პრინციპული გამარჯვება გაბალაში
პრინციპული გამარჯვება გაბალაში
25.07.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

უკვე მეორედ, აზერბაიჯანულ გაბალაში ჩასვლა „დინამო თბილისს" „ძვირად" უჯდება. მიუხედავად იმისა, რომ დინამოელებმა გასვლაზე, 36-38 გრადუს, ჩახუთულ სიცხეში სასურველი ანგარიშით, 0-2 მოიგეს და საპასუხო მატჩის წინ, ე.წ. „ფორაც" დაიგულეს, ერთ თამაში მიღებული 5 ყვითელი ბარათი, თბილისელთა სამწვრთნელო შტაბს, დამატებითი დილემის წინაშე აყენებს. ამ მომენტისთვის „დინამო თბილისს" 3 თამაშში 7 ყვითელი ბარათი აქვს მიღებული. აქედან,  2  იმ ფეხბურთელს, ლევან კუტალიას, რომელმაც 2 თამაშში გოლები გაიტანა. „გაბალასთან" მატჩი, კი რამდენიმე შესაძლებლობიდან მხოლოდ 1 გამოიყენა.




„დინამო თბილისი", იმ გუნდების კატეგორიას არ განეკუთვნება, რომლებიც ყველა შეხვედრის შემდეგ, მსაჯების შეცდომებზე აპელირებს. თუმცა, „გაბალასთან", ამ კონკრეტულ მატჩში 5 ყვითელი ბარათი, ალბათ, არაპროპორციული სასჯელია ქართული გუნდისთვის. ჩვენი სუბიექტური აზრით, მომენტებში საკმაოდ უხეში თამაშის ფონზე, შეხვედრამ მაინც ზედმეტი ექსცესების გარეშე ჩაიარა და  28 წლის შოტლანდიელი არბიტრი, ნიკოლას უელში, მეორე ტაიმში უფრო, ტრიბუნების ემოციის გავლენის ქვეშ მოექცა და თავი დაიზღვია, ვიდრე  ამას, კონკრეტული სიტუაცია მოითხოვდა. საერთო ჯამში, შოტლანდიელმა არბიტრმა, 10 ყვითელი ბარათი უჩვენა ორივე გუნდის წარმომადგენლებს.  


„გაბალა შეჰირ სთადიუმზე" არც იმდენი გულშემატკივარი მოვიდა, რამდენი გაყიდული ბილეთის შესახებაც ადგილობრივები აანონსებდნენ. ყოველ შემთხვევაში, 3000-მდე ადგილობრივი ქომაგი მაინც იყო „გაბალა"-„დინამო თბილისის" დაპირისპირებაზე მოსული. მატჩი მთლიანობაში საინტერესოდ ჩატარდა და თუ მასპინძელთა რამდენიმე სახიფათო შეტევას არ ჩავთვლით, დინამოელთა უპირატესობით წარიმართა.


მატჩის სრული სტატისტიკა




ალბათ, თბილისელთა მხრიდან ანგარიშის გახსნა ლევან კუტალიას შეეძლო. ახლო მანძილიდან ფეხბურთელის თავური დარტყმა, „გაბალას" მეკარემ მოიგერია. სხვათა შორის მოვლენებს წინ გავასწრებთ და გეტყვით, რომ ნაზიროვმა ამ თამაშში საკუთარი კარი, 100%-იანი გოლისგან მინიმუმ 3-ჯერ გადაარჩინა. მეორე ტაიმში ერთხელ, მეტოქის ძელიც ჩაერთო საქმეში. პირველ ტაიმში ფლანგებიდან კარგად აქტიურობდნენ ლევან შენგელია და ნოდარ ქავთარაძე. მთელი თამაშის მანძილზე, დინამოელები არ ერიდებოდნენ შორი მანძილიდან დარტყმებსაც, თუმცა მათ სიმძლავრე აკლდებოდა.  


