თბილისური გუნდი, მზადაა რევანშისთვის
თბილისური გუნდი, მზადაა რევანშისთვის
22.07.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

პარასკევს, გვიან საღამოს, ანდორა ლა ველადან დაბრუნებული „დინამო თბილისი", უეფა-ს 2019-2020 წლების ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპისთვის თბილისში, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე აგრძელებს მზადებას. თბილისელები აზერბაიჯანული „გაბალას" წინააღმდეგ, შეხვედრას 25 ივლისს, თბილისის დროით 19:00 გამართავენ. აზერბაიჯანში, ქართული გუნდი 24 ივლისს გაემგზავრება და იმავე საღამოს ივარჯიშებს.




„ვიცით, რომ რთული თამაში გველოდება. გვაქვს წარმოდგენა მომავალ მოწინააღმდეგეზე. მჯერა, რომ ჩვენი მოთამაშეები თავს 100%-ით გამოავლენენ. ვფიქრობ, ახლა ყველაზე კარგი მომენტია, რათა თავი წარმოვაჩინოთ. გვქონდა რთული პერიოდი. იყო დისბალანსი, გუნდის შემადგენლობაში. არ იყო იოლი დრო. თუმცა, ახლა ვითარება გამოსწორდა და გვაქვს კარგი შანსი, კარგი გუნდი და მე ძალიან მჯერა ამ ბიჭების",  - ამბობს ჩისკო მუნიოსი.




„დინამო თბილისთან" ერთად ვარჯიშობს 27 წლის განელი ფორვარდი კვამე კარიკარი.  ფეხბურთელმა კარიერის პირველი 4 წელი შვედურ აიკ-ში გაატარა. გუნდთან ერთად უეფას ევროპა ლიგაზეც იასპარეზა, სადაც მოსკოველ არმიელთა და პსვ ეინდჰოვენის წინააღმდეგ მატჩებში მიიღო მონაწილეობა. თურქეთში, უკრაინასა და ყატარში, ბოლოს კი ბაქოს ნეფთჩიში თამაშის შემდეგ, კარიკარიმ „დინამო თბილისთან" 1 წელს + 1 წელი პირობით ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.




აღსანიშნავია, რომ ბოლო ტრანსფერების შემდეგ, „დინამო თბილისში" პოზიციებზე კონკურენცია გაიზარდა, რაც საერთო ჯამში გუნდის დადებით შედეგზე იქონიებს გავლენას. გუნდში კონკურენციის პრეცედენტებს თავად ფეხბურთელებიც მიესალმებიან.


„ეროვნულ ლიგაში, ზედიზედ 7 თამაში მოვიგეთ. გადავაბით „ენგორდანთან", მშვენივრად ვითამაშეთ. სახლში 6-0 მოვიგეთ, გასვლაზე 0-1. საერთო ჯამში 7-0 გამოვიდა. ამით ძალიან მოხარული ვარ და უკვე ვემზადებით „გაბალასთვის", რომელთანაც რთული თამაში გველოდება. ვიცით კარგი გუნდია. მითუმეტეს სახლში თამაშობენ, მაგრამ ჩვენ ამ ყველაფრისთვის მზად ვართ გადავლახოთ ეს ეტაპი და შემდეგზე ვითამაშოთ," - ამბობს ლევან კუტალია.




უეფა-ს ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს, ჩვენი გუნდი გაბალას „სითი სთედიუმზე" გამართავს.  შეხვედრას შოტლანდიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი 28 წლის ნიკოლას უელში არის. მას ალან მალვენი და ჯორდან სტოკი დაეხმარებიან. მეოთხე მსაჯი გავინ დანკანი იქნება.




„როგორც ჩემპიონატში, ასევე ევროთასებზე, ვაჩენეთ, რომ შეგვიძლია კარგი ფეხბურთის თამაში. გადაბმულად 7 თამაში მოვიგეთ და მიუხედავად იმისა, რომ სუსტი მეტოქე იყო პირველ ეტაპზე, ვაჩვენეთ რომ დიდი რესურსი გვაქვს სათამაშო. აქედან გამომდინარე, რთული თამაში იქნება. „გაბალა" სახლში თამაშობს და გულშემატკივარი იქნება   მაქსიმალურად მხარდაჭერა ექნებათ. თუმცა, ვეცდებით, რომ გავუძლოთ. დაგვემატნენ კარგი ფეხბურთელები, რომლებმაც გაგვაძლიერეს. ჩამოყალიბდა რაღაც ბირთვი, რომელიც, ყველა თამაშს თამაშობს და აქედან გამომდინარე, ჩვენთვის, 2 და 3 კაცის შეცვლა, უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენს", - ამბობს გიორგი პაპავა.'




ფეხბურთს გულშემატკივარს, კარგად ემახსოვრება, „დინამო თბილისისა" და „გაბალას" პირველი დაპირისპირება. თამაში, რომელსაც განსაკუთრებით გაბალაში საპასუხო შეხვედრის დროს, ბევრი ინციდენტი, მათ შორის დინამოელთა გულშემატკივრის დაზიანებული ტრანსპორტიც კი მოჰყვა. შესაბამისად, წლევანდელი დაპირისპირებისას, თბილისელებმა იციან, რომ გაბალაში 11-ის ნაცვლად 12 მოთამაშესთან მოუწევთ დაპირისპირება და ამისთვის მზად არიან.




„ზოგჯერ, ატმოსფერო სტადიონზე კარგად მოქმედებს. ფიქრობენ, რომ გაგვიჭირდება, მაგრამ ეს უეფა-ს თამაშია და თავს ვერავინ დადებს ვერაფერზე. ჩვენ პატივს ვცემთ მოწინააღმდეგე გუნდის ფანებს. კეთილი, ჩავალთ და ვეთამაშებით, ჩვენ, ჩვენი საქმე გვაქვს ბოლომდე მისაყვანი", - ამბობს ჩისკო.

 


როგორც უკვე აღვნიშნეთ, დინამოელები აზერბაიჯანში 24 ივლისს, დილით გაემგზავრებიან. TSFF.GE-ს ინფორმაციით, ამ მომენტისთვის, გუნდში, ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელია.


იხილეთ ვიდეო