალია.
გათამაშების ფორმატის თანახმად, „ევრობასკეტის" 24 საგზურს თითოეული (8) ჯგუფის 3 საუკეთესო გუნდი მოიპოვებს. აღსანიშნავია, რომ „ევრობასკეტ 2021"-ის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრის ერთ-ერთი მონაწილე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ვლადიმერ ბოისა იყო.
„პირველ რიგში კმაყოფილები ვართ ჯგუფით. ერთი არის, რომ მგზავრობა იქნება ცოტა ძნელი, რადგან ფინეთი შორს არის და კიდევ შეიძლება ისლანდია იყოს. დანარჩენი, ჩვენთვის მთავარია მოვემზადოთ, 2021 წელს, ევროპის ჩემპიონატისთვის, როდესაც ერთი ჯგუფი საქართველოში ითამაშებს. იმ დროს, უნდა ვიყოთ მაქსიმალურ ფორმაში. ასე, რომ მართალია გვინდა ყველა თამაში მოვიგოთ, მაგრამ მთავარი არის, რომ ჩემპიონატი ჩავატაროთ კარგად საქართველოში', - ამბობს ვლადიმერ ბოისა.
საინტერესოა, რომ მასპინძელთა საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობის გადაწყვეტილება ფიბა-მ იმისთვის მიიღო, რომ საქართველოს, იტალიას, გერმანიასა და ჩეხეთს მომავალი 2 წლის განმავლობაში სათამაშო პრაქტიკა არ მოაკლდეთ და აქტიურად იყვნენ ჩაბმულნი კონტინენტზე გამართულ მატჩებსა და მის თანმხლებ სხვადასხვა აქტივობებში.





ჩვენ