„ამ შეხვედრაში, საუკეთესო ფეხბურთელს ვერ გამოვარჩევ. მთელმა გუნდმა 95 წუთის მანძილზე კონცენტრაციით ითამაშა. ყველა ფეხბურთელი ბოლომდე დაიხარჯა, ამიტომ ინდივიდუალურად ვერ გამოვყოფ ვერავის. აღვნიშნავ, რომ ჩვენი გუნდის სიძლიერე, გუნდურ თამაშში მდგომარეობს. დღევანდელ შეხვედრაში და არა მხოლოდ, ჩვენი მიზანია კარის მშრალად შენახვა. ჩვენ ეს ამ შეხვედრაშიც მოვახერხეთ. კარგი თამაში იყო და მინდა ვთქვა, რომ შედეგით კმაყოფილი ვართ. თუმცა, ეს საკმარისი არაა, რადგან თბილისში, არანაკლებ მძიმე ბრძოლა გვექნება, თუნდაც დღევანდელი შეხვედრიდან კარგად გამოჩნდა, რომ „გაბალა" კარგი გუნდია და ჯერჯერობით დამთავრებულ არაფერი არ არის", - ამბობს ფელის ვისენტე, „დინამო თბილისის" მწვრთნელი.




კარი, უეფა-ს ევროპა ლიგის 3 შეხვედრაში მშრალად არის შენახული, ამის დამსახურება თბილისელთა ესპანელი მეკარის დამსახურებაცაა. „მეორე ტაიმში, როდესაც ჩემთან ექიმები გამოვიდნენ საბედნიეროდ არაფერი სერიოზული, არ აღმოჩნდა. ცოტა ტკივილს ახლაც ვგრძნობ. ჩვენი გუნდის ექიმმა შემამოწმა და ვიმედოვნებ, ხვალ უკვე მოვახერხებ ვარჯიშს. "გაბალა" კარგი გუნდია და ვიცოდით, რომ რთული თამაში გვექნებოდა. ბევრი მომენტი შევქმენით, მეტის გატანაც შეგვეძლო. საშინაო შეხვედრის მოგებაც გვინდა. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ეს არ იქნება მარტივი თამაში.  კარის მშრალად შენახვა, მხოლოდ მე არ მიხარია და ეს, გუნდური მუშაობის შედეგია. დაცვაში ბიჭებმა კარგად იმუშავეს და ამით ყველა ბედნიერია

", -  ამბობს ხოსე პერალესი, რომელიც შემდეგ, ქართულად ამატებს: „არ არის პრობლემა."





მასპინძელთა შეტევებს ბაუკი ამწვავებდა. ერთ მომენტში, მისი ძლიერი თავური  მონხილმა მოიგერია. გაბალელთა შორის აქტიურობდნენ ყოფილი დინამოელი დავით ვოლკოვი და ყოფილი ტორპედოელი მერაბ გიგაური. სხვათა შორის, ორივე ფეხბურთელმა ყვითელი ბარათი მიიღო უხეში თამაშისთვის.  




აღსანიშნავია, რომ „დინამო თბილისი" მთელი თამაშის მანძილზე მეტოქეს, როგორც ბურთის ფლობის, ასევე ტერიტორიული უპირატესობითაც ჯაბნიდა. „გაბალა" იძულებული იყო, მთელი „ავტობუსი" ჩაეყენებინა დაცვაში. თუმცა, გუნდური დაცვის მიუხედავად, პირველი ტაიმის მიწურულს, ლევან კუტალიამ მასპინძლებს „გოლი გასახდელში გაატანა".  41-ე წუთზე „დინამო თბილისი" ანგარიშში დაწინაურდა, 0-1.

 



„პირველ ტაიმში რამდენჯერმე შეგვეძლო გოლის გატანა. მთელი თამაში ვაკონტროლებდით თამაშსაც და ბურთსაც. ვცდილობდით ასევე მაღალი ხარისხის შენარჩუნებას თუმცა აღსანიშნავია და ლოგიკურიც, რომ მეტოქე გუნდიც სათამაშოდ იყო გამოსული და ჩვენი გუნდის შეცდომებიც აქედან გამომდინარეობდა. მთელი გუნდი ცდილობა მაღალი ხარისხის შენარჩუნებას", - ამბობს ფელის ვისენტე.




პირველის მსგავსი სცენარით წარიმართა მეორე ტაიმიც. თუმცა, ერთ მომენტში, დაახლოებით 10-15 წუთიანი მონაკვეთი, მასპინძლები ქართულ გუნდს „მოაწვნენ". მაგალითად, დავით ვოლკოვის დარტყმის შემდეგ, „გაბალას" შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, თუმცა ხოსე პერალესმა ითამაშა შესანიშნავად. იყო წვრილმანი შეცდომებიც დინამოელთა მხრიდან, თუმცა ძირითადად მინდვრის ცენტრში და კიდევ, მსაჯის მიერ ნაჩვენები ყვითელი ბარათები, რომლებიც ბუნებრივია, საერთო ფონის გარდა, დამატებით დაძაბულობას ქმნიდა.




