როდესაც წვიმა ნაკვალევს ვერ წაშლის
როდესაც წვიმა ნაკვალევს ვერ წაშლის
24.07.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ზუსტად ერთ კვირაში, 30 ივლისს, საქართველოს მოქმედ ჩემპიონს ზაგრებში, იმ ნაკვალევის წაშლა მოუწევს, რაც დღეს, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის შემდეგ, თბილისში წამოსულმა წვიმამ ვერ წაშალა „მიხეილ მესხზე".  იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ეტაპის დროს, „საბურთალოს", მოლდოვას „შერიფმა" საპასუხო მატჩის დროს, თბილისში, ამავე სტადიონზე, 11 წუთში, 3 გოლი გაუტანა და  საქართველოს მოქმედი ჩემპიონის მთელი შრომა წყალში ჩაყარა, თუ ოცნებაა, რატომაც არა? ვიოცნებოთ და რაც მთავარია, იმედი გვქონდეს, რომ „საბურთალო" ზაგრებში პატარა სასწაულს მოახდენს. თუ ვერა და არც ესაა ძალზედ საგანგაშო, რადგან „საბურთალოს", თავის არსებობის ისტორიაში, მსგავსი რანგის ტურნირზე პირველად უწევს ასპარეზობა. თანაც, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან „გამოვარდნის" შემთხვევაში, ქართული კლუბი, უეფა-ს ევროპა ლიგის გათამაშების მე-3 ეტაპზე გადმოერთვება. იქ კი, მისი მეტოქე "არარატ არმენიასი" იქნება.


დღეს, კი საკუთარ კედლებში, 10000-მდე მაყურებლის თანდასწრებით, „საბურთალომ", არც თუ რადიკალურად, მაგრამ მაინც 2 განსხვავებული ტაიმი აჩვენა. პირველი, რომლის დროსაც გია ჭიაბრიშვილის ბიჭები, უფრო მობილიზებულები, ორიენტირებულები იყვნენ და იბრძოდნენ და მეორე - გაშვებული გოლის შემდეგ, როდესაც, გუნდში, თითქოს რაღაც მოიშალა. თუმცა, სამართლიანობისათვის უნდა ითქვას, რომ ის რაღაც, დაცვის ხაზის თამაში მაქვს მხედველობაში, „საბურთალოში" ვერც გიორგი რეხვიაშვილის დაბრუნების შემდეგ დალაგდა.


მატჩის სტატისტიკა


მატჩის დასრულების შემდეგ, ზაგრების „დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა, ნენად ბიელისამ აღნიშნა, რომ მის გუნდს, პირველ ტაიმში გაუჭირდა. ზაგრებელებს, განსაკუთრებით სწრაფი ქართველების დაჭერა და განეიტრალება უჭირდათ. მართლაც პირველ ტამში განსაკუთრებით, აქტიურები იყვნენ ნიკა მალი და გიორგი კოხრეიძე. თუმცა, ამ აქტიურობას გოლი არ მოჰყოლია. ხორვატებს, კარგად ჰყავდათ ჩაკეტილი ოგნიენ როლოვიჩი. თუმცა, შეხვედრის პირველი ტაიმის მანძილზე, ჩვენმა გუნდმა მაინც მოახერხა სათამაშო და ბურთის ფლობის უპირატესობისთვის მიეღწია, 58% - 42%-ის წინააღმდეგ. შეხვედრის ამ ნაწილში, ზაგრებელებმა, რაშიც გვაჯობეს - მეტი კუთხური იყო.


რადიკალურად შეიცვალათქო სურათი მეორე ტაიმში, ვერ ვიტყვით - უსამართლობა იქნება. თუმცა, სტუმრებმა, მეტი პრესინგის ხარჯზე, საბურთალოელების შევიწროება მოახერხეს და თბილისელების საჯარიმოში სიტუაცია გაამწვავეს. შედეგად, თბილისელთა დაცვის ხაზის შეცდომები ერთი, მეორეს მოყვა და 11 წუთიან შუალედში, ზაგრების „დინამო" 2 გოლით დაწინაურდა.


აღსანიშნავია, რომ დღევანდელ შეხვედრაში, ჩეხმა არბიტრმა 8 ყვითელი ბარათი აჩვენა. აქედან, 5 საქართველოს ჩემპიონზე მოდის. ამ ხუთიდან ერთი კი, გიორგი კოხრეიძეს ერგო, რომლისთვისაც ეს, მესამე თამაშში მესამეა და შესაბამისად, მომდევნო შეხვედრის გამოტოვება უწევს.


მატჩის შემდგომ, საბურთალოელთა მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა აღნიშნა, რომ მისი გუნდი, ამ ანგარიშით წაგებას არ იმსახურებდა. თუმცა, თუ კარის ჩარჩოში დარტყმამდე საქმე არ მიგყავს (ასეთი მხოლოდ 4 მცდელობა დაფიქსირდა დღეს), ფეხბურთის კანონია, რომ მაშინ ანალოგიური 4 მცდელობიდან, 1 მაინც გავა შენს კარში.


მიუხედავად მარცხისა, „საბურთალოსა" და ზაგრების „დინამოს" პირველი შეხვედრა 0-2 დასრულდა სტუმრების სასარგებლოდ, საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, „შერიფთან" თბილისში, გამართული შეხვედრის შემდეგ, ცუდი შთაბეჭდილება არ დატოვა. ასე, რომ 1 კვირაში, გია ჭიაბრიშვილის გუნდს, კიდევ შეუძლია წაბრძოლება. შეცდომების გამოსასწორებლად, „საბურთალოს" ცოტა, მაგრამ დრო მაინც აქვს.

 

„საბურთალო": ომარ მიგინეიშვილი, ნიკა მალი, გაგი მარგველაშვილი, ვაგნერ გონსალვესი, გიორგი კოხრეიძე, ლუკა ლაკვეხელიანი, გიორგი დიასამიძე (82'), გიორგი რეხვიაშვილი, ელვინ ტერა (57'),  სანდრო ალთუნაშვილი (70'), ოგნიენ როლოვიჩი

შეცვლა: 57' ლევან კაკუბავა,  70'გიორგი გაბედავა,  82' დაჩი ცნობილაძე

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

გაფრთხილება: 26' ლუკა ლაკვეხელიანი, 42' გიორგი კოხრეიძე, 39' ვაგნერ გონსალვესი, 76' გაგი მარგველაშვილი, 77 ოგნიენ როლოვიჩი, 92'+2 გიორგი გაბედავა


სკ "საბურთალოს" ფოტო