ორი ნაბიჯი 38 წლის უნახავ მეტოქემდე
ორი ნაბიჯი 38 წლის უნახავ მეტოქემდე
22.07.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

უეფა-ს ნიონის შტაბ-ბინაში დღეს, ევროტურნირების 2019-2020 წლების სეზონის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპების კენჭისყრა გაიმართა.


ორრაუნდიან ბრძოლაში, აზერბაიჯანული „გაბალას" დამარცხების შემთხვევაში „დინამო თბილისის" 38 წლის უნახავ მეტოქეს, „ფეიენოორდს" შეხვდება. თუმცა, როტერდამამდე, თბილისელებმა ჯერ გაბალაში, შემდეგ კი, თბილისში, უნდა გამოიჩინონ თავი.


დინამოელები, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას 25 ივლისს, გაბალაში გამართავენ, 1 აგვისტოს კი „დინამო არენაზე" საპასუხო მატჩი გაიმართება.  ამავე რიცხვებში, მხოლოდ, პირველ თამაშს „დინამო არენაზე" 25 ივლისს ჩაატარებს საჩხერის „ჩიხურა".




„დინამო თბილისის" გარდა გაირკვა ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო მეტოქის წყვილი საჩხერის „ჩიხურასთვისაც", თუკი სოსო ფრუიძის გუნდი, შოტლანდიური „აბერდინის" ბარიერის დაძლევას შეძლებს.  საჩხერელებისათვის მოვლენების დადებითად განვითარების შემთხვევაში, ქართული გუნდი, ხორვატულ „რიეკას" შეხვდება.


დღესვე, ევროპა ლიგის წილისყრამდე ოდნავ ადრე, ნიონშივე, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „საბურთალო", ზაგრების „დინამოს" ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, უნგრული „ფერენცვაროშისა" და მალტის „ველატას" შორის გამარჯვებულს შეხვდება.




იმ შემთხვევაში, თუკი „საბურთალო" ზაგრების „დინამოსთან" დამარცხდება, ის უეფა-ს ევროპა ლიგის გათამაშებაში გადაერთვება. იქ, კი მისი მეტოქე სომხურ „არარატ-არმენიასა" და გიბრალტარის „ლინკოლნ რედ იმპს" შორის გამარჯვებული იქნება.


შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე საბურთალო, პირველ შეხვედრას ხვალ, 23 ივლისს, თბილისში, მესხი არენაზე გამართავს. შეხვედრა, თბილისის დროით, 21:30 საათზე დაიწყება და მასზე დასასწრები ბილეთების შეძენა, სტადიონის სალაროებშიც იქნება შესაძლებელი.  ბილეთის ფასი სიმბოლურად 1 ლარი იქნება.