მატჩის ამ მონაკვეთში, განსაკუთრებით, ნიკა ნინუას და ლევან შენგელიას შორეულ დარტყმებს გამოვარჩევდით. კუტალიას კი, დუბლის გაკეთება შეეძლო, თუმცა, მისი ტექნიკური დარტყმა ძელმა მოიგერია. როგორც მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ფელის ვისენტემ აღნიშნა, „დინამო თბილისის" ახალწვეულს კვამე კარიკარის „გაბალასთან" გასვლით მატჩზე მიეცა, რამდენიმე წუთით მოედანზე გამოსვლის შესაძლებლობა. ფეხბურთელმა „დინამო თბილისში" დებიუტი გოლის „ასისიტით" აღნიშნა. მოედანზე გამოსვლიდან, რამდენიმე წუთში, არფან დაფემ ულამაზესი და უზუსტესი დარტყმით „დინამო თბილისი" 0-2 დააწინაურა.




„ყველა კონკრეტული თამაშისთვის, კონკრეტული გეგმა გავქვს. ეს არის ევრო თასები და გვინდა, რომ ჩვენი მაქსიმუმი ვაჩვენოთ და ჩვენი გუნდი საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ. „დინამოს" მთავარი მიზანი შემდეგ რაუნდში გასვლაა და დღევანდელი ანგარიში, ჯერჯერობით ამის გარანტიას არ იძლევა. ასე, რომ თბილისურ შეხვედრაშიც მაქსიმალურად დავიხარჯებით. „გაბალა" საკმაოდ კომპაქტური, საკმაოდ აგრესიული გუნდია, ჰყავთ კარგი ინდივიდუალისტები, ასე, რომ ბრძოლა თბილისშიც მოგვიწევს", - ამბობს ფელის ვისენტე.




„გაბალასთან" გასვლით მატჩში, იყო შეცდომები, რომლებსაც უფრო მაღალი დონის გუნდი არ გვაპატიებს. ბუნებრივია ამის გამოსასწორებლად „დინამო თბილისის" სამწვრთნელო შტაბს დრო, თამაშიდან თამაშამდე აქვს. ის, რომ თუ არ ჩავთვლით სათასო შეხვედრას „დინამო თბილიმა" ბოლო 10 შეხვედრა მოიგო, დედაქალაქური გუნდის სამწვრთნელო შტაბს, მოდუნების საშუალებას არ აძლევს. წარმატების მიზეზად კი, „დინამო თბილისის" ხელმძღვანელობა, გუნდურობას ასახელებს.

 

„დღევანდელი „დინამო თბილისი" არის ერთ გუნდად შეკრული და ამაში, მხოლოდ ფეხბურთელები არ იგულისხმებიან. არამედ, მთელი სტაფი, რომელიც დღეს „დინამო თბილისში" მუშაობს. როდესაც ასეთ გუნდში ყველა თავის საქმეს აკეთებს, ეს აუცილებლად იძლევა შედეგს", - ამბობს ვისენტე.




საპასუხო მატჩი კი დინამო არენაზე 1 აგვისტოს 21:00 საათზე დაიწყება.


დინამო თბილისი: ხოსე პერალესი,  ნოდარ იაშვილი, ვიქტორ მონხილი, დავით კობოური, გიორგი ქიმაძე, გიორგი პაპავა, გიორგი კუხიანიძე (65'), ნიკა ნინუა, ლევან შენგელია (86'), ლევან კუტალია, ნოდარ ქავთარაძე (74')

შეცვლა:  65' ბაქარ ქარდავა, 86' კვამე კარიკარი  74' არფან დაფე

მწვრთნელი: ფელის ვისენტე

გოლები: 41' ლევან კუტალია, 87' არფან დაფე

გაფრთხილება: 45' ნოდარ ქავთარაძე, 60' ლევან შენგელია, 61' ლევან კუტალია (სიმულაციისთვის), 66' გიორგი პაპავა, 74' ბაქარ ქარდავა,  

გაფრთხილებები გაბალა: 5' ფერეირო, 6' ბაკე, 39' გიგაური, 45' რამალდანოვი, 58' ვოლკოვი  ქავთარაძე

 

თამარ ჯიშკარიანის ფოტოები