
საქართველოს ქალთა ლიგის გათამაშებაში 8 სექტემბრამდე შესვენება გამოცხადდა. მიუხედავად ამისა, ერთი თვის მანძილზე, ქართველი ქალი ფეხბურთელები დატვირთული გრაფიკით იცხოვრებენ. ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „ნიკე" უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ჯგუფში იასპარეზებს. მოგვიანებით კი, ქვეყნის ეროვნული ნაკრები შეიკრიბება და ევრო 2021-ის ჯგუფური ეტაპის პირველი თამაშებისთვის მოემზადება.
თუმცა, მანამდე, 25 და 26 ივლისს, ქალთა ლიგის გათამაშების მე-15 ტურის 5 შეხვედრა და ერთიც, მე-12 ტურის გამოტოვებული მატჩი ჩატარდა. შესაბამისად, ხაშურის „ივერიას" ფეხბურთელმა ირმა ლომიძემ 2 დღეში 10 გოლის გატანა მოახერხა. ირმამ, 2 გოლი მე-12 ტურის შეხვედრაში, „ზარზმას" კარში გაიტანა და როგორც ჩანს, ბურთი იმდენად კარგად მოირგო ფეხზე, რომ მეორე დღეს, ჩხოროწყუს „სამეგრელოს" კარში 8 გოლის გატანა არ გასჭირვებია. ხაშურელმა ფეხბურთელმა, გოლები მე-8, მე-15, 36-ე, 50-ე, 53-ე, 62-ე, 79-ე და 82-ე წუთებზე გაიტანა. ხაშურის „ივერიამ", რომელიც ამ ტურამდე სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზე იყო და მე-15 ტურის შემდეგაც 4 ქულით ჩამორჩება „სამეგრელოს", გასვლითი შეხვედრა ჩხოროწყუში დიდი ანგარიშით, 0-11 მოუგო.
საქართველოს ქალთა ლიგის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, ქვეყნის ჩემპიონატს კვლავ თბილისის „ნიკე" ლიდერობს. ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა ამჯერად ქუთაისში, ქალთა გათამაშების ორგზის ჩემპიონი „მართვე" 1-4 დაამარცხა. თბილისელებს ახლა 15 ტურის შემდეგ, ქულების მაქსიმუმი 45 ქულა აქვთ და კლუბის საჩემპიონო საკითხიც სავარაუდოდ, ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, „ლანჩხუთთან" დაპირისპირებაში გადაწყდება.
თავის მხრივ, მორიგი 3 ქულა ჩაიწერა, სატურნირო ცხრილის მეორე ადგილოსანმა „ლანჩხუთმაც", რომელმაც ამჯერად, გასვლაზე, ანგისას ბაზაზე „დინამო ბათუმი" დაამარცხა 0-6. სხვათა შორის, ასეთივე ანგარიშით დასრულდა ამ გუნდების პირველი წრის შეხვედრა.
საკუთარ მოედანზე, ხობში, დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური ანგარიშით 1-2 დამარცხდა „კოლხეთი", „გორი იუნაიტედთან".
თბილისში, კი, „ნორჩმა დინამომ", ქალთა ლიგის დებიუტანტ „ზარმას" 4-0 სძლია.
15 ტურის შემდეგ ბომბარდირთა დავაში კვლავ 29 გატანილი გოლით „ნიკეს" მოთამაშე-მწვრთნელი ნინო პასიკაშვილი ლიდერობს. მას ერთი გოლით ჩამორჩება „ლანჩხუთის" ფეხბურთელს თამრიკო სალუქვაძეს, რომელმაც ამ ტურში 2 გოლი გაიტანა.
***
მე-15 ტურის მატჩამდე, „ზარზმამ" და „ივერიამ" მე-12 ტურის გამოტოვებული მატჩი ითამაშეს. შეხვედრა ფრედ, 2-2 დასრულდა. ამ მატჩის შემდეგ, „ზარზმამ", მიმდინარე გათამაშებაში მეორე ქულა აიღო.





ჩვენ








